ჩაკალი, რა თამაში!

 

 

 

 

 

 

 

ისევ იქ ვარ. ამ ერთი წლის წინ, მინსკის საერთაშორისო სპორტული ფორუმიდან დაბრუნებულმა კოლეგებმა ამბავი ჩამოიტანეს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის ფეხბურთის შეფები დაუბარებია და უთქვამს, საქართველოს თუ ვეღარ მოუგებთ, არაფრის მაქნისები ყოფილხართ და ყველას სამსახურიდან გაგყრითო. იცით, რა? ყველამ ყველას შეიძლება მოუგოს. ისე მომხდარა, საქართველოს ინიესტიანი ესპანეთისთვის მოუგია, მაგრამ ფეხბურთში საქართველოსა და ბელარუსის თამაშზე რომ ლაპარაკობ, ცოტა მეტი მოკრძალება გმართებს. მესმის, რომ „ბაწკა“ ხარ, ქვეყანას ისე მართავ ადრე ცეკას პირველი მდივნები რომ მართავდნენ საბჭოთა რესპუბლიკებს, მაგრამ ყველგან შენი კოლხოზი კი არ არის. რას ჰქვია, „საქართველოსაც თუ ვერ მოუგეთ…“ ფეხბურთში შენი „ც“ არის საქართველო?

 

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 3 ადამიანი, ხალხი დგას და შიგნით

 

მრავალი წლის ჟურნალისტური გამოცდილებით ვიცი, რომ თამაშის ემოცია ერთია და სტატისტიკა მეორე. მეორეთი დავიწყოთ: საქათველოს და ბელარუსის ნეკრებების გუშინდელ შეხვედრაში ქართველებმა კარში ზუსტად 7-ჯერ დაარტყეს, ბელარუსებმა 0-ჯერ. ბელარუსების მეკარემ 6 დარტყმული მოიგერია (ბრავო! იმიტომაც იყო ანგარიში მხოლოდ 1:0), საქართველოს ნაკრების მეკარეს კი ამ გრაფაში 0 უწერია — ბოლოს რომ მომენტი იყო, სადაც გიორგი ლორიამ იყოჩაღა, ის სტატისტიკოსებმა ეტყობა კარიდან გამოსვლად ჩათვალეს. ყოველ შემთხვევაში დარტყმულის მოგერიება არ ყოფილა. სხვა პარამეტრებში კი გამანადგურებელი არა, მაგრამ მცირე უპირატესობა მაინც საქართველოს ნაკრებისა იყო და რაც მთავარია, გოლი იქით შევარდა, აქეთ კი არა. ჰოდა, მეტი რა არგუმენტებია საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრების გამარჯვებას დამსახურებული დავარქვათ და ვთქვათ, რომ ამ დღეს მან ბელარუსს აჯობა?

და რაში აჯობა ბელარუსმა საქართველოს? მიზანს აცილებულ დარტყმებში (4:1), თავისუფალ დარტყმებში (20:15), ერთით მეტი აუტი ჩააწოდა (რაც ჩემი აზრით საერთოდ არაფერს ნიშნავს) და ჩვეულებრივი შეტევების ანუ ბურთის მეტოქის კარისკენ წაღების საერთო რაოდენობაში (124:128). სახიფათოდ შეტევები საქართველოს მეტი ჰქონდა.

ჰო, რაც შეეხება ბოლო წლებში მოდურ ბურთის ფლობის პროცენტს, ის 58/42 გახლდათ საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

 

 

ახლა კი რაც დათვლის მიღმა ჩანდა: ორივე გუნდმა, როგორც ჩვენში იტყვიან, თავი მოიკლა. ბოლო წამამდე დიდი ბრძოლა იყო, რაც განსაკუთრებით ქართველების მხრიდან გამიხარდა, რადგან ასე, კუნთების კრუნჩხვამდე მომიტევეთ პირდაპირობისთვის და ბევრჯერ არ გვითამაშია. თან, მარტო ამ თაობას კი არა…

ქართველები ფეხბურთში როგორ ვართ: თუ კლასით, თამაშით ვიგებთ, შენ დაუკარ, თუ არა და ეშმაკმა იცის როდის წაგვიხდება გუნება. ჯაჯგურში როდის ერთი მოგვიგია?

გუშინ კი ჩვენმა ბიჭებმა საომარი ბოლომდე იომეს, თავი და ფეხები არ დაუზოგავთ და ეს თამაში პირადად მე ამით ნამდვილად დამამახსოვრდება.

მაგრამ, იყო სხვა მხარეც: როდესაც მეტოქეს შენს წინააღმდეგ მხოლოდ ერთი არგუმენტი აქვს — ჯანი და დატაკება, სხვა ყველაფერში კი ლუკაშენკოსთან ბოდიში, მაგრამ შენ სჯობიხარ; როდესაც ბედმაც გაგიღიმა და შეხვედრის დასაწყისშივე პენალტით გახსენი ანგარიში (უმაღლესი კვალიფიკაციის არბიტრის ჯიუნეთ ჩაკირის მესისა და რონალდოს სისწრაფეზე გაწვრთნილმა თვალმა წესის დარღვევა შეამჩნია იქ, სადაც ბევრი ვერ შეამჩნევდა), რაღატომ მიხეთქავ გულს? რაში გჭირდება ეს ბოლო წამამდე ნერვების გლეჯვა? მაინცდამაინც ის უნდა მოგაძახოს მეტოქის გამწარებულმა მწვრთნელმა, თანაბარი თამაში იყოო, მაშინ როდესაც სჯობდი?! მომენტებიც გქონდა. ბელარუსები თვითონ უშვებდნენ შეცდომებს და ცალკეულ ეპიზოდებში გოლის შესაგდებად გეპატიჟებოდნენ. მიდი, რა, ჩაკალი თამაში!

აი, ეს ეხერხებათ იქ, მაღლა, ძლიერ გუნდებს.

იქამდე უნდა ავიდეთ ჩვენც.

 

 

და ბოლოს. ჯერჯერობით, დიდი ზეიმი არ არის საჭირო. ჩვენ მოვუგეთ შესარჩევი ცილკის ჩვენი D განშტოების ნახევარფინალური ოთხეულის ყველაზე სუსტ გუნდს. ფინალში კი ჩრდილოეთ მაკედონიას ვხვდებით.

ბოლო ერთ თვეში ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშს სამჯერ ვუყურე: სომხეთთან, საქართველოსთან და კოსოვოსთან. გეფიცებით, სომხეთთან უბრალოდ სუსტი გუნდი მეგონა; საქართველოსთან ვთქვი, უი, ისე სუსტი სულაც არ ყოფილა, მეთქი; ხოლო ის ფეხბურთი, რომელიც ამ გუნდმა კოსოვოს წინააღმდეგ მეორე ტაიმში ითამაშა, უკვე სხვა „ოპერიდან“ გახლდათ.

ასე რომ, საქართველოს ნაკრებს 12 ნოემბერს ელის შეხვედრა, სადაც კუნთების კრუნჩხვამდე თამაშს გაცილებით მეტი ოსტატობაც უნდა დააყოლოს.