სიკვდილის ხუთეული

რომელი ხუთეულით არ წააგებდით NBA-ს ფინალს?

და, ჩვენ არ ვსაუბრობთ რომელიმე კონკრეტული ჩემპიონის სასტარტო ხუთეულზე. უბრალოდ, ხუთეულზე.

იდეალურ ხუთეულზე. და, ხუთეულზე, რომელიც მაიკლ ჯორდანის ჩიკაგოს დაშლის შემდეგ უნდა შევქმნათ.

სადაც არის ბალანსი, სიღრმე, დაცვა და სადისტური, მიმწოლი თავდასხმა.

 

გამთამაშებელი - ჯეისონ კიდი.

დაუნდობელი დაცვა, ინტელექტი, სისწრაფე გადაწყვეტილების მიღების დროს და ლიდერობა. კიდი მდიდარი პირველი ნომერი იყო. კიდს ყველაფერი ეს დიდი დოზით ჰქონდა.

 

მსროლელი - კობი ბრაიანტი.

და, აქ სტეფ კარიც შეიძლება, მაგრამ მაინც, უფრო - კობი. კარიმ შეცვალა კალათბურთი, მაგრამ კობი - ბრაიანტია. რომელიც იყო ჩემპიონი რკინის ნერვებით და რკინის დაცვით.

 

ფორვარდი (მსუბუქი) - ლებრონ ჯეიმსი.

მეფე ყველგან მეფეა. ნებისმიერ დროში, ნებისმიერ ხუთეულში, ნებისმიერ მწვრთნელთან. ლებრონი ამ ხუთეულს ბალანსს შეუნარჩუნებს და სადაც საჭიროა, მოუმატებს, მოკლავს.

 

ფორვარდი (მძიმე) - ტიმ დანკანი.

სტაბილურობის ეტალონი. ნდობის ეტალონი. იდეალური თანაგუნდელი. უმაღლესი ინტელექტი. ორმაგი დუბლების მანქანა და დიდი ჩემპიონი. ტიმი. დიდი ჩემპიონი.

 

ცენტრი - შაკილ ო’ნილი.

ცენტნერიანი უკანალით შაკი ნებისმიერ ცენტრთან პოზიციას იგებდა. და, არა მხოლოდ უკანალით. ო’ნილი იყო კლდე, რომელიც ვერ გააჩერეს. და, შაკმა შექმნა ისტორია. დომინანტი.

 

თქვენი ხუთეულებიც გლიჯეთ.

ჩემთვის ეს წაუგებელი ვარიანტია.