ჯადოქრების ლიგა

ლებრონ ჯეიმსის ჩვეულებრივი მაგიით ლეიკერსი შემდეგი რეგულარულის ფავორიტად რჩება. სახიფათოა ლებრონის და მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ წასვლა.

ყოველთვის სახიფათოა.  

გუნდი, სადაც ჯეიმსის გარდა დომინირებდა ენტონი დევისი და ერთმა საოცარმა ვეტერანმა გუნდს ბევრი მისცა. ეს ვეტერანი ლებრონმა შეუკვეთა და ეს ვეტერანი კარგი მეგობარი გახდა. ჯეიმსის მეგობარი. დღევანდელ NBA-ში წარმატებისთვის ეს ყველაზე მკვლელი არგუმენტია.

ეს მეგობარი იყო რაჟონ რონდო. ჭკვიანი გამთამაშებელი. კლასიკური პირველი ნომერი.

და, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო პირველი ნომერი. ყველა კომპონენტის (ჩემპიონობა, პირადი აღიარება, რეკორდები, გავლენა ლიგაზე) გათვალისწინებით?

ჩამოვყაროთ.

 

5. ჯეისონ კიდი - მეჯიქ ჯონსონის და ლებრონის შემდეგ, არავინ არ აკონტროლებდა თამაშის ტემპს კიდზე უკეთ. სამმაგი დუბლების მანქანა რასელ უესთბრუქამდე. უმაღლესი ინტელექტი. საუკეთესო პირველი ნომერი პირველი შეტევის დროს. კარიერის პიკზე, კიდი ხუთჯერ გახდა ლიგის ლიდერი პასებში და ჩვეულებრივი ნიუ ჯერსი ორჯერ ფინალამდე მიიტანა. გენიოსი, რომელიც დალასთან ერთად ჩემპიონიც გახდა. ლეგენდა. და, ლეიკერსის მწვრთნელი.

 

4. აიზია ტომასი - ყველაზე შეუჩერებელი პირველი ნომერი. ერთი-ერთზე თამაშის დროს, ტომასი კლავდა ნებისმიერ დამცველს. საუკეთესო წლებში, აიზია იყო შეუდარებელი და მისტერ ტომასმა ორჯერ დეტროიტს ფინალი მოაგებინა. საოცარი უნარები, ცეკვა ბურთთან ერთად და ელეგანტური დომინაცია. ეს იყო აიზია და ტომასმა მთელი კარიერა დეტროიტს დაუთმო. გენიოსი, რომელიც ბოლომდე არ დააფასეს. გენიოსი, რომელიც ცვლიდა თამაშს.

 

3. ოსკარ რობერტსონი - სამმაგი დუბლების მანქანა, რომელიც სადღაც, მაინც, უკანა პლანზე იყო გადაწეული. იმ, ძველ, ზღაპრულ კალათბურთში ოსკარმა შეიტანა დისონანსი და მანამდე არნახული ათლეტურობა. რობერტსონი იყო ყველაფერი, რას კალათბურთს აკლდა. ოსკარმა სეზონი საშუალო სამმაგით დახურა. MVP, ჩემპიონი და პერსონაჟი, რომელიც დღემდე ზღაპრის გმირი ჰქონიათ. ჩვეულებრივი მოკვდავები კალათბურთს ასე არ უნდა თამაშობდნენ.

პირველ ორზე ხვალ წავიჭორაოთ.

დროებით.