ნიკოსი

საბჭოთა კავშირის ნგრევა იმ, ერთი ფინალით დაიწყო.

1987, 14 ივნისი, ევროპის ჩემპიონატის ფინალი, საბჭოთა კავშირის წითელი მანქანა და საბერძნეთი.

მანქანამ აუშვა შარუნას მარჩულიონისი, ალექსანდრ ვოლკოვი, ვალდის ვალტერსი, სერგეი ტარაკანოვი, ვალდემარას ხომიჩუსი, ვალერი ტიხონენკო. ოცნების გუნდი, რომელსაც აკლდა არვიდას საბონისი (ტრავმა), მაგრამ ეს ხერხი მაინც ჩემპიონობის ფავორიტად ითვლებოდა. ტურნირის დაწყებამდე. ტურნირის დროს. ფინალის დაწყებამდე. ფინალის დროს.

და, საბერძენთში იყო საბერძნეთი. და, საბერძნეთში იდგა ის, ღმერთი.

ნიკოს გალისი.

ფინალამდე ბერძნების უკანახაზელმა 44 ქულა გლიჯა რუმინეთს, 44 იუგოსლავიას (84:79 ბერძნების სასარგებლოდ), 35 ესპანეთს, 31 საბჭოთა კავშირს (69:66 წითელი მანქანა იგებს), 34 საფრანგეთს, 38 იტალიას. ნახევარფინალში, ბერძნები კიდევ ერთხელ შეასკდნენ იუგოსლავიას. და, იმ იუგებს ჰყავდათ დრაჟენ პეტროვიჩი, ჟარკო პასპალი, ტონი კუკოჩი, სტოიან ვრანკოვიჩი, ალექსანდრ ჯორჯევიჩი, ვლადე დივაცი და დინო რაჯა. NBA-ს მომავალი სტუდენტების უმრავლესობა ჯერ ბავშვები იყვნენ, მაგრამ უკვე ბრექობდნენ, უკვე იგებდნენ.

და, საბერძნეთმა ის ნახევარფინალი 81:77 დაიტოვა. პეტროვიჩმა 22 ქულა აკრიფა. გალისმა - 30. გალისმა მეორე ტაიმში დამარხა იუგოსლავია.

და, ფინალი. მოქმედ ჩემპიონთან. ცივ, უემოციო და ხანდახან, ზედმეტად ემოციურ საბჭოთა კავშირთან. ის ნაკრები მხოლოდ ჩემპიონობისთვის იყო შეკრული. თუნდაც, საბონისის გარეშე.

გალისი იყო ლეონიდე. საბერძნეთი ამ გენიოსის კარიერული წარმოდგენის გარეშე ვერ მოიგებდა. და, გალისმა თქვა - დღეს ჩვენ ამ ომს არ წავაგებთ!

საბერძნეთმა იომა, ძირითადის დასრულებამდე ცოტა დროით ადრე დაქაჩა და გაძლო. დამატებით დროში, 103:101. ნიკოსმა 40 ქულა გადაარტყა წითელ მანქანას. და, გალისმა ტურნირი საშუალოდ 37.8 (!) ქულით დახურა.

17 000 ქულშემატკივარი პატარა მებრძოლის გმირობას ადევნებდა თვალს და საბერძნეთი ამაყი იყო. გალისს დაუხარეს თავი ღმერთებმაც და ნიკოსმა ისტორიული ფინალი, ისტორიული ჩემპიონატი გვაჩუქა. ფინალი, რომელიც სამუდამოდ შევიდა ისტორიაში. როგორც კალათბურთის ლეონიდეს პირადი შურისძიება. მთელ დანარჩენ სამყაროზე.

გალისი დაიბადა ამერიკაში. ნიკოსის მამა იყო მოკრივე და 15 წლამდე შვილიც კრივზე დაყჰავდა. გალისი NBA-შიც უნდა ანთებულიყო. მაგრამ ნიკოსის აგენტებმა აქცენტი დაიანა როსის ახალ ალბომზე გააკეთეს, გალისი დრაფტის მეოთხე წრემდე დაეშვა და ამერიკა დაიხურა. ნიკოსი არისში წავიდა. არა - პანათინაიკოსში. არა - ოლიმპიაკოსში.

არისში, რომლის პრეზიდენტი მენელაოს ჰაგიგეორგიუ ჩავიდა ამერიკაში და ნიკოსის მშობლებთან საინტერესო საუბრის შემდეგ, მიიღო მომავალი ლეგენდა. ნიკოსი საბერძნეთში წავიდა.

და, ეს უკვე სხვა ისტორიაა.

მანამდე, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ პატარა მეომარი, რომელმაც ერთ ტურნირზე დამარხა საბჭოთა კავშირი, ორჯერ - იუგოსლავია და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ნიკოსი.

ლეგენდა.