მთელი სამყარო ტონის ეკუთვნოდა

ტონი კუკოჩს მეჯიქ ჯონსონს ადარებდნენ.

აზრზე ხართ, ახალგაზრდა ხორვატი რა დონეზე იყო გასული? გამხდარი, სწრაფი, ბასრი, მიმწოლი - ეს იყო კუკოჩი, რომელმაც 1985 წელს სპლიტში დაიწყო კარიერა.

მიმტანი. ეს გახდა ტონის მეტსახელი. და, კუკოჩს თითქმის ყოველთვის დროულად მიჰქონდა შეკვეთა. ყველა კმაყოფილი იყო. როგორც დახვეწილი მიმტანი, ტონი არ ერიდებოდა კომუნიკაციას კლიენტებთან და აუდიტორიაც კმაყოფილი იყო.

ნიჭიერმა და უკვე მაგარმა თავხედმა ბავშვმა იუგოსლავიასთან ერთად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი (1990, არგენტინა). ნახევარფინალში იუგებმა ამერიკას აარტყეს (99:91) და კუკოჩი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ტონიმ დაგლიჯა.

და, იმ ნაკრებში იდგნენ დრაჟენი და ვლადე. ის ნაკრები იწყებდა ახალ წრეს.

ტონის ელოდებოდნენ ამერიკაში და კუკოჩი არ ჩქარობდა. ტონი 1990 წლის დრაფტზე ჩიკაგომ აირჩია და კუკოჩი ამერიკაში 1993 წლამდე არ ჩადის. 25 წლის ასაკში. ტონი ჩიკაგოს ეკუთვნოდა. როგორც დონი ბრასკოში - დღეიდან შენ მე მეკუთვნი, ეუბნება მედსენის გმირი დეპის დამჯერ პერსონაჟს.

კუკოჩი არ დაინდეს მაიკლმა და სკოტიმ. და, ეს უნდა მომხდარიყო. როდესაც ოცნების გუნდი ბარსელონაში, ოლიმპიადაზე ხორვატიას შეხვდა. და, კუკოჩი დაღეჭეს.

მაიკლი სკოტის - მოდი, ნიჭიერ ბიჭს პირველ ტაიმში მე მივხედავ და მეორეში - შენ. მოსულა? აბა რა, მოსულა. ბიჭმა ჭკუა უნდა ისწავლოს. და, ჯორდანმა კუკოჩს ატკინა. ჭრილობა პიპენმა გახსნა, ნაკერები ამოიღო, კუკოჩი კვდებოდა.

ამერიკამ 117:85 დასვა და კუკოჩი იყო უემოციო, დამტვრეული. მაიკლმა მრავალფეროვნებისთვის 22 ქულაც გლიჯა.

და, ტონი ჩიკაგოში მიდის. ბულზის ბოსის, ჯერი კრაუზის საყვარელი სათამაშო. ტონი რეალურად ძალიან კარგი იყო. და, მომენტებში - საოცარი, გენიალური. ჩიკაგომ 25 წლის მარგალიტი დაირტყა.

ტონი ჩიკაგოსთან ერთად სამჯერ გახდა ჩემპიონი. ტონი იმ გუნდის უცვლელი სოლისტი იყო. ჯერ მაიკლი უკრავდა. შემდეგ, სცენაზე სკოტის ჯაზი გადიოდა. და, როდესაც დენის როდმანის გრანჯის ხმაური მთავრდებოდა, სცენაზე ტონი იდგა. კუკოჩის კალათურთი მარკ ნოპფლერის რბილი, განუმეორებელი, ელეგანტური როკი იყო. თითქოს, ტონიც გვიყვებოდა ომში გახიზნული მეგობრების ისტორიას (Brothers in Arms). თითქოს, ეს მისი ისტორიაც იყო.

კუკოჩმა ჩიკაგოს 7 დასამახსოვრებელი სეზონი მისცა. კიდევ შვიდი წელიწადი კუკოჩმა სხვაგან იყომარა. და, კარიერა 2005/2006-ში დახურა. ერთხელ, კუკოჩი სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშე გახდა.

კუკოჩმა გაუხსნა გზა ბევრ ნიჭიერ არაამერიკელს.

90-იანებში ამერიკა გაიცნეს დეტლეფ შრემფმა და რიკ სმითსმა. შემდეგ - პეჟა სტოიაკოვიჩმა, პო გასოლმა, მანუ ჯინობილიმ, ტონი პარკერმა და დირკ ნოვიცკიმ.

დღეს, ლიგის მოქმედი MVP არის ბერძენი.

და, ეს გზა ტონიმ დაიწყო.

იმ დროს მთელი სამყარო კუკოჩს ეკუთვნოდა.