ღია წერილი უტოპიურ ქალაქში გაზრდილ ბიჭუნას

 

 

 

 

 

 

 

ანსუმანე ფატი ვიეირა, მინდა იცოდე, რომ ბარსელონას თამაში ბევრჯერ მომწონებია, ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მრავალჯერ აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ. იმ დღეს კი ჩემი თავი დავიჭირე, რომ „მიდი! მიდი!“-ს ვიძახდი.

რატომ? ალბათ იმიტომ, რომ კარგ თვალზე შეგხედე და თან ჯერ ბავშვი ხარ: სწრაფი, ტექნიკური, პლასტიკური, ზუსტი დარტყმით. ყველასგან გამოირჩევი.

როდესაც გუნდში შენნაირი ფეხბურთელია, იქ ტაქტიკაც მრავალფეროვანია. შეტევის ფრონტს გინდა ფლანგზე გადაიტან, გინდა საჯარომოსკენ მოჭრი; გინდა კონტრშეტევაზე ითამაშებ, გინდა პოზიციურად შეუტევ.

 

Teenager Ansu Fati becomes next promising star in Spain

 

ალბათ, ისიც არის, რომ გარემარბები მომენატრა ძალიან: გუცაევი, პატარა მიშა...  მესმის, რომ შენი ეპოქის შვილი ხარ და მთლად ძველებურ ვინგერს ვერ დაგარქმევ, მაგრამ რასაც შენი შესრულებით ვუყურებ, მაგარია.

კუმანმა თქვა ხანდახან ყურადღება ეფანტებაო. ეგ როგორი რაღაცაა, იცი? დრო გავა და აღარ გაგეფანტება. ჯერ ხომ 17 წლის ხარ.

17 წლის ხარ და უკვე ესპანეთის ნაკრებში გათამაშეს. ორჯერ. და გოლიც გაიტანე.

ბარსელონაში კი იმ დღეს მესის ისეთი პარაშუტი პასი ჩაუგდე, რომ ვიფიქრე, ნეტავ აქ წამყვანი მოთამაშე რომელია, მეთქი. მოკლედ, თავხედიც ხარ. კარგი გაგებით თავხედი.

გოლები ხომ უკვე ნაირნაირი გაგაქვს. კარში გაუჩერებლად ახვევ. ტრაექტორიას აძლევ ბურთს.

და როგორ შეიძლება, რომ მე შენ, პატარა ბიჭუნას, დიდი წარმატება არ გისურვო და შენს შემდეგ თამაშს მოუთმენლად არ დაველოდო.

ეჰ, ანსუნამე, რომ იცოდე მე რომელი ქვეყნიდან ვარ, ჩემი ასეთი დამოკიდებულება არ გაგიკვირდებოდა. მე იმ ქვეყნიდან ვარ სიზარმაცემ, სიღარიბემ, „წამალმა“, მრუდე გზამ და უცებ ნაშოვნი ფულით გამოწვეულმა ხბოს აღტაცებამ ათწლეულების მანძილზე უამრავი ძალიან მაგარი ბიჭი რომ გააქრო მოედნიდან და ცხოვრებიდანაც.

 

We never talked about selling Ansu Fati" - BeSoccer

 

ანსუნამე, შენ ჩემი ერის კაცი არ ხარ და, რასაკვირველია, როგორც ჩემიანი ვერასდროს მეყვარები, მაგრამ იცოდე, ძალიან არ მინდა, რომ დაიკარგო. მინდა, რომ ციდან ვარსკვლავები მოწყვიტო და ლამაზი ფეხბურთით გაგვახარო.

ვიცი, ანსუ, ვიცი, რომ მამაშენმა გვინეა-ბისაუდან ექვსი წლისა ჩაგიყვანა ესპანეთში. თვითონ, თავიდან პორტუგალიაში ფეხბურთელობდა რაღაცას, მაგრამ არაფერი რომ გამოუვიდა გაზეთში წაიკითხა, რომ ანდალუსიაში, სევილიასთან ახლოს არის პატარა ქალაქი მარინალედა, სადაც ადგილობრივებს სოციალიზმ-კომუნიზმი აქვთ დამყარებული. მერს ჰქვია ხუან მანუელ სანჩეს გორდილიო და 1979 წლიდან თანამდებობაზეა. იქ 2 700 კაცი ცხოვრობს და ყველა მუშაობს. სახლების კედლებზე სამხრეთ ამერიკელი რევოლუციონერების პორტრეტები ხატია და ორ-სამ კვირაში ერთხელ მთელი ქალაქი შაბათობაზე გადის. უფრო სწრედ „წითელ კვირაობაზე“. ქუჩებს გვიან, ნაგავს ყრიან…

 

Ansu Fati lifts the gloom at Barcelona after Lionel Messi transfer saga

 

ჰოდა, ჩემო ანსუნამე, მამაშენმა ამ ქალაქს მიაშურა, სადაც თავიდან… მათხოვრობდა, შემდეგ კი ლეგენდარულმა მერმა შეამჩნია და მძღოლად აიყვანა.

ასე დადგა თქვენი ოჯახი ფეხზე. მერე, გვერდზე ქალაქში, ერერაში გადახვედით და იქ იზრდებოდი. ნუ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ 17 წლის ხარ, ეს ყველაფერი გუშინდელი ამბავია.

დღეს კი შენ ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრებში თამაშობ და მე დიდ წარმატებას გისურვებ.

მოკლედ, შვილო, ანსუ, აბა შენ იცი, იმედი არ გამიცრუო.