ლონდარიძე მზად იქნება

ქუთაისში ქუთაისელები გქომაგობენ. ალბათ, საკუთარ გუნდზე ყველაზე დაუნდობლად შეყვარებული გულშემატკივარი ქუთაისს ჰყავს. შეიძლება, იგივე თქვას რუსთავის ან - ბათუმის ფანმაც, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არ არის აქ მთავარი.

ქუთაისმა აიყვანა ილია ლონდარიძე. ძალიან კარგი სვლა. ქუთაისმა აიყვანა გამოცდილება და პირველ რიგში, ლიდერი.

ლონდარიძე იგებს მაგალითით, რაც სპორტში აუცილებელია. ლონდარიძე იგებს კლასით, რაც ქართულ კალათბურთში ქართველებისგან იშვიათია. რეზო როგავა, გიორგი ბარბაქაძე, მიშა ჭოჭუა და, ალბათ, ბექა ბექაური. ეს ოთხი კლასით ნებისმიერ დროს შეგისრულებს. დანარჩენები ფიზიკაზე ან ასაკზე ჩამოჯდნენ და პლიუსების დაწერას ელოდებიან. ეს ჩვეულებრივია.

ისევე, როგორც ის, რომ კლასით მოგება ძალიან რთულია.

და, ამ კლასს ქუთაისი დააფასებს. რთულია წარსულით ცხოვრება. რთული და ზედმეტი. ამ შემთხვევაში, ყველას ინტერესშია, რომ ლონდარიძემ ქუთაისში თავი კომფორტულად, მეგობრულად იგრძნოს. და, როდესაც გულშემატკივარი წარსულს იხსენებს, იმ წარსულში  მხოლოდ ილიას მონდომება და საკუთარი გუნდისთვის მოგების ცხოველური სურვილია.

აი, ეს უნდა დარჩეს.

ილო ქუთაისისთვის შეუცვლელი იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან კარგ თანაგუნდელზე,და, ალბათ, საუკეთესო კაპიტანზე სუპერლიგაში.

სტატისტიკით მოთამაშის სარგებლიანობის, მისი სტატუსის გაზომვა არასწორია. ნუ, მე ასე არასოდეს არ გამიკეთებია. სტატისტიკა კოლექციონერებს უყვართ. კალათბურთში უფრო კლასი და გუნდურობა იგებს. ყველა კლასით და გუნდურობით იგებს. სხვა შანსი არ არის.

და, აი, ამ ორ კომპონენტში ილო შეუცვლელია.

ერთადერთი პრობლემა, რაც ბოლო წლებში არის, ზედმეტი ფოლებია, მაგრამ ამას უკვე კოტე ტუღუშმა უნდა მიხედოს. სადაც საჭიროა, დაქაჩოს ილო და პაუზის აღება უთხრას. სადაც საჭიროა, დაასვენოს ლიდერი და ასე შემდეგ რა...

ლონდარიძემ გააკეთა არჩევანი და გააკეთა არჩევანი ქუთაისმაც. ალბათ, ამ პოზიციაზე და საჩემპიონო ამბიციების მქონე გუნდისთვის ეს საუკეთესო მაღალი არჩევანი იყო. პლიუს, ქუთაისში ირბენს აკაკი დვალიშვილი. იდეაში, ბიჭებმა ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ.

ლონდარიძემ უკვე მოასწრო, უკვე მოიგო ახალ გუნდთან ერთად ერთი ტურნირი. დუდუ დადიანის მემორიალი. ლამაზი კაცის ხსოვნის ტურნირი. და, ილო აქ საუკეთესო გახდა.

რომც არ გამხდარიყო, ეს ჯილდო ქუთაისის მუზეუმში წავიდა.

და, როდესაც ქუთაისში გუნდი მოსაგებს მოიგებს და ამ გუნდს დიდ დახმარებას ილო გაუწევს, მესიამოვნება, თუ გულშემატკივარი მას დააფასებს.

ლონდარიძე ამას იმსახურებს.