ქართველების ოთხი გუნდი ევროთასებითვის იბრძვის

ევროპის ჩემპიონთა თასზე ქართველი მორაგბეების მხოლოდ ერთი გუნდი განაგრძობს ასპარეზობას. გურამ გოგიჩაშვილის პარიზულმა რასინგმა"გათამაშების მეოთხედფინალში სტუმრად ითამაშა კლერმონთან და 36:27 მოიგო. გოგიჩაშვილს ამ მატჩში არ უთამაშია.

 

ჩელენჯ კაპის გათამაშების ნახევარფინალში კი, ქართველი მორაგბეების სამმა გუნდმა გააღწია. ბექა გიგაშვილის ტულონმა უელსურ ჰლანეჰლის უმასპინძლა და 11:6 მოუგო. გიგაშვილი 63-ე წუთზე შეცვალეს.

 

ტულონის მეტოქე ნახევარფინალში შალვა მამუკაშვილის ინგლისური ლესტერ ტაიგერზი იქნება, რომელსაც ფრანგულ კასტრთან მოგება ჩაეთვალა. კასტრელებმა პანდემიის გამო ინგლისში ჩასვლა ვერ შეძლეს.

 

ბექა გორგაძის, ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის ბორდომ კი, ასევე შინ დაამარცხა შოტლანდიური ედინბურგი -  23:14. ყაულაშვილი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო. ნახევარფინალში ბორდო სტუმრად დაუპირისპირდება ინგლისურ ბრისტოლს.

გიგო გოგოლაძე 20 სექტემბერი 2020 -17:02