ლებრონი ჩემპიონი გახდება (ფინალის წინ სათქმელი)

კალათბურთი ერთ მაგარ სერიასაც გვაჩუქებს და დაისვენებს. მანამდე, ჩვენ დავისვენებთ. NBA ფინალს იწყებს.

ჩვეულებრივი ეჭვმიტანილი - ლეიკერსი.

სადისტი, რომელიც მაიკლ ჯორდანს უახლოვდება - ლებრონ ჯეიმსი.

დონი, რომელმაც შექმნა წაუგებელი ორგანიზაცია - პატ რაილი (და, მაიამი).

გალაქტიკაში ყველაზე მკვლელი მაღალი მოთამაშე - ენტონი დევისი.

და, გამთამაშებელი, რომელიც კლასიკას უკრავს - რაჟონ რონდო.

ჩამოვყაროთ ფინალისტების, ლეიკერსის და მაიამის X-ფაქტორები.

 

ლებრონი ღმერთია

და, ჯეიმსის საკრალური სადიზმი არა მხოლოდ პერიმეტრზე და სამწამიანთან ვრცელდება. ლებრონი უკვე სამწამიანშიც დომინირებს.

აზრზე მოდით, 2006 წლის შემდეგ (იმ სეზონში ჯეიმსი პირველად გავიდა ფლეი ოფში), ლებრონმა სამწამიანში 3 372 ქულა აკრიფა. ყველაზე მეტი ამ პერიოდში. შემდეგ მოდიან ტიმ დანკანი (1 622), დუეინ უეიდი (1 492), ტონი პარკერი (1 446) და დუაიტ ჰოვარდი (1 296). მშვენიერი ბენდია. კარგი ბიჭების ბენდი, სადაც ლებრონი გამორჩეულია.

ლებრონმა დამარხა დენვერი სამწამიანში. მეხუთე ჩეხვაში ჯეიმსმა ამ ზონიდან 20 (!) ქულა დაირტყა. დომინანტი ცენტრის სტატისტიკა. და, დომინანტი ცენტრები აღარ არსებობენ. საფლეიოფო კარიერაში, ლებრონს ქულების 69.5 % სამწამიანიდან ან - საჯარიმოს ხაზიდან აქვს აღებული. არარეალური სტატისტიკა მოთამაშისთვის, რომელიც დაგსჯის სამქულიანით და ზუსტი საშუალოთი. ლებრონი ყველაფერია. მაიამის აქ პრობლემები ექნება.

 

დევისის სროლა

ლეიკერსმა ენტონი დევისის ნიჭი გაშალა. ბიჭს აქვს სტაბილური საშუალო სროლა და ფლეი ოფში დევისმა სამწამიანის გარედან სროლების 52.5 % გამოიყენა. ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ ვსაუბრობთ კლასიკურ მეოთხე ნომერზე, რომელიც ცენტრობს და რეალურად, ლებრონზე იშვიათად შედის სამწამიანში. რეგულარულში დევისმა იდენტური სროლების მხოლოდ 42.8 პროცენტი ჩააგდო.

მაიამიმ უნდა გააკეთოს არჩევანი. ვის დაუთმობს ჰიტი მეტ ყურადღებას - ლეგენდას (ლებრონი) თუ, მოთამაშეს, რომელსაც ნებისმიერი დისტანციიდან შეუძლია ჩაგდება? რთული არჩევანია.

ყველა ვარიანტში, დაიცლება ენერგიისგან ბად ადებაიო, რომელიც პერიოდულად ჯეიმსზეც ავა და - დევისზეც. დილემა, რომელიც ერიკ სპოელსტრამ და პატ რაილიმ უნდა მოაგვარონ.

ან - მაიამის რეალური პრობლემები აქვს.

 

რაჟონ რონდოს ინტელექტი

ლეიკერსმა ფლეი ოფის პირველი ხუთი გარჩევა გენიალური პირველი ნომრის გარეშე ჩაატარა. რონდო დაბრუნდა და დაალაგა. და, ლებრონმა მეტი თავისუფლება მიიღო.

ლეიკერსი რონდოსთან ერთად ქულების მანქანა გახდა. რაჟონი კარგია პოზიციური შეტევის დროს. აქ მისი ინტელექტი პიკზე გადის. რონდო იდეალურად შლის ზონურ დაცვას. და, რონდო გკლავს სწრაფი შეტევის დროს. ის არ აგვიანებს პასს და ხანდახან, ინიციატივას საკუთარ თავზეც იღებს. რონდო მუშაობს გუნდზე და ეს მუშაობს ლეიკერსზე. წაუგებელი კომბინაცია.

რონდოსთან ერთად ლეიკერსის დანარჩენ (არა ლებრონს და დევისს) წევრებს უადვილდებათ უბურთოდ მოძრაობა, გახსნა. ის ორი დიდ ყურადღებას იღებს და თავისუფალ ზონებში რონდო დროულად მოამარაგებს ყველას ზუსტი პასით. ისე, როგორც ადრე, ბოსტონის საჩემპიონო სეზონის დროს.

რონდო ჯოკერია.

