ნოემბერში ჩვენ უნდა მოვიგოთ! ნოემბერში ჩვენ მოვიგებთ!

 

 

 

 

 

 

ვიცი, რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა გუნდმა, რომელიც 1:0-ს იგებს, სულ მცირე ეს მეტობა უნდა შეინარჩონოს.

ისიც ვიცი, რომ გუნდი ზედიზედ ორ (ბელარუსთან თამაშის ჩათლით სამ) შეხვედრაში ამდენ საგოლე მომენტს ქარს არ უნდა ატანდეს, მაგრამ გავატანეთ.

დიახ, შემიძლია ჩემი ერთი კვირის წინანდელი ბლოგის მთავარი ფრაზა გავიმეორო და აქვე დავსვა წერტილი: შეაგდე და მოკალი, რა თამაში! მითუმეტეს, როცა მეტოქეს სჯობიხარ.

კიდევ, ვიცი, რომ დაცვაში ვცდებოდით (განსაკუთრებით გურამ კაშიასა და საბა კვირკველიას გარეშე, სომხეთთან).

 

 

აქა-იქ შეცვლებიც არ მომეწონა. როგორც სომხეთთან ასევე ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის სიმძიმის ცენტრი თითქოს თავად გადავიტანეთ ჩვენი საჯარიმოს მისადგომებთან.

მაგრამ, ისიც ვიცი, რომ აი, ახლა, ჩვენს ნაკრებზე ცუდს არაფერს ვიტყვი. გამორიცხულია. დღეს მე ბიჭების და ვლადიმირ ვაისის გვერდით ვდგავარ მოუთმენლად ველი ნოემბერს.

ნოემბერში ჩვენ უნდა მოვიგოთ! ნოემბერში ჩვენ მოვიგებთ!

დიახ, ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც შეგვიძლია და ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაც. სომხები, რომლებზე უკეთ მეორე შემადგენლობითაც კი ვითამაშეთ, ამბობენ ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთო და ჩვენ ხომ მითუმეტეს. სომეხთა ამბიცია სამაგალითოა, ჩვენთვის კი სხვა მიზანია გამორიცხული.

საქართველოს ნაკრებმა — მიუხედავად იმისა, რომ გვერჩივნა ბევრი რამ უკეთ გაეკეთებინა — საკუთარი თავი ისეთ პოზიციაში ჩააყენა, საიდანაც უკან ვეღარ დაიხევს. როგორც ცხრა თვის ფეხმძიმე ქალი ვერ იტყვის, ბავშვის გაჩენა აღარ მინდა, გადავიფიქრეო, ისე აღარ აქვთ ვლადიმერ ვაისსა და მისი ფეხბურთელებს სხვა გზა. მხოლოდ წინ!

 

 

რასაკვირველია, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის სკოპიეში ჩატარებული თამაში ახლოსაც არ იქნება იმასთან 12 ნოემბერს თბილისში რომ გაიმართება. ეროვნულზე, იმავე გუნდების მონაწილეობით სხვა დონის მატჩი გველის. მატჩი წაქცევამდე.

ახლა საჭიროა ფეხბურთელებმა ყველა ღონე იხმარონ და თავიანთ კლუბებში საუკეთესოდ მოემზადონ. იქ ივარჯიშონ და ითამაშონ, ფიქრით კი ნაკრებზე იფიქრონ. ტრავმირებულებმა ექიმების მითითებები ზედმიწევნით უნდა შეასრულონ; ქუჩაში, თუ საჭირო იქნება, ყველამ ორ-ორი პირბადით უნდა იაროს — ნოემბრამდე საქართველოს ნაკრებს კორონავირუსიც კი ვერ უნდა შეეხოს.

და, რასაკვირველია, იმედია, რომ 12 ნოემბერს ეროვნულზე გარკვეული რაოდენობით მაყურებელსაც დაუშვებენ, თორემ ძალიან სუსტია ის ლოგიკა, რომ პოლიტიკური თავყრილობები შეიძლება, სპორტული კი არა. აქ, ბატონებო, საკვანძო სიტყვა პოლიტიკა ან სპორტი კი არა, თავყრილობაა. ვირუსს თემა არ აინტერესებს, ხალხს რომ ხედავს იქ ვრცელდება.

ხოლო, ერის ერთიანობისა და ფსიქოლოგიური სტიმულირების თვალსაზრისით, მერწმუნეთ, ის რაც 12 ნოემბერს სტადიონზე შეიძლება მოხდეს გაცილებით მეტი იქნება იმაზე, რაც 31 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან მოხდება.