ფრე პოლონურად

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის მატჩი გამართა. ქართველი ფეხბურთელები სომხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. გამომდინარე იქიდან, რომ სომეთში საომარი ვითარებაა. მატჩი პოლონეთში ქალაქ ტიხში გაიმართა. 

 

თავიდანვე გეტყვით, რომ ვლადიმირ ვაისმა ბელარუსთან მატჩთან შედარებით ძირითად შემადგენლობაში 9 ცვლილება განახორციელა. თვალში საცემი იყო, რომ ძირითადში ეროვნული ლიგის ს   ამი ფეხბურთელი გახლდათ და სამივე (ჯიღაური, კობახიძე, ნავალოვსკი) ბათუმის დინამოს წარმოადგენდა. კობახიძე საერთოდაც პირველ შეხვედრას ატარებდა საქართველოს ნაკრებში.

 

მატჩი სწრაფი გოლით დაიწყო. ბარსეგიანმა მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა, ჩვენი მცველები მარტივად ჩამოიტოვა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბაირამიანს უპასა, რომელმაც მაკარიძის კარი აიღო. 

 

მალევე ჩვენებს 2 კარგი მომენტი ჰქონდათ. ჯერ ყაზაიშვილს აუღო სომეხთა მეკარემ, შემდეგ კაჭარავას ახლო დარტყმული მოიგერია კუთხურზე. ამ ეპიზოდში იურჩენკომ მშვენიერი სეივი შემოგვთავაზა. 

 

მომენტები შემდეგაც გვქონდა და აშკარა იყო, რომ ჯვაროსნები უკეთ უტევდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა ლევან შენგელია. 

 

მეორე ტაიმი ისე დაიწყო, უკეთესს ვერ ვინატრებდით. შენგელია მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, მარჯვენათი ჩააწოდა და ნიკა კაჭარავამ შეაგდო. 26 წლის ფორვარდმა ამ შესარჩევში მესამე მატჩი ჩაატარა და მეორე გოლი გაიტანა.

 

ამის შემდეგაც ნომინალური სტუმრების უპირატესობა აშკარა იყო. შეტევაში უფრო მეტად ქართველები აქტიურობდნენ და სომხებს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა უჭირდათ. 

 

75-ე წუთზე საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. აბურჯანიამ მეტოქის შეცდომით ისარგებლა და ბურთი აართვა, შემდეგ კაჭარავას გაუკეთა გადაცემა, კვლავ აბურჯანია და მარჯვენა ფლანგიდან ჯიღაური ჩაერთო შეტევაში, რომელმაც ჩააწოდა, ყაზაიშვილმა პირველივე შეხებით ოქრიაშვილს გაუკეთა გადაცემა და შეცვლაზე შესულმა ოქრიმაც ახლო მანძილიდან შეაგდო და ნაკრებში მე-12 გოლი გაიტანა. 

 

სამწუხაროდ ბოლო წუთებზე ქულები დავკარგეთ. ასევე შეცვლაზე შესულ ბუბა დაუშვილს ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა. სტანდრატი ზუსტად ჰენრიკ მხითარიანმა შეასრულა. არა და ჩვენები უკეთ გამოიყურებოდნენ და ყველაფერი თითქოს იქითკენ მიდიოდა, რომ ვაისის შეგირდები 3 ქულას ჩაიწერდნენ.

 

მატჩში განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა და შეხვედრა ფრედ 2:2 დამთავრდა. ეს თამაში იმ მატჩთა კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც საქართველოს ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა ქულას დასჯერდა. ჩვენი გუნდი 5 ქულით მეორე ადგილზეა, ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს ჩრ. მაკედონიის წინააღდეგ ჩაატარებენ. აქვე გეტყვით, რომ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ჯაბა კანკავა გამოტოვებს. 

 

ჩვენი შეხვედრის პარალელურად ჩრ. მაკედონია, რომელსაც 3 დღეში შევხვდებით და რომელიც ერთა ლიგის ფინალში ჩვენი მეტოქეა ესტონეთს შეხვდა და 3:3 ითამაშა.