ნიკე და 101:4: ჩემპიონობა და პრობლემები

ქალთა ფეხბურთს შევეხოთ... ეროვნული ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ჩემპიონი უკვე გაირკვა: თბილისის ნიკე. გუნდმა 12 თამაშიდან ყველა მოიგო, ბურთების შეფარდება კი ასეთი აქვს - 101:4. ნიკეს საშუალოდ ერთ შეხვედრაში 8 გოლზე მეტი გააქვს. გასულ ტურში, სადაც ჩემპიონობა გაინაღდეს, მცხეთას 16:0 სძლიეს.

 

ნიკე ახლო წარსულში თბილისის დინამოსა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გივი კვარაცხელიას შექმნილი კლუბია. არა მხოლოდ შექმნა, მწვრთნელიც ის გახლდათ. ნიკე  შარშანწინაც გახდა ჩემპიონი, შარშან კი ტიტული ლანჩხუთის გურიამ მოიპოვა და აი, თბილისელებმა ისევ დაიბრუნეს.

 

როგორია ნიკე და საერთოდ, რა ხდება ქალთა ეროვნულ ლიგაში, ამაზე გუნდის მცველ თაკო ტატუაშვილს (ფოტოზე N 13) ვესაუბრეთ. თაკო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და საზღვარგარეთ თამაშობდა.

 

 - მოხარული ვარ, რომ ჩემპიონები გავხდით. 20 ოქტომბერს ბოლო ტური გვაქვს ვარკეთილში, ბათუმელების წინააღმდეგ. მატჩის მერე იქნება დაჯილდოვება. პირადად მე თურქეთის ჰაქარისფორში ვთამაშობდი და წლეულს დავემატე გუნდს. ვფიქრობ, დამსახურებული ჩემპიონობაა, ამას ქულების რაოდენობაც მოწმობს. ყველა თამაში მოვიგეთ. ეს მოვახერხეთ 13 ფეხბურთელით.

 

...ბასას ბაზაზე ვვარჯიშობთ, თამაშებს კი ვარკეთილში ვატარებთ. ზოგადად, ქალთა ლიგა რთულ მდგომარეობაშია. ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ზოგადად ყურადღება არ ექცევა ბიზნესმენებისგან, არ ინტერესდებიან და ელემენტარულად იმის საფრთხე იქმნება, როგორ უნდა გავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე.

 

...ხელფასების პრობლემაა. მე შეიძლება მაქვს ხელფასი, მაგრამ ლიგაში უმეტესობას არ აქვს. არადა, ელემენტარული პირობები რომ იყოს, პროგრესი მალე დაეტყობოდა ლიგას. 14 გუნდი იყო ლიგაში, ერთ წრედ ჩატარდა. ის ფაქტი, რომ 13 ფეხბურთელით გავხდით ჩემპიონები, კარგი არაა.

 

...გივი კვარაცხელია ბევრს აკეთებს გუნდისთვის. მოთამაშე-მწვრთნელია ნაკრების გამოცდილი ფეხბურთელი ტატა მატვეევა. საერთოდ, ნიკედან მთავარ  ნაკრებში ექვსნი ვთამაშობთ“.