გიორგი მამარდაშვილი: გრანადამდე გუნდურობამ მიგვიყვანა

ქართული კლუბებისთვის მორიგი ევროსეზონი დასრულდა. კვლავ მარცხი, იმედგაცრუება და მომავლის იმედი. 

 

წლეულს ყველაზე კარგი შთაბეჭდილება თბილისის ლოკომოტივმა დატოვა. ჭიაბრიშვილის გუნდმა ჯერ კრაიოვას მოუგო 2:1, შემდეგ მოსკოვის დინამო დაამარცხა იგივე ანგარიშით, ბოლოს კი გრანადაში 0:2 წააგო. კრაიოვასთანაც და დინამოსთანაც ფავორიტად ლოკოს მეტოქე ითვლებოდა, თუმცა გამართული ფეხბურთის და ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე, ორივე ბარიერი დაძლეული იქნა. 

 

ამ მატჩებში უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო თბილისელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც არაერთი რთული სეივი შემოგვთავაზა. მამარდაშვილმა ესპანეთშიც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. 

 

განვლილ 3 მატჩზე და კიდევ სხვა თემებზე გიორგის გავესაუბრეთ.

 

- გრანადასთან თამაშს როგორ შეაფასებ?

 

- რთული მატჩი გამოვიდა. კარგ გუნდს ვეთამაშებოდით და საკმაოდ გაგვიჭირდა. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ და ბუნებრივია ლა ლიგის ბინადრის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნებოდა, მარცხის მიუხედავად დიდი გამოცდილება მივიღეთ. 

 

- მატჩამდე რამდენად იყო ნერვიულობის ფაქტორი? რაც არ უნდა იყოს ესპანურ გუნდს ხვდებოდით, რომელიც მშვენიერ ფორმაშია.


- ნერვიულობა ყველა მატჩს ახლავს თან, თუმცა როცა მოედანზე გადიხარ ამაზე არ ფიქრობ და ცდილობ შენი მაქსიმუმი გამოავლინო. 

 

- გრანადასთან ერთ-ერთი გამორჩეული იყავი. განსაკუთრებულად ემზადებოდი ამ შეხვედრისთვის?

 

- სიმართლე გითხრათ, გრანადასთან მატჩისთვისაც ისე მოვემზადე როგორც ყველა სხვა თამაშისთვის ვემზადები, არაფერი განსაკუთრებული.

 

 

- ესპანურ კლუბთან თამაშამდე ლოკომოტივმა კრაიოვას და მოსკოვის დინამოს ბაირერი დაძლია, სადაც ფავორიტად არ ითვლებოდა. რის ხარჯზე შეძლო გუნდმა ამ 2 რთული თამაშის მოგება?

 

- მართლაც მნიშვნელოვანი შეხვედრები მოვიგეთ და ქართველი გულშემატკივრები გავახარეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. რაც შეეხება მიზეზებს, ვფიქრობ გუნდურობის, თავდადების და ერთიანობის ხარჯზე დავამარცხეთ როგორც კრაიოვა, ასევე მოსკოვის დინამო.

 

- შენთვის პირველი მატჩები იყო ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დარწმუნებული ვარ დიდი გამოცდილება მიიღე.

 

- დიახ, რა თქმა უნდა. როგორც მე ასევე მთელმა გუნდმა ამ ევროსეზონზე დიდი გამოცდილება მივიღეთ. 

 

- მთავარ მწვრთნელზე მინდა გკითხო, გიორგი ჭიაბრიშვილს როგორ დაახასიათებ?

 

- ძალიან ძლიერი სპეციალისტია, ვთვლი, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო. მასთან მუშაობა სასიამოვნოა და მიხარია, რომ ერთ გუნდში ვართ. 

 

 

- ევროპის თამაშები დასრულდა და ახლა საქართველოს ჩემპიონატზე მოგიწევთ გადმორთვა. რა არის გუნდის მიზანი ამ სეზონში?

 

- ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ.

 

- პირველ ადგილოსან დინამოს 6 ქულით ჩამორჩებით და გუნდი მეხუთე ადგილზეა. ამ პირობებში ჩემპიონობა საკმაოდ რთული იქნება...

 

- დიახ ასეა, თუმცა როგორც უკვე გითხარით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონატი პირველ ადგილზე დავასრულოთ. ფეხბურთში ხომ შეუძლებელი არაფერია. 

 

- ხალხმა დინამოში თამაშისას გაგიცნო. რა გზა გაიარა, სანამ თბილისელთა მთავარ გუნდში მოხვდებოდი?

 

- 8 წლის ვიყავი როცა გაგრაში დავიწყე ფეხბურთის თამაში. პირველი მწვრთნელი თემურ ჩხაიძე იყო. შემდეგ დინამოს აკადემიაში მიმიყვანეს და იქაც ბევრ კარგ სპეციალისტთან მომიწია მუშაობა. ზურაბ ქვაჩახია, რეზო ნაჭყებია, ლევან აბაშიძე, გიორგი მაკასარაშვილი, გელა ჭანტურია. თბილისის დინამოს დიდი დამსახურება აქვს ჩემ აღზრდაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ამჟმად მამუკა აბუსერიძე მავარჯიშებს ლოკომოტივში, რომლისგანაც ბევრს ვსწავლობ და მისიც მადლობელი ვარ. 

 

აუცილებლად უნდა ვთქვა მამის დავით მამარდაშვილის შესახებ. მისი დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ფეხბურთელი ვარ და მამის მადლობელი ვარ. 

 

- ვინ არის შენი საყვარელი მეკარე და რომელ გუნდს გულშემატკივრობ?

 

- საყვარელი მეკარე მანუელ ნოიერია, რომელიც ჩემი აზრით მსოფლიოს საუკეთესო კიპერია, გამორჩეულად არცერთ გუნდს ვქომაგობ. 

 

- რა არის შენი მიზანი?

 

- ძალიან მინდა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ვითამაშო.

 

 

- დინამოდან ლოკომოტივში ხარ განათხოვრებული. სეზონის შემდეგ დინამოს დაუბრუნდები თუ გუნდში დარჩები?

 

- ჯერჯერობით არაფერი ვიცი, ყველაფერი დეკემბერში გაირკვევა. ახლა მხოლოდ ლოკომოტივზე ვარ კონცენტრირებული. 

 

- უცხოეთიდან თუ არის დაინტერესება?

 

- ვერც ამასთან დაკავშირებით გეტყვით რამე ახალს. 

საბა საბანაძე 27 სექტემბერი 2020 -15:09