ბათუმის დინამომ პირველობა დაიბრუნა

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ბათუმის დინამო საბურთალოს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. აფიშიდან გამომდინარე მატჩი საინტერესო სანახავი უნდა ყოფილიყო, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა. 

 

პირველ ტაიმში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. უმეტესად იყო ბრძოლა და შეტევის მცდელობა, თუმცა ეს არ ჰგავდა იმ თამაშს, რომელშიც ჩემპიონატის ფავორიტები იღებენ მონაწილეობას. 

 

მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდა და ეს მეტწილად ბათუმელთა დამსახურებაა, რომლებიც მალევე დაწინაურდნენ. 51-ე წუთზე გაფრინდაშვილის დარტყმული კუპატაძემ უხეიროდ მოიგერია, ბურთი ხარიხას მოხვდა და დამატებაზე ჯიღაურმა შეაგდო. ჯაბამ მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი გაიტანა და ბომბარდირობის კანდიდატია, გაფრინდაშვილი კი დღეს ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 

 

საბურთალო საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა, მატჩის ბოლოსაც კი გუნდი ვერ უტევდა. საბურთალოს ძალიან ეტყობა ტრავმირებული გიორგი კოხრეიძის არყოფნა, რომელიც თბილისელთა ლიდერია.

 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა უხეში გამოდგა. მსაჯმა ფეხბურთელებს 9 ყვითელი ბარათი უჩვენა. ირაკლი კვირიკაშვილმა 5-ჯერ მასპინძლები გააფრთხილა, 4-ჯერ კი სტუმრები.

 

ბათუმის დინამო 26 ქულით პირველ ადგილზე დაბრუნდა და შემდეგ ტურში ლოკომოტივს შეხვდება, საბურთალო კი 20 ქულით მეოთხეზეა და მომდევნო თამაშს თბილისის დინამოს წინააღმდეგ ჩაატარებს.