 

დანარჩენები

დენი გრინი მკვდარია შეტევაში, მაგრამ სპოელსტრას კარგად ახსოვს, რამდენად ეფექტური იყო გრინი 2013 წლის სუპერფინალში. სან ანტონიოს მსროლელმა მაიამისთან 49/27 სამიანი გამოიყენა და რეი ალენს ის რომ არ ჩაეგდო, გრინი იმ ფინალის MVP-ზე იქაჩებოდა. დღეს, დენი ასაკშია, აკლია სტაბილურობა, მაგრამ ბიჭმა იცის ფინალში თამაშის მუღამი. სახიფათოა.

კაილ კუზმას ნაკლებად ენდობიან. ლეიკერსის დაუნდობელ მანქანაში კუზმა მესამე ოფცია უნდა იყოს. ალბათ, არის, მაგრამ ის შეუმჩნეველია. ის დაღლილია. ის ეპიზოდურად კარგავს მუღამს და კუზმამ უნდა მოუმატოს. მის პოზიციაზე მაიამის კარგი ბიჭები ჰყავს. კუზმასთან ერთად ლეიკერსი უფრო ფერადი და მოძრავია.

 

ბამ-ბამ-ბუმ

დაიშალეთ, ტყიდან ბამ ადებაიო გამოვარდება. და, ყველას დაგყრით.

23 წლის ცენტრი მაიამის ლიდერია. დიახ, არა ჯიმი ბატლერი. არა გამოცდილი გორან დრაგიჩი. აქ, ფლორიდაში ლიდერობს ადებაიო. რომელიც კონფერენციის ფინალში გახდა ჰიტის ლიდერი ქულებში, მოხსნებში, პასებში და ჩაჭრებში. ბოლო სამი მოთამაშე, რომელიც ამ ოთხ კატეგორიაში ამ დონეზე ლიდერობდა?

ლებრონ ჯეიმსი (2007, 2011, 2014), ჯეისონ კიდი (2003) და ერთი თეთრკანიანი, რომელსაც მშობლებმა ლარი დაარქვეს (1984). არა უშავს, არა? წავა.

ბამი განსაკუთრებით დაუნდობელი და ეფექტური იყო ბოსტონთან მეექვსე გასაუბრებაში. ბამმა მაიამის 26:6 გაქცევა გააკეთებინა. ბამი მიგატენის. ბამი ჩაგიგდებს საშუალოდან. ბამი ტალახში დაგმარხავს. და, ადებაიო სამწამიანში ფრთხილად უნდა იყოს. იქ ლებრონები და დევისები არიან შემჩნეულნი. საშიშია.

 

დანკან რობინსონის ეფექტი

და, ჩვენ არ ვსაუბრობთ სან ანტონიოს უკვდავ წყვილზე.

ჩვენ ვსაუბრობთ სპოელსტრას თეთრ მანქანაზე, რომელიც იღებს ბურთს და ეგრევე ისვრის. ამ კომპონენტში, ანუ სწრაფი გაშვებით ზუსტი სროლებით, რობინსონი პირველზეა.

ლიგაში!

და, დანკანი ყველა დროის რეკორდსემნი გახდა!!!

მან ამ სროლით რეგულარულში და ფლეი ოფში 45.6 პროცენტი გამოიყენა. წინა რეკორდი? 2017/2018 წლების კლეი ტომფსონის 44.4. კლეი მესამეზეც ზის და შემდეგ, მოდის მისი მეგობარი სტეფ კარი (43.7).

დანკანი არ არის კარგი დაცვაში, მას ბურთის ტარება არ უყვარს, მაგრამ ამ ერთ კომპონენტში ის საუკეთესოა. და, მაიამის ეს აწყობს.

 

ჯიმი ბატლერი და გორან დრაგიჩი

ჯიმი ვეტერანია, რომელმაც მაიამის ლიდერის ცეცხლი მისცა. ჯიმი კონფერენციის ფინალში შედეგიანობით მხოლოდ მეოთხე იყო (მაიამიში), მარამ მან იცის მომატების დრო და მუღამი. და, ბატლერი ეფექტურია კონტაქტის დროს. ის ბევრ საჯარიმოს ასრულებს. მიმდინარე ფლეი ოფში ჯიმიმ გამოიყენა 91 ცოცხალი სროლა და ჩააგდო 117 საჯარიმო. მანქანა.

34 წლის ასაკში, დრაგიჩი მაიამის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა. ჯადოქარი ბურთით და ძალიან სახიფათო ბურთის გარეშე. დრაგიჩი ბასრია სამწამიანში. დრაგიჩი კლავს საშუალო სროლებით და გორანი არ დაგინდობს სწარფი შეტევის დროს. ალბათ, მის წინააღმდეგ ხანდახან, ლებრონსაც მიუშვებენ, მაგრამ სლოვენიელი მზად იქნება.

და, მზად იქნება მაიამიც.

 

უბრალოდ,

ლეიკერსი ფავორიტია.

პროგნოზი: 4:2 (უკეთეს შემთხვევაში). ლეიკერსის სასარგებლოდ.

წარმატებულ ფინალებს გისურვებთ.