ანტეტოკუმპოს საჩუქარი

მილუოკი იანის ანტეტოკუმპოს არ გაუშვებს. მილუოკიმ ბერძენი უნდა დაიტოვოს.

იანისი განსაკუთრებულია. და, განსაკუთრებულს განსაკუთრებული პირობები უნდა შეუქმნა. ადრე ასე არ იყო. დღეს - ასეა. ვარსკვლავები სათანადო მოპყრობას ითხოვენ.

მილუოკი დაუკავშირდა ინდიანას ვიქტორ ოლადიპოზე. ინდიანამ მოითხოვა მოსათხოვი და მილუოკი აქ ვერ გაქაჩავს. მაგრამ პროცესში ერთვება ჰიუსტონი და ვიღებთ ძალიან საინტერესო სამგუნდიან ბლოკბასტერს.

მოკლედ, ჩამოვყაროთ.

 

მილუოკი მიიღებს: ვიქტორ ოლადიპოს და რობერტ კოვინგტონს.

 

ინდიანა მიიღებს: ერიკ ბლედსოუს და 2020 წლის დრაფტის პირველი წრის არჩევანს (24), რომელსაც მილუოკიდან დაიბრუნებს.

 

ჰიუსტონი მიიღებს: დონტე დივინჩენცოს, ერსან ილიასოვას, 2021 წლის პირველი წრის არჩევანს (მილუოკიდან), 2023 წლის პირველი წრის არჩევანს (მილუოკიდან).

 

ამ გაცვლებით მილუოკი ქაღალდზე ყველაზე გრძელვადიანი და მომენტალური ფავორიტია.

აზრზე ხართ, სასტარტო ხუთეული, სადაც იანისთან და კრის მიდლტონთან ერთად ოლადიპო და კოვინგტონია? მშიერი ახალგარზდების ფესტივალი, სადაც უკმაყოფილო არავინ არ დარჩება. ბურთს და საკმარის სროლას ყველა მიიღებს. იანისი და მიდლტონი ერთმანეთთან ისედაც მაგრად არიან და ეს ორი თემას არ გააფუჭებს.

პირიქით.

მილუოკი კარგავს ყველაფერს. მილუოკი უარს ამბობს დრაფტით პერსპექტივაზე. და, მილუოკი მიიღებს ერთ-ერთ საუკეთესო დამცველს (კოვინგტონი) და ნიჭიერ მეორე ნომერს (ოლადიპო), რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და თავს უკეთ გრძნობს. ოლადიპო ძველი აგრესიით და ლტოლვით დაბრუნდება.

თითქმის იგივე სიტუაცია იყო 7 წლის წინ, როდესაც გოლდენ სტეიტმა ყველა დრაფტ-არჩევანი იუტას მისცა, დაიტოვა სახელფასო ბონუსი ანდრე იგუდალას დაკონტრაქტებისთვის და რამდენიმე წლის შემდეგ იგივე გზით დაიმატა კევინ დიურანტი. მილუოკიმ კარგი მოდელი აირჩია. 5 წლის შემდეგ კლუბი დრაფტ-არჩევის უფლებას დაიბრუნებს და მანამდე, იანისის გარშემო მაქსიმალურად ძლიერ და სწრაფ გუნდს შეკრავს.

რომელიც ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი იქნება.

კოვინგტონი უკეთესი გახდა შეტევაში. ოლადიპო დაეხმარება პირველ ნომრებს გამთამაშებლის პოზიციაზე. პლიუს, ბოლო ორი საფლეიოფო იმედგაცრუებიდან გამომდინარე, მილუოკის აკლდა სიღრმე შეტევაში. ოლადიპო ამასაც შეცვლის. და, ვიქტორი დაცვაშიც მოკლავს.

ინდიანა დაკარგავს ოლადიპოს, მაგრამ საშუალოდ 17 მილიონად მიიღებს ნორმალურ ბლედსოუს, რომელიც არ შეუშლის ხელს მალკოლმ ბროგდონს. ინდიანაც პლიუსშია.

ჰიუსტონისთვის უკვე სულერთია. გუნდმა მომავალი რასელ უესთბრუქს დაუკავშირა, შეცდა და აქცენტი დრაფტზე უნდა გააკეთოს. ნიუ იორკის გარდა, რასის წამყვანი არ არსებობს და თუ უესთბრუქი დარჩება, გუნდს კარგი ახალგაზრდები დასჭირდება.

ველოდებით შემდეგ სვლებს.