ლებრონი მთელი სამყაროა

სეზონი დაიხურა. და, ისტორია, კალათბურთი, სპორტი, ჩაფიქრებული და მოწყენილი გამვლელი კიდევ ერთხელ მოისმენს დიდი ჩემპიონის თავგადასავალს.

ჩემპიონი ასაკზე, კორონავირუსზე, სკეპტიკოსებზე, ყველა მოწინააღმდეგეზე ძლიერი აღმოჩნდა. უკვე, მერამდენედ. ჩემპიონი 35 წლის არის და ჩემპიონი დღესაც საუკეთესოა.

მეფე. ლებრონ ჯეიმსი.

როდესაც ჯეიმსი შარშან ლეიკერსის ოჯახის წევრი გახდა, კალიფორნია მოკალათდა კომფორტულ სავარძელში და ფლეი ოფისთვის მზადება დაიწყო. შემდეგ მოხდა გაუგონარი - ლებრონმა ტრავმა მიიღო და ლეიკერსი ფლეი ოფში ვერ გავიდა.

და, ჯეიმსი დაბრუნდა.

ლებრონი ვერ ხვდებოდა სეზონის პირველ და მეორე ხუთეულში. ლებრონი აღარ ითვლებოდა მესამე ნომრებში საუკეთესოდ. ლებრონს აწუხებდნენ ჯანმრთელი კავაი ლეონარდი და დალეწილი კევინ დიურანტი. და, მეფეზე გესლიანი საუბარი მოდაში შემოვიდა.

და, მეფემ ყველა სკეპტიკოსს თავაზიანად უთხრა - ჯერ ადრეა, ჩემო კარგებო. მოითმინეთ, მათამაშეთ და მე თქვენ...

ლებრონმა სკეპტიკოსებს კიდევ ერთი ბესტსელერი აჩუქა.

 

* * * * *


 ლებრონთან ერთად ეს ლეიკერსი განსაკუთრებული გუნდი გახდა. 35 წლის პროფესორმა დაალაგა გუნდი, იდეალურ მწვრთნელთან და მის ასისტენტთან (ფრენკ ვოგელი და ჯეისონ კიდი) ერთად შეკრა კოლექტივი და ლეიკერსმა დაიწყო.

ლებრონი იყო დაუნდობელი და ამავე დროს, მოკრძალებული. ის უფრთხილდებოდა სხვა ვარსკვლავებს და მათ თამაშის საშუალებას აძლევდა. როგორც - როჯერ ფედერერი. როდესაც როჯერი მაინც იგებს, და, ის, მეორე მოთამაშე გულგატეხილი არ არის. ეს მხოლოდ უდიდესებმა იციან.

ლებრონთან ერთად გუნდმა ვერ დაკარგა კონცენტრაცია. არ მოდუნდე, ან - წაგართმევენ იმას, რის გამოც ცხოვრობ - იყო ლებრონის მოწოდება და ლეიკერსმა ეს გაიგო.

 

* * * * *

 

ორლანდოში ჩატარებულმა მონაკვეთმა დაამტკიცა, რომ არის NBA და არის ლებრონი.

ალბათ, ეს ჯეიმსის ყველაზე იოლი ტიტულია. პირველ რიგში, მოწინააღმდეგეების გამო. აღარ იყო დაუნდობელი და ყისმათიანი გოლდენ სტეიტი. ვერ გაქაჩა კლიპერსმა და სხვები ბოლომდე არც ითვლებოდნენ.

ლებრონის აგრესიამ, ლტოლვამ და შიმშილმა ახალი მოტივაციით აათამაშა დუაიტ ჰოვარდი, რაჟონ რონდო და დენი გრინმაც ერთი წლით გადადო დაშლილებში მისვლა. მათზე, მთელ გუნდზე, ლეიკერსის ისტორიაზე და კობი ბრაიანტის ხსოვნაზე პასუხისმგებელი იყო ის, მეფე.

რომელიც მეგობრულად გახდა ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე. მეოთხედ გახდა. საშუალოდ 29.8 ქულით, 11.8 მოხსნით და 8.5 პასით. მონსტრი. და, ალბათ, ლებრონს მეტიც შეეძლო.

ლებრონმა გაიმეორა მაიკლ ჯორდანის მიღწევა. ჯეიმსი გახდა მეორე მოთამაშე ისტორიაში, რომელსაც რეგულარულის და ფინალის 4+ MVP აქვს მოგებული. კიდევ მოიგებს.

და, ლებრონი დღეს ნაკლებად ფიქრობს ჯორდანზე. უფრო, დასვენებაზე. რომ შემდეგი სეზონის დაწყებამდე ერთი წლით დაბერებული სხეული საუკეთესოდ მოამზადოს.

ლებრონმა დადო სიტყვა, რომ ლეიკერსი ჩემპიონი გახდებოდა.

ნათქვამია და შესრულებულია.

ლებრონმა ეს ჩემპიონობა კობის და მისი პატარა ანგელოზის ხსოვნას აჩუქა. როიალური, მეგობრული ჟესტი.

ლებრონს დაუხარა თავი მეჯიქ ჯონსონმა. ლებრონი შეუყვარდა ყველას, ვისაც უყვარს ლეიკერსი. და, ალბათ, ვისაც არ უყვარს, იმასაც შეუყვარდა მეფე.

და, თუ თქვენ გგონიათ, რომ კავაის ან დიურანტს ლებრონის შეწუხების ერთპროცენტიანი შანსი მაინც აქვთ, კალათბურთიდან ბიატლონზე გადაერთეთ. დაისვენეთ კალათბურთისგან.

 

* * * * *

 

რადგან, არიან ვარსკვლავები.

არიან სუპერსვარსკვლავები.

არიან დიდი ჩემპიონები.

არიან ლეგენდები.

და, არის ერთი მეფე. ლებრონი.

როგორ გაგვიმართლა, რომ ლებრონის ეპოქაში ვცხოვრობთ, ჩემო კარგებო.