გოლდენ სტეიტის სერიული მკვლელები

სტეფ კარი და კლეი ტომფსონი NBA-ს ისტორიაში საუკეთესო წყვილია. ყველაზე შეუჩერებელი წყვილი. და, თუ თქვენ თვლით, რომ ეს წყვილი დაცვაში დასტინ ჰოფმანსაც ვერ გააჩერებს, თქვენ მაგრად ცდებით.

ალბათ, ყველა დროის საუკეთესო 1-2 ნომრების წყვილებში რამდენიმეს გამორჩევა შეიძლება.

ყველა ვარიანტში, ბობ კუზის და სემ ჯოუნსის წყვილი. ამ ბიჭებმა ბოსტონს დიდება აჩუქეს. ამ ბიჭებმა გენიალური შეტევით და აგრესიული დაცვით ბოსტონს უკანა ხაზში ყველა პრობლემა მოუგვარეს და, შემდეგ, მოვიდა ბაბუა ბილი.

აქვეა მეჯიქ ჯონსონის და ბაირონ სკოტის ტანდემიც. მეჯიქის არტისტიზმი და სკოტის მიმწოლი ხასიათი კლავდა ყველას, ვინც ლეიკერსის გზაზე დგებოდა. მეჯიქი იყო შემქმნელი, სკოტი - შემსრულებელი. და, ძალიან მაღალი დონის შემსრულებელი.

აუცილებლად, აქვე არიან აიზია ტომასი და ჯო დუმარსი. შედეგი (ორი ჩემპიონობა), დაცვა, ლიდერობა - აქ ყველაფერი წესრიგში იყო და დეტროიტმა კლუბის ისტორიაში ყევლაზე წარმატებული ეპოქა და ორი შემსრულებელი მიიღო.

ნებისმიერ შემთხვევაში, ტონი პარკერი და ემანუელ ჯინობილი. სან ანტონიოს მაგიური კალათბურთის ორი შემოქმედი. ბიჭები თავს უხრიდნენ გუნდურ ინტერესებს და ტიმისთან ერთად ყველაფერს იგებდნენ. მანუ იყო იმპროვიზაცია და ტონი - ფანტაზია და მიმწოლი ხასიათი.

უოლტ ფრეიზერი და ერლ მონრო, გაილ გუდრიჩი და ჯერი უესტი. ეს ბიჭებიც დომინირებდნენ.

უბრალოდ, სტეფი და კლეი სხვა დონეზე განადგურებენ, სხვა დონეზე გკლავენ. და, როდესაც კლეი დაცვაში მიზანს ირჩევს, იმ მოთამაშეს მოხაზული აქვს. ძალიან სწრაფი ხელები აქვს სტეფსაც, თუმცა, მას კლეი აზღვევს და ეხმარება დაცვაში.

შეტევაში ეს ორი შეუჩერებელია. საშუალოდ, 60-65 ქულა ჩვეულებრივი მომენტია. უბრალოდ, სტივ კერს და გოლდენ სტეიტს ეს მათგან არ სჭირდება. თუ გუნდი იჭედება და მოსაგებად ორივე გენიოსი უნდა დაიტვირთოს, ეს ასე მოხდება, მაგრამ - ძალიან იშვიათად. კერს ყოველთვის აქვს სათადარიგო ვარიანტი და კერს არ უყვარს ვარსკვლავების დაუნდოებლი ექსპლუატაცია.

კარი და ტომფსონი ახალ სეზონშიც დაიქოქებიან და გოლდენ სტეიტის პილორამა სისხლიანი იქნება.

სერიული მკვლელები იწყებენ. ჩართეთ ჰანემანის და კინგის კლასიკა. რადგან გოლდენ სტეიტის ოპონენტები დღეს სისხლის წვიმაში გაივლიან.