ლაშა ტალახაძის დღე

ბოლო წლებში ლაშა ტალახაძემ ბევრი რეკორდი გვაჩუქა. და, ჩვენი გოლიათი ამას ჩვეულებრივად აკეთებს. უბრალოდ, გადის ფიცარნაგზე და რეკორდს გვჩუქნის.

და, ლაშა საქართველოს სახე გახდა. მომთმენი, ღირსეული ახალგაზრდა, რომელმაც კიდევ ბევრი რეკორდი უნდა დაამყაროს. და, ლაშა საკუთარ თავს არ დაზოგავს.

დღეს, ჩვენი რეკორდსმენი და ზედიზედ ბევრჯერ საუკეთესოდ აღიარებული ლაშა ემზადება. როგორც ყოველთვის. ლაშა მზად უნდა იყოს, რომ ფიცარნაგზე ტურნირის დაწყებამდე ჩემპიონად გავიდეს. სხვები დათრგუნულები არიან. ჩვენ - ბედნიერები. და, უფრო - ამაყები. ლაშა ტალახაძემ ჩვენთვის ბევრ ისტორიულ გმირზე ბევრი გააკეთა. და, ბიჭი კიდევ ბევრს გააკეთებს.

დღეს, 2 ოქტომბერს ტალახაძეს ერთი წელიწადი მოემატა. ტალახაძე ერთი წლით უკეთესი გახდა. და, წელს ევროპა ან მსოფლიო რომ ჩაეტარებინათ, ლაშა ერთი ან - ორი ტიტულით მდიდარი გახდებოდა. და, ლაშასთან ერთად - ჩვენც.

პანდემიამ ლაშას მორიგი აღიარება წაართვა, მაგრამ დიდი ბიჭი დაელოდება. შანსს, რომ კიდევ ერთხელ აიტაცოს რკინა და მშვიდად შეავსოს საკუთარი კოლექცია კიდევ ერთი ტიტულით. რა მაგარია, არა, როდესაც გყავს ასეთი უღალატო კაცი, რომელსაც ყველაფერში ენდობი?!

ტალახაძეს ჯერ არცერთი საერთაშორისო ტურნირი არ წაუგია, არ ჩაუგდია. ლაშა სტაბილურობის, უძლეველობის საუკეთესო მაგალითია. და, ლაშამ ისწავლა ენერგიის დაზოგვით მოგება. რა იცი, ეს ენერგია სად და როდის გამოგადგება? და, ტალახაძე მართალია.

ოლიმპიური რეკორდი? არის.

მსოფლიოს რეკორდი? არ არის პრობლემა.

გალაქტიკის რეკორდი? აქაც ჩვენ ვუჯოკრავთ ყველას. ძალოსნობა ქართული სპორტია და დღეს აქ ლეგენდა გვყავს. როგორც  - ადრე.

და, დღეს ტალახაძე არა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი, ლაშა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი და საქართველოს ელჩია. როგორც მანამდე - ზაზა ფაჩულია, რომელმაც ორი ძვირფასი ბეჭედი და სიამაყე გვაჩუქა.

ლაშას დღეც განსაკუთრებულია. ტალახაძე კიდევ ერთი წლით უკეთესი გახდა და ჩვენ ვამბობთ, მადლობა, ლაშა!

და, ახალ რეკორდებს ველოდებით.