თეთრი ფრთები

8 ოქტომბერს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი მატჩი გაიმართება. ერთა ლიგის ნახევარფინალში, თბილისში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსისას უმასპიძლებს.

გამარჯვების შემთხვევაში, ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩება დიდ მიზნამდე - ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე. ასეთი რამ ხომ აუსრულებელ ოცნებად ჩანდა, რამდენი თაობა ვერ „შესწვდა  ძეხვს“. ახლანდელებს კი, უეფას წყალობით, რეალური შანსი გაუჩნდათ.

რას წარმოადგენს დღევანდელი ბელარუსის ნაკრები? ასე ვთქვათ: დაახლოებით ჩვენი დონის გუნდია. ოღონდ, ქართველებისგან განსხვავებით, ფიზიკურად ძლიერი. აი, ოსტატობის კი რა მოგახსენოთ.

მათი 54 წლის მწვრთნელი, მიხაილ მარხელი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან გვახსოვს. ძირითადად მინსკის დინამოდან. დიდი ვერაფერი თავდამსხმელი იყო.

 

inkl - Wijnaldum double sees Netherlands edge past Belarus - Reuters

 

მწვრთნელობას ამ საუკუნის დასაწყისიდან მოჰკიდა ხელი. ერთი ხანი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებს ავარჯიშებდა. ტალანტებს ეძებდა. 2019 წლის 20 ივნისს კი ეროვნული გუნდის თავკაცად გაამწესეს. ვერ ვიტყვით, რომ მის დანიშვნას გულშემატკივრები სიხარულით შეხვდნენ, მაგრამ შანსი მისცეს.

როცა ერთ-ერთი მისი წინამორბედი, გიორგი კონდრატიევი პოსტს ტოვებდა, ასეთი რამ თქვა: ერთ კაცში რომ მსოფლიოს ყველა საუკეთესო მწვრთნელის უნარები შეკრიბო, სამ დღეში რას ასწავლის ფეხბურთელებს? ოჰ, ეს ბელარუსი მოთამაშეები, გინდა მოურინიუ დაუნიშნე, გინდა მწყემსი, შედეგი მაინც ერთი იქნებაო...

მარხელს ბევრი არც არაფერი შეუცვლია. მისი ხელმძღვანელობით თეთრმა ფრთებმა 10 მატჩი გამართეს, 4 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

ბელარუსებს, ქვეყნის სტრუქტურიდან გამომდინარე, ბევრი ლეგიონერი არ ჰყავთ. ძირითადად რუსეთში და ყაზახეთში თამაშობენ. ნაკრების საბაზო გუნდი კი ბორისოვის ბატეა.

ევრო 2000-ის C საკვალიფიკაციო ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავეს და მხოლოდ ესტონეთს აჯობეს. ერთა ლიგის 2018-19 წლების გათამაშებაში კი ჩვენსავით D ლიგის მე-2 ჯგუფში გაიმარჯვეს (ლუქსემბურგს, მოლდოვასა და სან მარინოს აჯობეს) C-ში აღზევდნენ და ნახევარფინალში ქართველებს ხვდებიან.

 

Belarus names squad for October UEFA EURO 2020 qualifying fixtures

 

ამასობაში ერთა ლიგის ახლი გათამაშებაც დაიწყო. ბელორუსები C ლიგის მეოთხე ჯგუფში არიან.

პირველი მატჩი, 4 სექტემბერს, ალბანელებთან წააგეს შინ (0:2), ძალიან სუსტად ითამაშეს და საფეხბურთო საზოგადოებამ მარხელის გადადგომაც მოითხოვა, თუმცა შემდეგ ტურში სტუმრად ყაზახები დაამარცხეს (2:1) და ვნებათაღელვა ცოტა ჩაცხრა.

ალბანელებთან მარხელმა არ გამოიძახა სერგეი კისლიაკი, რომელიც ბელარუსთა ლიდერია და საყრდენი ზონიდან ჩინებულად შეუძლია ბურთის ამოტანა. საუკეთესო კი შეცვლაზე შესული ანდრეი ხაჩატურიანი გახლდათ, რომლის გამოზომილმა პასებმა რამდენჯერმე შექმნა ხიფათი სტუმართა კართან.

მარხელმა მოზომილი კომენტარი გააკეთა: ძნელია მარცხის კონკრეტული მიზეზის დასახელება. უნდა გავარჩიოთ, ბიჭებს დაველაპარაკოთ. სულ სხვა თამაშისთვის განვაწყეთ და სხვა შედეგი მივიღეთო.

