ტაილერ Hero

ტაილერ ჰიროუ მაიამის ახალი გმირია. სერიაში, სადაც ბოსტონი უფრო სოლიდურად გამოიყურება, მაიამიმ 3:1 წაიყვანა.

ასე შეიძლება? ასე მოსულა? იქ, სადაც პატ რაილის და ერიკ სპოელსტრას მანქანა გადის, ნაკლებით მეტის მიღება შესაძლებელია.

112:109 მაიამის სასარგებლოდ. მეოთხე ჩეხვაში ტაილერ ჰიროუმ 37 ქულა გლიჯა მწვანე გუნდს.

მაიამიში ყველამ ცოტ-ცოტა აკრიფა. ბამ ადებაიო სოლიდური და სამწამიანში დაუნდობელი დამცველი იყო. ჯიმი ბატლერმა სადღაც, ვერ ჩააგდო, მაგრამ უფრო ჩასვა (24 ქულა) და ჯიმი ლიდერია. გორან დრაგიჩმა ევროტურის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი დატოვა. გორანი კლავს. და, არა მხოლოდ ამ სერიაში.

და, მეოთხე ეპიზოდი ჰიროუს 37 ქულამ გადაარჩინა.

ბოსტონმა პირველ ტაიმში მკვდარი ჯეისონ ტეიტუმი აუშვა. მეორე ტაიმში ტეიტუმმა აკრიფა, მაგრამ მაინც წააგო. ტეიტუმმა 28 ქულა დასვა, დაცვაში მაგრად იჩეხებოდა, მაგრამ ერთი ტაიმით მოგება ძალიან რთულია.

მაიამიმ ბოლო წუთებზე ულამაზესი კომბინაცია გაშანსა. სწრაფი პასები ბამისგან ბატლერისგან, ბურთი ანდრე იგუდალასაც შეეხო და ბოლო აკორდი - დრაგიჩისგან! თავი დახარეთ, აქ ტკივილი დადის. ძირითადის დასრულებამდე 96 წამით ადრე მაიამიმ ბოსტონს კიდევ ერთი ხიჭვი დაუტოვა.

და, მაიამი ფინალს უახლოვდება. დიდ ფინალს.

და, ტაილერი. რომელმაც ლიგის ახალი რეკორდი დასვა. ჰიროუმ 36 წუთში 37 ქულა აკრიფა და სათადარიგო-ახალბედასთვის NBA-ს რეკორდი გადაწერა. მანამდე, საუკეთესო შედეგი პოპულარულ ენდრიუ ტოუნის ეკუთვნოდა. ტაილერი გახდა მეოთხე მოთამაშე ფლეი ოფის ისტორიაში, რომელმაც 20 წლის ასაკში 30 და მეტი ქულა დასვა.

ბოლო 72 წუთში ჰიროუმ 59 ქულა წამოიღო. 39/22 ზუსტი სროლა. 20 წლის ბიჭი უტევს, აწვება, ასკდება კედელს და ასწრებს წამოდგომას. ჰიროუმ დაგლიჯა. ძალიან მარტივად - უბრალოდ, დაგლიჯა. მაიამი ბიჭის ენერგიით იკვებება და ეს საოცრად გემრიელი დიეტაა.

ტაილერმა ისწავლა ცუდი სროლით ჩაგდება. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფლეი ოფში ხშირად, რთული, სასროლად ცუდი სიტუაციიდან უნდა შეუტიო და მხოლოდ რჩეულებს შეუძლია მომატება.

ალბათ, ტაილერიც ასეთია.

ტაილერი მაიამის გმირი გახდა. Hero.