დინამიტი

გორან დრაგიჩი მაიამი ჰიტს მაქსიმუმს აძლევს. სლოვენიელი ფლეი ოფში კლავს. და, დრაგიჩი ამაყი სლოვენიელია.

რომელმაც რამდენიმე წლის წინ ქვეყანას ევროპის ჩემპიონატის ოქრო მოაგებინა.

საინტერესო ნაკრები, რომელიც არ ითვლებოდა იმ ტურნირის ფავორიტად. საინტერესო ნაკრები, რომელმაც ეს გააკეთა. და, ნაკრები, რომელმაც ბევრ საინტერესო და უფრო ვარსკვლავურ მოწინააღმდეგეს აარტყა.

2005 წლის შემდეგ სლოვენია სტაბილურად კარგი იყო. და, ნაკრები ვერ მიდიოდა მედლებამდე. ჩემპიონობა რეალური იყო, მაგრამ სადღაც არ აეწყო, სადღაც - ვერ გაქაჩეს, სადღაც - არ ეწერა.

სლოვენია მხოლოდ ერთხელ (2015) ვერ შევიდა მეოთხედფინალში. და, სლოვენია მხოლოდ ერთხელ გავიდა ნახევარფინალში. 2009, პოლონეთში. სლოვენიას ამ წლებში ჰყავდა ტიტანები - მატიაჟ სმოდიში, რადოსლავ ნესტეროვიჩი, ბოსჩან ნახბარი, ერაზემ ლორბეკი, სანი ბეჩიროვიჩი, იაკა ლაკოვიჩი.

დრაგიჩი: სტამბოლში ფინალის მოგებით ქვეყანამ დაისვენა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ არ გვიმართლებდა. აქ, ჩვენ ეს გამართლება დავიმსახურეთ. ალბათ, ჩვენ არ გვყავდა იდეალური მწვრთნელი, რომელიც ამ წარმატებას მოიტანდა. იგორ კოკოშკოვთან ერთად ყველაფერი აეწყო. იგორი ჩვენი მეგობარი გახდა.

იმ სლოვენიამ დააგდო გასოლების, როდრიგესის, ფერნანდესის და რუბიოს სადისტი ესპანეთი. იმ სლოვენიამ გააჩერა სწრაფი და აგრესიული საფრანგეთი. იმ სლოვენიამ გაძლო ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ არარეალურ ჩეხვაში, ლატვიასთან (103:97) და ის სლოვენია იყო ლამაზი ნაკრები.

 

რომელსაც ჰყავდა ახალგაზრდა გენიოსი ლუკა დონჩიჩი.

რომელმაც აუშვა კლემენ პრეპელიჩი.

რომელმაც დაგეშა ენტონი რენდოლფი.

რომელსაც ამშვიდებდა და აქეზებდა იგორ კოკოშკოვი.

რომელსაც ჰყავდა იდეალური ლიდერი, რომელიც დღეს NBA-ს სუპერფინალს უახლოვდება.

გორან დრაგიჩი. დინამიტი.