თორნიკე შენგელია ჯერ აღმართშია

ორი ტესტი. ერთი - ევროლიგაზე. ბარსელონაში. მეორე - საკუთარ დარბაზში, ვითიბი ლიგაზე, ლოკომოტივთან.

ორი განსხვავებული თამაში.

თორნიკე შენგელიამ და ცსკამ პარმასთან წაგების შემდეგ ვერ ამოხსნეს ბარსელონა. 66:76. ბარსელონა უფრო სწრაფი და ზუსტი იყო.

და, ლოკომოტივთან მძიმე სტარტი დომინანტური მესამე მეოთხედით გადაიფარა. საბოლოოდ, 94:80 და, ეს მოსალოდნელი იყო.  

თოკო წაგებულ ამბებში, ბარსელონასთან უკეთესი იყო. ყველაზე შედეგიანი (15 ქულა), ყველაზე აქტიური (10 სროლა თამაშიდან), ყველაზე სასარგებლო (20 ვალიდობაში) ცსკაში. და, ეპიზოდებში, თოკო მძიმე ფავორიტის ერთადერთი სანდო პერსონაჟი იყო.

უბრალოდ, ბარსელონაში რუსულმა მანქანამ ვერ აკრიფა, გუნდს მაგრად დააკლდა ნიკოლა მილუტინოვი და ცსკამ წააგო ტაქტიკურად. დიმიტრის იტუდისმა ძველი კალათბურთით (მაღალი კაცი ცენტრში, პასიური პერიმეტრი, პოზიციური ყომარი და ცოტა პატარა პერიმეტრზე) ვერ გაქაჩა. ბარსელონა უკეთ იყო ადაპტირებული ახალ ცსკასთან, ვიდრე - რუსული ტანკი ახალ ბარსელონასთან.

ლოკომოტივთან ცსკა ცუდად შევიდა მატჩში. უსისტემო დაცვა, დაგვიანება დაზღვევაზე, ცუდი პროცენტი პირველ შვიდ წუთში. თოკო ამ მონაკვეთში ძალიან კარგია (7 ქულა), მაგრამ გუნდი აგებს, ვერ გარბის.

ცსკამ მეორე ხუთეულით აკრიფა და მესამე მეოთხედში დამარხა ლოკომოტივი. ნორმალური გუნდი კარგი მწვრთნელით (ევგენი პაშუტინი). შენგელიამ ეს მატჩი 11 ქულით და 5 მოხსნით დაასრულა.

შენგელია ცდილობს. და, ჩვენმა ბიჭმა გააუმჯობესა შორიდან სროლის პროცენტი. და, თოკო ელოდება. გარკვეულ ეტაპზე, თოკო ცსკას ყველაზე შედეგიანი ფლეიმეიქერი გახდება. მისი პასებით მაიკ ჯეიმსი ბევრს ჩააგდებს და დანი ჰეკეტი გარედან მოკლავს მეორე გუნდს. უბრალოდ, ეს ჯერ უფრო პერსპექტივაა.

მანამდე, შენგელია შემდეგი ჩეხვებისთვის მოემზადება. სადაც ის სოლიდურ დროს მიიღებს და, როგორც იტუდისის ნდობით აღჭურვილი პიროვნება, გადამწყვეტ მომენტში მას არ შეცვლიან.

გუნდიც მოუმატებს. ამ შემადგენლობით (როდესაც მილუტინოვი და იანის შტრელნიექსი დაბრუნდებიან) უნდა მოუმატოს.

ჯერ აღმართია.