კავანის მანჩესტერული მისია

ივნისის ბოლოს ედინსონ კავანის პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მის გაგრძელებაზე უარი თქვა, ამისდაკვალად, თავისუფალი აგენტი გახდა.

ზაფხული მან მშობლიურ ურუგვაიში გაატარა. თიბავდა, ჯირითობდა, თევზაობდა. სექტემბრის დასაწყისში 33 წლის ფეხბურთელი, თქვენ წარმოიდგინეთ, ბალეტითაც დაკავდა. მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ გაახსენდა ფეხბურთი და მოულოდნელად მანჩესტერ იუნაიტედში აღმოჩნდა.

რითი შეუძლია მას სულშერის გუნდს დაეხმაროს?

პარიზულ კლუბში ბოლო სეზონი მას აშკარად ჩაუვარდა. თუმცა მიზეზი ობიექტური იყო - ტრავმები. ჯერ ბარძაყი აწუხებდა, მერე საზარდულიც დაეჭიმა. შედეგად, ძირითად შემადენლობაშიც დაკარგა ადგილი. მწვრთნელი ტუხელი მას ხშირად ტოვებდა თადარიგში. ამიტომ ყველა ტურნირში სულ 22 მატჩი ჩაატარა და ოდენ შვიდი გოლი გაიტანა.

ფრანგი ჟურნალისტები ვარაუდობენ, პსჟ-ში იმიტომ აღარ დარჩა, ტუხელი მას ძირითადში მაინც აღარ დააბრუნებდაო.

 

Edinson Cavani to join Man Utd on Monday on two-year contract - and Alex  Telles could also sign on deadline day

 

პარიზელთა შემადგენლობაში ურუგვაელს მარტის შემდეგ აღარ უთამაშია ოფიციალურ მატჩებში. ჯამში უფეხბურთოდ 210 დღე გაატარა.

ედინსონის მანჩესტერში გადასვლის ამბავი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრ გაცხადდა. აგენტმა, უოლტერ გულიელმონემაც დაადასტურა, რომ მისმა კლიენტმა ეშმაკუნებთან 1+1 სახის კონტრაქტი გააფორმა.

ურუგვაელმა ერთობ სოლიდური ხელფასი მოითხოვა - წელიწადში 10 მილიონი გირვანქა, თუმცა კლუბი ამდენზე არ დათანხმდა. საბოლოოდ, რა თანხაზე შეთანხმდნენ, ჯერჯერობით უცნობია.

„კარიერის განმავლობაში ბევრჯერ მითამაშია გადარეული გულშემატკივრის თვალწინ და ვიცი, რომ მანჩესტერსაც ასეთები ჰყავს. ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდებიან ისინი ოლდ ტრაფორდზე. მინდა ფეხბურთის წიგნში ჩემი ისტორიის წერა გავაგრძელო. ვიცი, რომ ყურადღება ერთისკენ უნდა იყოს მიპყრობილი: მუშაობა, მუშაობა და კიდევ ერთხელ მუშაობა.

 

Edinson Cavani to Manchester United transfer praised

 

სულშერთან საუბრის შემდეგ კიდევ უფრო გამიძლიერდა მანჩესტერში თამაშის სურვილი,“ - უთხრა კავანიმ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

იუნაიტედი ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაშიც აგრძელებს მონაწილეობას (მეოთხედფინალში ბრენტფორდს ხვდება), ჩემპიონთა ლიგაც იწყება. ასე რომ, საკმაოდ დატვირთული კალენდარი აქვს და შემადგენლობის როტაცია დასჭირდება.

ახლა ეშმაკუნებს ითხი შემტევი ჰყავთ: ანტონი მარსიალი, მეისონ გრინვუდი, მარკუს რაშფორდი და ოდიონ იგალო. მათ კავანიც შეუერთდება. ედინსონის თანამემამულის, მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელის, დიეგო ფორლანის აზრით, კავანი ერთგვარი დამრიგებელი გახდება ახალგაზრდა კოლეგებისთვის.

 

Manchester United sign Edinson Cavani after 1-6 humiliation against  Tottenham Hostpur in Premier League

 

„ვფიქრობ, ედინსონი სასარგებლო იქნება ახალი გუნდისთვის. ის ყველას უჩვენებს თავის ოსტატობას და პროფესიონალიზმს. იმას, თუ როგორ გულმოდგინედ მუშაობს და ვარჯიშობს. სხვა ფეხბურთელები შეხედავენ მას და ბევრს ისწავლიან,“ - ამბობს ფორლანი.

„კავანი გუნდში ენერგიას, ძალას და ლიდერის ხასიათს მოიტანს. ყველაზე მთავარი კი მისი გოლები იქნება. ურუგვაელის კარიერა დღემდე შესანიშნავი იყო და მომავალშიც ასეთი იქნება. ახალგაზრდობა ბევრს ისწავლის ბოლო ათწლეულის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდისგან. მან ზუსტად იცის რა არის წარმატებისთვის საჭირო.“ - ეს უკვე გუნდის ნორვეგიელი დამრიგებლის, ულე გუნარ სულშერის სიტყვებია.

ერთია მხოლოდ, მანჩესტერში მანამდეც უთამაშიათ პირველხარისხოვან სამხრეთამერიკელ ვარსკვლავებს. მაგალითად: ალექსის სანჩესს, ანხელ დი მარიას, რადამელ ფალკაოს, იმავე ფორლანს, მაგრამ თავი დიდად ვერ გამოუჩენიათ. შეძლებს კავანი ამ სამწუხარო ტრადიციის დამსხვრევას?