სტამბოლის ექსპრესი თოკოსთვის

ცსკა და ფენერბახჩე ისტორიას ქმნიან. ერთმანეთისთვის. ერთმანეთთან ჩატარებული სისხლიანი ჩეხვების ისტორიას.

ბოლო ათი გარჩევა - 5:5.

ბოლო წლების ორი ტანკი. და, სტამბოლში კიდევ ერთხელ დაიძრა ლავა. რომელმაც ამჯერად მასპინძლები დაწვა. ფერფლის წვიმაში ცსკამ მოიგო.

78:77. დამატებით დროში.


და, თორნიკე შენგელიამ სასტარტოში დაიწყო. 8 ქულა, 8 მოხსნა, ძალიან კარგი დაცვა და ცუდი პროცენტი თამაშიდან.

თოკომ ეგრევე ორი სამიანი ისროლა. ვერ ჩააგდო. და, სამწამიანიდან რამდენიმე სროლის დროს ჩვენს კაპიტანს უბრალოდ, არ გაუმართლა. ხდება ხოლმე. თოკო მაგარი მონდომებული იყო და შენგელიამ გუნდთან ერთად მოიგო. რაც დარჩება. რაც არ ამოიშლება.

თოკომ 9 ცოცხალი სროლიდან 2 გამოიყენა. ძალიან ცუდია. დაძაბულობის გათვალისწინებით, უბრალოდ, ცუდია. კაპიტანს უკეთ შეუძლია. და, კაპიტანი აუცილებლად გამოასწორებს პროცენტს. მთავარია, ლტოლვა და აგრესია რჩება.

რაც, თოკოს ყოველთვის დიდი დოზით აქვს.

ალბათ, ჩვენ იგორ კოკოშკოვსაც ვქომაგობთ. ჩვენი დიდი მეგობარი, რომელსაც ყველგან აფასებენ. რომელსაც უნდა მოეგო. ძირითადშიც. მაგრამ უილ კლაიბერნმა (26 ქულა) სამიანი გლიჯა. წავიდა დამატებითი დრო და ფენერს აქაც უნდა დაეგდო ცსკა. და, კიდევ ერთხელ, კლაიბერნი. 2+1.

ფენერმა ბოლო სროლა ვერ გამოიყენა და ცსკამ სტამბოლი მოგებით დატოვა. და, თოკოს გუნდს ამ მატჩშიც აკლდა ნიკოლა მილუტინოვი. და, იანის შტრელნიექსი. და, სემიონ ანტონოვი. მათთან ერთად ცსკა შეიცვლება.

მანამდე, თოკო იგებს და იგორს, წარმატებები.

გვიყვარხარ, მისტერ კოკოშკოვ.