კოტე ტუღუში: მხოლოდ ჩემპიონობა!

ქუთაისმა მშვენივრად გახსნა სეზონი. კოტე ტუღუშმა ამჯერადაც კარგი სელექცია ჩაატარა, აიყვანა გამოცდილება და ქუთაისი ფავორიტია.

ყველა ტურნირზე. ყველა მოწინააღმდეგესთან. გუნდი კალათბურთს თამაშობს. არ იღლება, არ დგას, არ წვალობს. უბრალოდ, ლამაზად თამაშობს.

და, ქუთაისი სეზონის პირველი ოფიციალური ტურნირის - დუდუ დადიანის მემორიალის ჩემპიონი გახდა. ფინალში, კარგ რუსთავთან კოტეს გუნდი უკეთესი, უფრო ორგანიზებული და მიმწოლი იყო.

92:78. უალტერნატივოდ. ახალი, ძველი მოთამაშეებით. დაგლიჯეს ილია ლონდარიძემ (ტურნირის MVP) და აკაკი დვალიშვილმა. სხვებმაც აკრიფეს.

 

კოტე ტუღუში: ტურნირისთვის ხანგრძლივი, არანორმირებული მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. მაგრამ, პრინციპში, ყველა ერთნაირ პირობებში იყო. პანდემიამ დიდი დრო წაგვართვა და დაკარგულის ანაზღაურებას უკვე პროცესში ვეცდებით. ტურნირზე ჩვენ კონკრეტული მიზანი გვქონდა - ჩემპიონობა. დუდუ დადიანის მემორიალი იყო ერთადერთი ტურნირი, რომელიც მე ქუთაისთან ერთად არ მქონდა მოგებული. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი მშენივრად დასრულდა.

 

ოდნავ მძიმედ შეხვედით ტურნირში.

კ.ტ: დიახ, ასე იყო. ჯგუფში ორივე თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ძალიან კარგ, სწრაფ და ორგანიზებულ ოლიმპთან (რომელსაც აკლდა ლიდერები) საინტერესო თამაში გვქონდა და ბოლოში ჩვენ უფრო გაგვიმართლა. 77:75. იგივეს თქმა შემიძლია მეორე მატჩზეც - აფხაზეთთან (87:86, ავტ.). ალბათ, ნეიტრალურმა გულშემატკივარმა მიიღო სიამოვნება დაძაბული კალათბურთით. რთული იყო, მაგრამ რჩება შედეგი და ჩვენ ამ შედეგით ნახევარფინალში გავედით.

 

ფინალს დავუბრუნდებით. ვცდები, თუ გუნდს ზედმეტად თავისუფლად ათამაშებდით?

კ.ტ: დიახ, გუნდს თავისუფლება მივეცი. ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს და კარგი იქნება, თუ ბიჭები ჩემი ჩარევის გარეშეც დაალაგებენ ურთიერთგაგებას, უკეთ შეეწყობიან ერთმანეთს. ასე უფრო ბუნებრივი იქნება. თან, თითქმის ყველას ვიცნობ, ბევრთან დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება მაქვს და ეს კარგია. თავისუფლებასთან ერთად უბრალოდ, შედეგიც უნდა იყოს.

 

ასე თამაშს აპირებთ?

კ.ტ: იცით, როგორ გიპასუხებთ? მოწინააღმდეგეს გააჩნია. ზოგთან ასეთი კალათბურთი მომგებიანია. სადღაც, მეტი სიმკაცრე იქნება საჭირო. მატჩი მატჩზე არ მოდის. ხვდებით, არა?

 

დიახ, ვხვდებით. ილია ლონდარიძე სუპერლიგაში ჩემი და, ალბათ, ბევრის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა. მისი აყვანა არ იყო დაკავშრიბული გარკვეულ რისკთან?

კ.ტ: ჩვენ მხოლოდ სათამაშო ფაქტორებიდან გამოვდივართ. ილიას აქვს უდიდესი გამოცდილება და მე მას ვენდობი. ლონდარიძე არის კარგი ლიდერი და შეიძლება, არ აგროვებს ყველაზე მეტ ქულას ან - მოხსნას, მაგრამ ის გუნდს ბევრს აძლევს. პირველ რიგში, მაგალითს მოედანზე და მოედნის მიღმა. ეს მნიშვნელოვანია. გუნდში ლონდარიძეს ყველა ბოლომდე ენდობა. მჯერა, რომ ილიას და აკაკი დვალიშვილის დუეტი ეფექტური იქნება.  

 

და, ფინალი. ელოდებოდით ასეთ, შედარებით მარტივ მოგებას?

კ.ტ: მარტივი არ ყოფილა. მომენტებში ჩვენ უკეთესები ვიყავით, მაგრამ რუსთავი პრობლემებს გვიქმნიდა. რუსთავი პერიმეტრზე ძალიან კარგად არის დაბალანსებული, ჰყავს კარგი მაღლები და საერთოდ, სახიფათო გუნდია. ბედნიერი ვარ, რომ ქუთაისს ფინალში ბევრი კარგი სვლა გამოუვიდა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვკმაყოფილდებით შედეგით. დიდი სურვილი მაქვს, რომ გუნდმა უფრო დაბალანსებული, აკურატული კალათბურთი ითამაშოს. ამაზე ვმუშაობთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის ყველა წევრს გაწეული სამუშაოსთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია.   

 

ფოტო: www.gbf.ge