ლეიკერსის ლიგა

106:93, კობი ბრაიანტისთვის, კობის შვილისთვის, მთელი კალიფორნიისთვის.

 

ლეიკერსი ჩემპიონია და ეს ლებრონ ჯეიმსმა გააკეთა. მეფეზე ოდნავ მეტს და ოდნავ დეტალურად ცალკე გავისაუბრებთ და მოდით, დრო უშუალოდ ლეიკერსს დავუთმოთ.

მაიამიმ მაქსიმუმი გააკეთა. და, ალბათ, ლეიკერსს არ გაუმართლა, რომ ერიკ სპოელსტრამ და ჯიმი ბატლერმა 2 თამაში აიღეს. მაიამი იყო კარგად ორგანიზებული გუნდი, რომელმაც ლეიკერსს უმნიშვნელო პრობლემები შეუქმნა. მეტი პრობლემა ლეიკერსმა ლეიკერსისგან მიიღო.

ფინალში ფავორიტმა ამაყად მიიყვანა მისია ბოლომდე.

4:2 და ეს ლოგიკურია. ლეიკერსი დაეწია ბოსტონს. მოგებული ფინალებით. და, როგორც მანამდე ვთქვით, ალბათ, გუნდი არ აღნიშნავს ჩემპიონობას თეთრ სახლში.

ბევრი საინტერესო ეპიზოდი გვქონდა.

თუნდაც ის, რომ რაჟონ რონდო გახდა მეორე მოთამაშე, რომელმაც ფინალი ბოსტონშიც მოიგო და ლოს ანჯელესშიც. 2008-ში რონდომ დაგლიჯა და ლეიკერსს ბევრი ბასრი პასით ატკინა. დღეს, რონდო ლეიკერსისთვის იღლებოდა და მოსაგები მოიგო. მანამდე, იგივე გააკეთა კლაიდ ლავლეტმა (მინეაპოლისში - 1954 და ბოსტონში 1963-1964).

რონდო ეხმარებოდა ლებრონს. და, ლებრონი დაეხმარა რონდოს. რომ ბევრისგან მივიწყებული (და, დღესაც გენიალური) გამთამაშებელი ლიგამ გაიხსენა. ლებრონი იდეალური მენეჯერია.

ლებრონზე ცალკე ვიხმაურებთ, მაგრამ ერთ რეკორდზე აქაც წავიჭორაოთ.

ჯეიმსი უნიკალური რეკორდსმენი გახდა.

ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ფინალი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად, სამ სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად მოიგო და პროცესში, საშუალოდ, 25+ ქულას აგროვებდა.

ლებრონმა ორჯერ აჩუქა ზეიმი მაიამის (2012-2013), როდესაც ჯერ მოქნილი და ბოროტი ოკლაჰომა, შემდეგ კი - გამოცდილი და ლამაზი სან ანტონიო დააშლევინა. კიდევ ერთი გარბენი ჯეიმსმა ჩემპიონობით კლივლენდში (2016) დაასრულა. იმ გუნდმა გოლდენ სტეიტს 1:3 დაუქაჩა და ჯეიმსმაც დაისვენა.

ენტონი დევისმა ამ გუნდს ბევრი მისცა. დევისი გახდა ლებრონის ყველაზე დომინანტი თანაგუნდელი საჩემპიონო გუნდებში. დევისი იყო დამოკიდებული ლებრონის მაგიაზე, მაგრამ თავადაც საკმარისად ქმნიდა და ატერორებდა მაიამის. და, მანამდე - სხვებს.

ლეიკერსმა მიიღო იდეალური მთავარი მწვრთნელი ფრენკ ვოგელის სახით. რომელიც ყოველთვის ყველგან დაცვას ანიჭებდა უპირატესობას და ლეიკერსში გააკეთა ის, რაც აუცილებელი იყო - ბიჭებს თავისუფლება მისცა. ის ასვენებდა ლებრონს, რადგან ეს აუცილებელი იყო. ის ასვენებდა დევისს, რადგან ასე ურჩია მას ლებრონმა. ის ლებრონის კარგი მეგობარი გახდა. და, დღეს ეს საკმარისია.

ლეიკერსმა ბოლო სერიაში მაქსიმუმი მიიღო ჯეიმსისგან (28, 14 მოხსნა, 10 პასი). ლეიკერსმა მიიღო დაუნდობელი დაცვა დევისისგან (19, 15 მოხსნა, 2 დაფარება). გუნდმა გამოიყენა რონდოს (19 ქულა) პროდუქცია და კენტავიუსმაც  (17 ქულა) აზრიანი კალათბურთი იყომარა. კენტავიუსი იყო გუნდური. საკმარისია.

ჩააგდო სამიანი დუაიტ ჰოვარდმა და დიდი ალბათობით, შემდეგ სეზონში ის სამიანების კონკურსშიც მიიღებს მონაწილეობას. ნიჭს დაფასება სჭირდება. დუაიტი სნაიპერია.

ლეიკერსის გუნდს დეტალურად უახლოეს დღეებში გავივლით. ლეიკერსმა ეს დაიმსახურა.

ბრექი და უშედეგო კლიპერსის, ზედმეტად გაფერადებული მილუოკის და დაღლილი ბოსტონის ფონზე მაიამი ამ სეზონის მთავარი მოულოდნელობა იყო. ალბათ, დენვერთან ერთად. და, მაიამიმ დაიმსახურა - დიდი მადლობა ყველასგან! ღირსეული სერიისთვის. ღირსეული სეზონისთვის.

მეფესთან წაგება სირცხვილი არ არის. მეფეს რომ მოუგო, შენც ერთი მეფე უნდა გყავდეს.

და, დავასრულოთ ისე, როგორც დავიწეთ.

 

ეს ჩემპიონობა იყო კობი ბრაიანტისთვის,. კობის შვილისთვის, კალიფორნიისთვის და ალბათ, ჯეკ ნიკოლსონისთვის, რომელიც აუცილებლად დაბრუნდება დარბაზში.

P.S. თავისი დურბინდით.