გავიდა მხოლოდ კაჭარავა...

ევროპა ლიგაზე ქართველებისთვის დღევანდელი საღამო მაინცდამაინც ბარაქიანი ვერ გამოდგა. ლეხით დავიწყოთ; პოლონურმა გუნდმა გასვლაზე 2:1 მოუგო ბელგიის შატლერუას და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ლეხის ქართველი ფორვარდი ნიკა კაჭარავა სათადარიგო იყო და თამაშმა არ მოუწია. იმედია, ჯგუფში დატვირთავენ.

 

ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარი ბელგიაში სტანდარდს უგებდა, მაგრამ 1:3 დამარცხდა. ბუდუ 65-ე წუთზე შევიდა მოედანზე, როცა 1:1 იყო...

 

ვარშავის ლეგია კი შინ აზერბაიჯანულ ყარაბაღთან შერცხვა - 0:3. საინტერესოა, რომ ვაკო გვილია არ ათამაშეს. მას შემდეგ, რაც ნაკრებში იყო ჩამოსული და აქ ტრავმის გამო ვერ ითამაშა, გვილიას ლეგიაშიც მოაკლდა პრაქტიკა: მართალია, ტრავმა მოირჩინა, მაგრამ ფაქტია, მოედანზე არ ჩანს და ლეგიამ ამით ვერაფერი ვერ მოიგო.

 

თბილისის ლოკომოტივის ყოფილი მეტოქე გრანადა ჯგუფშია. ესპანელებმა შვედურ მალმიოს სტუმრად 3:1 მოუგეს. თბილისის დინამოს შემარცხვენელი ფარერული კლაკსვიკი კი ირლანდიურ დანდოლკთან გავარდა - 1:3.

 

სხვა ქართველებიც შემორჩნენ, ოღონდ ისინი დღეს არ გასულან.მათი გუნდები ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შედეგად მოხვდნენ ევროპა ლიგის ჯგუფის ეტაპზე: გიორგი ჩაკვეტაძე  (გენტი), ნიკა ნინუა (პაოკი). და გურამ გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის ვოლფსბერგერს კვალიფიკაცია არ დასჭირდა.