ნიჭიერი კაცი

 

 

 

 

 

 

 

ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერიაო - ნათქვამია და ამას ლივერპულის ლეგენდარული კაპიტანი, სტივენ ჯერარდიც ამტკიცებს. დიდებული საფეხბურთო კარიერის შემდეგ, სამწვრთნელო ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგამს და სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მუშაობის ერთობ საინტერესო მეთოდი აქვს და წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ჯერარდი გლაზგო რეინჯერსს მესამე სეზონია წვრთნის. დროის ამ მონაკვეთში მან შეძლო და თავისი კრებული სელტიკის რეალური კონკურენტი გახადა. მართალია, ჩემპიონობას ჯერ ვერ შესწვდა, მაგრამ შოტლანდიის დაბალ დივიზიონებში ნაწვალები გუნდი პრემიერლიგისას დაამსგავსა.

თავის პირველივე სეზონში სტივი ჯიმ რეინჯერსი მეორე ადგილზე გაიყვანა. პირველად 2010-11 წლების სეზონის შემდეგ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოახვედრა. ასევე, 2012 წლის შემდეგ, პირველად დაამარცხა მოსისხლე მტერი - სელტიკი (1:0).

 

Rangers boss Steven Gerrard reveals manager mentors who helped him  mastermind clean-sheets run

 

მიმდინარე სეზონში რეინჯერსი ისევ კელტების მთავარი კონკურენტია საჩემპიონო რბოლაში, თანაც ახლახან ადგილობრივი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 114 წელიწადს ვერავის დაემხო.

მე-7 ტურში რეიჯერებმა დანდი იუნაიტედს 4:0 მოუგეს. ეს მეექვსე გამარჯვება გახლდათ ჩემპიონატში და 7 ტური ისე მიილია, რომ ჯერარდის შეგირდებს საკუთარ კარში გოლი არ გაუშვიათ. თავად კი 15 გაიტანეს. ასე რომ, მათ 114 წლის წინანდელი რეკორდი გააუმჯობესეს. 1906 წელს სელტიკმა მოახერხა და პირველ ექვს ტურში გოლი არ გაუშვია.

ახლა რეინჯერსი 20 ქულით  გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა, სელტიკი მას ერთი პუნქტით ჩამორჩება, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

შედარებისთვის, გასული სეზონის ექვს ტურში ჩაფრებმა საკუთარი კარი მშრალად მხოლოდ ორჯერ შეინახეს - ლივინგსტონისა და როს ქაუნთის წინააღმდეგ. ახლა გუნდის დაცვა სულ სხვაგვარად გამოიყურება და ეს მიუხედვად იმისა, რომ ბევრი მოთამაშე ტრავმირებულია.

სეზონის წინ, ერთ-ერთ ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო დაცვის ლიდერმა, ნიკოლა კატიჩმა.

 

Gerrard's Rangers win at Celtic Park to close the gap in thrilling title  race | Shropshire Star

 

აგვისტოს ბოლოს რეინჯერსმა თავისუფალი აგენტის სტატუსით 32 წლის ლეონ ბოლოგუნი გაიფორმა რომელმაც გასული სეზონი უიგანში გაატარა. ნიგერიელი ჩინებული ახალწვეული ჩანდა, მაგრამ მესამე ტურში სენტ ჯონსტონის წინააღმდეგ მუხლი დაიზიანა და სტივის ისევ მის შემცვლელზე ზრუნვა მოუწია.

უკვე მომდევნო ტურში, ლივინგსტონთან, დაცვაში კონორ გოლდსონს შვედი ფილიპ ჰელანდერი შეუწყვილდა, რომელიც იტალიური ბოლონიიდან იყიდეს შარშან ზაფხულს.

ყველაზე დიდი ცვლილება კი მეკარის პოზიციაზე მოხდა. რეინჯერების უცვლელმა კარის დარაჯმა, ალან მაკგრეგორმა, პირველივე ტურში უმძიმესი ტრავმა მიიღო, თუმცა ის ჩინებულად შეცვალა ჯონ მაკლაფინმა, რომელიც ამ ზაფხულს გადაბარგდა გლაზგოში სანდერლენდიდან და პირველ ექვს შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

დანდი იუნაიტედთან მოგების შემდეგ, ჯერარდი ამბობდა: „ვერ წარმოვიდგენდი თუ ჯონი ასეთი კარგი იქნებოდა. ალანის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მას ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდა და ეს მახარებს. ვნახოთ, რა იქნება ჩვენი მთავარი მეკარის გამოჯანმრთელების შემდეგ. შესაძლოა, პირველი ნომერი სწორედ ახალწვეული გახდეს.“

 

Steven Gerrard breaks Rangers silence on Alfredo Morelos 'translate-gate'  as he makes Ibrox pitch admission - Daily Record

 

ბოლო ტურში რეინჯერსი ჰიბერნიანს სტუმრად დაუზავდა (2:2), თუმცა სტივიმ ისევ შეაქო თავისიანები. მიხარია, რომ ორი გოლი გავიტანეთ, პოზიტიური სტარტი გრძელდება და ვფიქრობ, წლეულს განსაკუთრებული სეზონი გვექნებაო.

პოზიტივის კაცია და გუნდიც ასეთი ჰყავს.

ეს მხოლოდ დასაწყისია...