ხმის ჩახლეჩამდე ლოკომოტივი!

 

 

 

 

 

 

 

ფეისბუქის ამბავი გასაგებია, შენს თემებს იმახსოვრებს, მერე კი გაყრის და გაყრის. საკმარისია სადმე, ინტერნეტში, ერთხელ „წამოგცდეს“, რომ კბილის ექიმს ეძებ, სულს ამოგხდის. ყველა კლინიკას შემოგჩრის თვალებში: ლამაზდენტი, კეთილდენტი, იაფდენტი, სახლთანახლოსდენტი… თან, ერთ წრეს რომ მორჩება მეორეზე და მესამეზე წავა. ცალკე ხალხური მედიცინის მეთოდებსაც მოგახვავებს — თუ ვინმეს პირში ოდესმე რაიმე მცენარის ნახარში გამოუვლია, ყველას მოგიყვება.

ზუსტად ასეა ჩემი საქმეც. მას მერე, რაც თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის დინამოსთან გაგვახარა, ჩემი ფეისბუქი ლოკომოტივით ათენებს და ლოკომოტივით აღამებს. ყველა სტატია თუ პოსტი, რომელიც გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის ჩემი აზრით ლამაზ გამარჯვებაზე დაიწერა, წამაკითხა და მას მერე, ძველ პოსტსაც კი ვინმე ახალ კომენტარს რომ მიაწერს, ხელად მაცნობს.

 

 

ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია. მოვიგეთ, გაგვიხარდა და ვზეიმობთ, მაგრამ ვშიშობ მედალს მეორე მხარეც აქვს: მოსკოველებთან გამარჯვებას იმაზე მეტი მნიშვნელობა ხომ არ მივანიჭეთ, ვიდრე ეკუთვნოდა? იმ ფაქტმა, რომ ლოკომოტივის მეტოქე რუსეთის დედაქალაქის გუნდი იყო ისე გაგვახარა, რომ ერთმანეთს ავყევით და პრინციპული, მაგრამ მხოლოდ საფეხბურთო გამარჯვების ჩარჩოებს მგონი გავცდით. არ დაგიმალავთ და პერიოდულად მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რუსეთთან უფრო მნიშვნელოვან საკითხებში გამარჯვების დღისთვის ემოციის და საზეიმო სიტყვების მარაგს აღარ ვიტოვებდით. მოსკოვის დინამოს დამარცხება რასაკვირველია კარგია, ძალიან პრინციპული საკითხია, მაგრამ არაფერია იმასთან შედარებით რაც წინ გველის. ადრე თუ გვიან, ჩვენ რუსეთთან უმთავრეს დაპირისპირებაში გავიმარჯვებთ და ის სიტყვები, რომლებიც საფეხბურთო ტურნირის ძალიან ადრეული ეტაპის შემდეგ დაიხარჯა, აი, იქ იქნება საჭირო. ლოკომოტივი რომ დინამოს საკვალიფიკაციო შეხვედრას მოუგებს, მეტად სასიხარულოა, მაგრამ დაუსრულებელი ზეიმისა და ბრავადის საბაბი პირადად ჩემი აზრით არ უნდა იყოს. გავიხარეთ და გვეყოფა. ისტორიული გამარჯვებაო… ვისთვის იყო ისტორიული? ალბათ ლოკოსთვის, თორემ ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის ეს გამარჯვება ისტორიული არ ყოფილა და თუ რამე ფეხბურთზე მეტი იგულისხმებოდა, იქ ხომ საერთოდ…

გარდა ამისა, ზღვარგადასული ზეიმი ალბათ არც თავად ლოკომოტივის ჯიგრიანი ბიჭებისთვის იყო სასარგებლო. ვიმეორებ, ჯერ შესარჩევი ეტაპებია და თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ თუკი გიორგი ჭიაბრიშვილს დავეთანხმები, რომ მოსკოვის დინამო წინა მეტოქეს, კრაიოვას უნივერსიტატიას არ სჯობდა. უბრალოდ, რუსეთის დედაქალაქის გუნდი იყო და ამან გამოიწვია აჟიოტაჟი. ანუ, ლოკომოტივმა ორ დაახლოებით ერთნაირ და ვფიქრობ თავისზე ძლიერ გუნდს მოუგო! ასე რომ, თუ პოლიტიკური მინარევის გარეშე, მარტო ფეხბურთზე ვილაპარაკებთ, სიხარულის და თბილისური გუნდის შექების საბაბი ნამდვილად გვაქვს, თან იმაზე მეტი, ვიდრე მარტო მოსკოვის გუნდის დამარცხებამ მოგვცა.

და რა იქნება მომავალში? გამოჩნდება. ღმერთმა ქნას ლოკომოტივმა გრანადასაც მოუგოს. აგერ, დღეს არის თამაში და ერთადერთი, რისი თქმაც მის შესახებ შემიძლია ის გახლავთ, რომ გულით, სულით, ხმის ჩახლეჩამდე ვუქომაგებ ჩვენს ბიჭებს, მაგრამ ობიექტურად ვხვდები, რომ თამაში ყველანაირად შეიძლება დამთავრდეს. ვიმეორებ: ყველანაირად!

 

 

მთავარია, ჩვენები მოედანზე კვლავ სწორი განწყობით გავიდნენ. დანარჩენს გულშემატკივარი სწორად მიხვდება და შეაფასებს.

და ბოლოს, დღესვე ფარერებზე თბილისის დინამო კლაკსვიკს ეთამაშება. მიდით, რა ბიჭებო, თქვენ ამ კლაკსვიკზე გაცილებით დიდი კლუბის წარმომადგენლები ხართ. ისტორიით და რეგალიებით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ ამ შესარჩევების შესარჩევების შესარჩევებში საერთოდ არ უნდა მონაწილეობდეთ. ჰოდა, გააკეთეთ გასაკეთებელი!