ჩრდ. მაკედონიამ პირველობა ბოლო წუთებზე შეინარჩუნა

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდ. მაკედონიას შეხვდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

 

აღსანიშნავია, რომ ვაისმა დაცვითი შემადგენლობა დააყენა. მოგეხსენებათ საქართველოს ნაკრები მატჩს საკადრო პრობლემებით შეხვდა და ეს გარკვეულწილად ამანაც გამოიწვია.

 

მატჩი ჩვენთვის ცუდად დაიწყო. შეხვედრის დასაწყისშივე ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაშში საბა ლობჟანიძე ჩაერთო. 

 

პირველი ნახევარი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. არ იყო სახიფათო მომენტები და გუნდები ფრთხილობდნენ. ტაიმის ბოლოს ჩრდ. მაკედონიელებმა შეუტიეს და ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა განსაკუთრებული არაფერი. 45-ე წუთზე ბუბა დაუშვილსაც შეეძლო გატანა, მისი დარტყმული კარს ასცდა. 

 

მეორე ნახევარი ქართველთა შეტევით დაიწყო. გადმოვარდნილ ბურთს კვლავ ბუბა დაუშვილი დაუხვდა და ძლიერად დაარტყა, მისი დარტყმული მეკარემ აიღო. ჩრდ. მაკედონიელებმაც აქტიურად დაიწყეს და სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა კვლავ უშედეგოდ.

 

67-ე წუთზე ჩრდ. მაკედონია რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მასპინძელთა მეკარემ სტოლ დიმიტრიევსკიმ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ჩრდ. მაკედონიელები 1 თვის წინ გამართულ მატჩშიც თბილისში რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. 

 

წითელი ბარათის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა შეცვლებს მიმართა, რითიც შეტევა გააძლიერა და ამან გაამართლა კიდეც. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც რამდენიმე წუთის შესული იყო მოედანზე, ორი ფეხბურთელი მოატყუა, საჯარიმოში შევიდა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ისე როგორც ამას რუბინში აკეთებს ხოლმე. ხვიჩამ ეროვნულ გუნდში პირველი გოლი გაიტანა.

 

 

კვარაცხელიას მსგავსად ასევე აქტიური იყო კიდევ ერთი შეცვლაზე შესული ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა. მან თითქმის ყველა ბურთი მოიგო და კარშიც ურტყამდა. კვეკვესკირის პასის შემდეგ მას გატანის რეალური მომენტი ჰქონდა და მასპინძლები ძელმა გადაარჩინა.

 

სამწუხაროდ სომხეთთან მატჩის მსგავსად ბოლო წუთებზე გოლი გავუშვით და ქულას დავჯერდით. დამატებულ წუთებზე საქართველოს ნაკრების საჯარიმოში პენალტი დაინიშნა და ალიოვსკიმ გაათანაბრა. 

 

საქართველოს ნაკრები 6 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს ჩრდ. მაკედონიასაც, რომელმაც პირველი ადგილი შეინარჩუნა. 

 

საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს სწორედ ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს, ეს შეხვედრა გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება, გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. აღნიშნული მატჩი 12 ნოემბერს დინამო არენაზე გაიმართება.