რას მოიგებდა ნიდერლანდები სურინამი რომ არა? - ვერაფერს

ნიდერლანდების გულშემატკივრობა გურმანების საქმეა. დიდი ტურნირი ერთადერთხელ მოიგეს, 88-ში, ვან ბასტენის გენიალური დარტყმით. ეგ იყო და ეგ, ამ ნაკრების ხიბლი სათამაშო ესთეტიკაშია. გვარები რომ ჩამოვთვალოთ, მსოფლიოში მათი დარი ტალანტი ცოტაა: კრუიფი, ვან ბასტენი, გულიტი, რაიკაარდი, ბერგკამპი, დავიდსი, კლაივერტი... შეამჩნიეთ? - ჩამოთვლილთაგან ოთხი სურინამელია...

 

როგორია სურინამელი ფეხბურთელების ყველა დროის ნაკრები? - ისეთი, დღეს საშუალო დონის ევროპულ ნაკრებებიდან ყევლას რომ ჩაყლაპავს. უმეტესობას სახეზე იცნობთ

 

 

მეკარე: ვერმეერი


ვერმეერს მწვერვალები არ დაუპყრია, მაგრამ მაღალ დონეზე კი ითამაშა - აიაქსი, ფეიენოორდი. ამაზე უკეთესი მეკარე სურინამელებს არ ჰყავთ, თუმცა მასაც არაფერი დაეწუნება. 

 

დაცვის ცენტრი: ვან დეიკი


ვირჯილ ვან დეიკს ფეხბურთის დამწყები გულშემატკივრებიც კარგად იცნობენ. ექსპერტების ნაწილის აზრით, 2019 წელს ოქროს ბურთი სწორედ მას უნდა მოეგო. ოქროს ბურთი ვერა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა კი მოიგო. წელს - პრემიერლიგა

 

დაცვის ცენტრი: რაიკაარდი


1988 წლის ნიდერლანდების ერთერთი ლიდერი, ევროპის ჩემპიონი, მილანთან ერთად ლიგის ორ გზის მფლობელი, WORLD SOCCER-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო ფეხბურთელში შეიყვანა. დიდი ფეხბურთელი და შემდეგ კარგი მწვრთნელი, ვინც ლიგა ბარსელონასთან ერთად მოიგო...

 

მარჯვენა მცველი: ბრაფჰეიდი


ბრაფჰეიდი დიდი მცველი არასდროს ყოფილა, თუმცა ბუნდესლიგაში წლების განმავლობაში გამოდიოდა, ბაიერნში 2 წელიც ირიცხებოდა. სხვა რომ არაფერი, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობა ითამაშა. 

 

მარცხენა მცველი: ანდველე სლორი


ფეიენოორდის რიგებში გახსოვთ? ნიდერლანდების ნაკრებში 2 შეხვედრაც ჩაატარა. ვაღიარებთ, სურინამელებს ფლანგის მცველები არ უვარგათ...

 

ცენტრი: ედგარ დავიდსი


პიტბული სურინამიდან. ძალიან ტექნიკური და აგრესიული ჩამშლელი. მოედანზე მას ყველაფერი შეეძლო, მოტივატორი, გული და სული. აიაქსთან ერთად ლიგაც მოიგო. იუვენტუსის შეუცვლელი ფეხბურთელი..

 

ცენტრი: ვეინალდუმი


მხოლოდ ერთი თამაში რომ ავიღოთ, კმარა: ბარსელონასთან განმეორებითი შეხვედრა, ლივერპულს პირველი თამაში 3:0 წაგებული აქვს. ვეინალდუმი პირველ ტაიმში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მეორეში შემოვიდა და 2 წუთის ინტერვალში ორი ულამაზესი გოლი გაიტანა და ბარსას, ორი მატჩის ჯამში, ანგარიში გაუთანაბრა. 

 

შეტევა: გულიტი 

 

შეგვიძლია გულტზე ყველაზე ცოტა ვისაუბროთ - ოქროს ბურთის მფლობელი. 1988 წლის ნიდერლანდების მთავარი ლიდერი. მილანთან ერთად ლიგის ორ გზის გამარჯვებული. ოქროს ბურთის გამოკითხვაში მეორე ადგილზეც გავიდა.

 

შეტევა: ზეედორფი


ერთერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი. მას დიდი სანაკრებო კარიერა არ ჰქონდა და მიზეზიც შესაძლოა ეს იყოს. კლუბში? ფანტასტიკა. მილანში მოგებულ ჩემპიონთა ლიგებში მისი ლომის წვლილია. ნამდვილი ოსტატი. 

 

შეტევა: კასტელენი


გულწრფელად რომ ვთქვათ, ასეთ შემტევებთან ამის დაყენება გვეუხერხულება. ერთი ადგილი დარჩა და კასტელენი შეგვრჩა. სხვა შემთხვევაში ტაქტიკა უნდა გადაგვეწყოფეიენოორდში ნორმალურად ითამაშა, შემდეგ კი ჰამბურგში ძირითადში ვერ ხვდებოდა...

 

ფორვარდი: კლაივერტი


ძალიან მაგარი, თუმცა ცოტა არასტაბილური ფორვარდი.მას მოედანზე ჯადოქრობების გაკეთება ნამდვილად შეეძლო. ის იმ აიაქსში თამაშობდა, რომელმაც 1994-95 წლებში ლიგა მოიგო. ბარსელონას გულშემატკივრებს ძალიან უყვართ და, საერთოდაც, ფეხბურთი ბევრს შეაყვარა...

 

შეგვეძლო ორი ფორვარდი გვეთამაშებინა და კასტელანის ადგილს ჯიმი ფლოიდ ჰასელბენკი დაიკავებდა. 

 

ასევე, სათადარიგთა სკამზე კარგი ფეხბურთელი - არონ ვინტერი მოხვდა. 

 

გერალდ ვანენბურგი, ჩემპიონთა თასის მფლობელი, წარმოშობით ასევე სურინამელია, თუმცა უტრეხტში დაიბადა... მისი დაყენებაც, ალბათ, შეიძლებოდა...