ყაზახეთთან განსხვავებული თამაში გამოვიდა. თუმცა გოლები მეორე ტაიმში გავიდა. პირველი ვეტერანმა, მაკსიმ ბორდაჩოვმა შეაგდო. ამ ეპიზოდში ჩინებულად გაირჯა ქვეყნის შარშანდელი საუკეთესო ფეხბურთელი, იგორ სტასევიჩი, რომელმაც ტექნიკურად ჩამოიშორა მცველი, საჯარიმოში შეიჭრა და გამოზომილი პასი მისცა ბორდაჩოვს.

მეორე ვიტალი ლისაკოვიჩის ანგარიშზეა. ეს მოსკოვის ლოკომოტივის შემტევის პირველი გოლი გახლდათ ბელარუსის ნაკრების მაისურით.

კიდევ, ერთ თვეზე მეტია ბელარუსში მოქმედი პრეზიდენტის, ალეკსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს . 12 სექტემბერს 93-მა ადგილობრივმა ფეხბურთელმა მოაწერა განცხადებას ხელი ძალადობის წინააღმდეგ. მალე მათ კიდევ ხუთი კოლეგა შეუერთდა.

 

Belarus Protests Eclipse Rally in Defense of Defiant Leader - The New York  Times

 

ვითარება დაძაბულია და ეს ცხადია, მოთამაშეებზეც მოქმედებს. ამიტომ ბელარუსთა ეროვნულმა გუნდმა თბილისში შეიძლება ძალიან სუსტად ითამაშოს, ან სამშობლოსათვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლოს. მათთვისაც ხომ ეს დიდ საფეხბურთო ფორუმზე მოხვედრის იშვიათი შანსია.

ნაკრების შეკრება 3-დან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ბელარუსის საფეხბურთო ასოციაციის ტექნიკურ ცენტრში. 7 ოქტომბერს თეთრი რუსები თბილისში გამოფრინდებიან.

გაფაროებული შემადგენლობა:

მეკარეები: ალეკსანდრ გუტორი („შახტიორი“ სოლიგორსკი), დენის შჩერბიცკი (ბატე ბორისოვი), ეგორ ხატკევიჩი („ისლოჩი“ მინსკის რაიონი), სერგეი იგნატოვიჩი („დინამო-ბრესტი“)

მცველები: ალეკსანდრ მარტინოვიჩი („კრასნოდარი“ რუსეთი), მაკსიმ ბორდაჩოვი („ტორპედო-ბელაზი“ ჟოდინო), დენის პოლიაკოვი („კაირატი“ ყაზახეთი), ნიკიტა ნაუმოვი („ჟეტისუ“ ყაზახეთი), ალეკსანდრ პოვალეცი, რომან იუზელჩუკი (ორივე - „დინამო-ბრესტი“), ალეკსანდრ საჩივკო („შახტიორი“ სოლიგორსკი), ნიკოლაი ზოლოტოვი („ურალი“ რუსეთი) მაკსიმ შვეცოვი („დინამო-მინსკი“), ალეკსეი ლეგჩილინი („ნემანი“ გროდნო), სერგეი კარპოვიჩი („ისლოჩი“ მინსკის რაიონი)

ნახევარმცველები: სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი (ყველა - ბატე ბორისოვი), ივან მაევსკი, მაკს ებონგი (ორივე - „ასტანა“ ყაზახეთი), პაველ სავიცკი, კირილ პეჩენინი (ორივე - „დინამო-ბრესტი“), ნიკიტა კორზუნი, იური კენდიში, დმიტრი პოდსტრელოვი (ყველა - „შახტიორი“ სოლიგორსკი), იური კოვალიოვი, ვალერი გრომიკო (ორივე - „არსენალი“ რუსეთი), ივან ბახარი, ვლადისლავ კლიმოვიჩი (ორივე - „დინამო-მინსკი“), ანდრეი ხაჩატურიანი („ტორპედო-ბელაზი“ ჟოდინო)

თავდამსხმელები: მაკსიმ სკავიში (ბატე ბორისოვო), ნიკოლაი სიგნევიჩი („ხიმკი“ რუსეთი), დენის ლაპტევი („დინამო-ბრესტი“), ვიტალი ლისაკოვიჩი („ლოკომოტივი“ რუსეთი)

საბოლოო შემადგენლობა 28 სექტემბერს გამოცხადდება.

ზაალ მუჯირი 23 სექტემბერი 2020 -19:19