ნახვამდის! როცა გრანადაც გრანდია

 

შარშან 21 სექტემბერს გრანადამ საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო ბარსელონას. გავიდა ერთი წელი და სამი დღე, ამჯერადაც იგივე ანგარიშით აჯობა თბილისის ლოკომოტივს. ეს უბრალოდ, რათა ვიცოდეთ, თუ რა დონის გუნდთან წააგეს გიორგი ჭიაბრიშვილის ბიჭებმა. დიდი მადლობა ლოკოს, რომ ერთადერთ ნათელ წერტილად გამოჩნდა წლევანდელ ევროტურნირებზე...

 

გრანადაში გამართულ მატჩზე მოკლედ დავწერდით: თავს ზემოთ ძალა არაა. აქსიმალურად ცდილობდა მეტოქისთის თამაშის ჩაკვეტვას, სათამაშო დისციპლინაც ასე თუ ისე  ჰქონდა, მაგრამ როცა სხვა კლასთან გაქვს შეხება, ვერაფერს აკეთებ - გრანადა ესპანეთის მეშვიდეაგილოსანია და მიმდინარე ლა ლიგაც ორი მოგებით დაიწყო.

 

30-ე წუთამდე ესპანელებს მცირე ხიფათიც კი არ შეუქმნიათ, რადგან აშკარად ზვერავდნენ უცნობ ლოკომოტივს. მერე გაჭირდა, დაახლოებით შვიდწუთიან მონაკვეთში მაგრად შეუტიეს გრანადელებმა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი მაინც უგოლოდ დასრულდა, მეორე კი დაიწყო და ვენესუელელმა მაჩისმა შორიდან ათიანში გაიტანა - 1:0. ლამაზი გოლი იყო.

 

რაც დრო გადიოდა, ლოკოს ფეხბურთელები იღლებოდნენ, უმატეს უხეშობას და გიორგი გაბაძემ ხუთწუთიან მონაკვეთში ორჯერ მიიღო გაფრთხილება. ჯერ ისედაც არ ჩანდა შეტევაში დიდი პერსპექტივა და 10 კაცით დარჩენის მერე ხომ საერთოდ... ბრავო გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

 

ბოლოს 37 წლის ხორხე მოლინამაც გაიტანა და 2:0. სხვადასხვა კლასის გუნდები თამაშობდნენ, იმდენად დიდი იყო სხვაობა, რომ თამაშის შინაარსობრივ ხასიათზე წერა გვიჭირს.

 

ერთი, რაც ნამდვილად ეტყობოდა ლოკომოტივს. შემართება და მწვრთნელის ნამუშევარი.

 

გრანადა-ლოკომოტივი 2:0

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, შონია, დარცმელია, სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60), თ.კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75), იმრანი (კობახიძე 70), სიხარულიძე

 

გოლი; მაჩისი (48), მოლინა (90+1)

 

გაძევება: გაბაძე (60)