სტეფიც ჯადოქარია

კალათბურთის ისტორიაში ორი საუკეთესო პირველი ნომერი. ორი განსაკუთრებული პირველი ნომერი.

ორივემ შეცვალა კალათბურთი. ორივე იყო, არის ეპოქალური და განსაკუთრებული. და, ისინი გუნდისთვის შეუცვლელები იყვნენ, არიან.

წარმოგიდგენთ ორ ჯადოქარს.

 

2. სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) - კალათბურთი სტეფისთვის ლეგოს კონსტრუქტორი გახდა. თავიდან, ოდნავ გაუჭირდა აწყობა და, როგორც კი დაამუღამა, ყველაფერს სწრაფად და ღიმილით აკეთებს. სტეფი იგებს და არ იძაბება. სტეფი იგებს და მისი კალათბურთით ყველა კაიფობს. ისინიც, ვისაც სტეფი ლასოს უჭერს და ტკივილით ეფერება. ეს სტეფის სამყაროა. კარისთან ერთად გახდა ჩემპიონი კევინ დიურანტი. მანამდე, კევინი სტეფთან აგებდა. კარისთან ერთად გახდა ჩემპიონი ზაზა ფაჩულია. მანამდე, ზაზა უტიტულოდ ასკდებოდა კედელს. და, სტეფმა გოლდენ სტეიტს უკვდავება აჩუქა. კარის სისწრაფე, მისი ინტელექტი ყველა პირველ ნომერთან გარჩევაში გადამწყვეტია. და, კარი ჯერ იდგება. კარი ჯერ შეასრულებს. ეს სტეფის სამყაროა. ეს სტეფის ჯადოსნური წრეა. ორგზის MVP, როლმელიც კალათბურთის სიტორიაში უძლიერესი სნაიპერი გახდა.

 

1. მეჯიქ ჯონსონი (ლეიკერსი) - ამ ბუნჩულა კაცმა ყველაფერი მოასწრო და სამყარო დღესაც თავს უხრის მეჯიქს. რომელსაც დღესაც ყველაზე მომაჯადოვებელი ღიმილი აქვს. რომელიც დღესაც დიდია. რომელსაც უსმენენ და რომელსაც ყოველთვის უსმენდნენ. იდეალური ორკესტრატორი, რომელიც ლეიკერსის ანსამბლში ყველა ინსტრუმენტს დროულად აჟღერებდა, სმენადობას აძლევდა. მეჯიქი იყო ქვინსი ჯოუნსი, რომელმაც პოპ მუსიკის ისტორიაში ყველაზე დიდი კომპოზიცია წაიყვანა. და, როგორც იქ, სტივი უანდერის, რეი ჩარლზის, მაიკლ ჯექსონის და დაიანა როსის შედევრში, მეჯიქიც მთელი სამყაროა. ალბათ, არ მოსულა ხუთგზის ჩემპიონის, რეგულარულის სამგზის MVP-ს სტატისტიკით შეფასება, მაგრამ ჯონსონი აქაც გამორჩეულია. შარმი და ლიდერის მიმწოლი ხასიათი. ეს იყო ჯონსონი. რომელმაც კალათბურთს ბევრი ფერი მისცა. ასეთი მაღალი და ელეგანტური გამთამაშებელი არ ყოფილა და, ალბათ, არც იქნება. უდიდესი.