ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, თქვენო უდიდებულესობავ!

 

 

 

 

 

 

 

— მარადონა პელეა? — ეს არის კითხვა, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისის საბჭოთა პრესაში დაისვა. მერე, ამ კითხვაზე იცინოდნენ, როგორც ზედმეტად რიტორიკულზე და… რაღაცნაირზე.

იმ პერიოდში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გაზეთებს ძალიან უყვარდათ ზედმეტად რიტორიკული და რაღაცნაირი კითხვების დასმა. მათ განეკუთვნებოდა: რა მოხდა აბაშაში? რა ვუთხრათ ურსულას დედას? და სხვა.

აბაშაში, ჩატარდა სასოფლო სამეურნეო ექსპერიმენტი, რომელიც იმ ვითარებაში შეიძლება საინტერესოც იყო, მაგრამ თავად კითხვა გაზეთებში იმდენჯერ და ისე მრავალმნიშვნელოვნად გაიმეორეს, რომ საბოლოოდ სახალისოდ აქციეს. ხალხი ისე, უბრალოდ, გასართობად, ნებისმიერი მიზეზით კითხულობდა: რა მოხდა აბაშაში?

 

SUSRET LEGENDI: Ko kaže da se Maradona i Pele ne vole, rastužiće vas kako  Brazilac izgleda, a oduševiti potezi Argentinca (VIDEO) - Fudbal, TimeOut,  The Best Of

 

კიდევ უარესი იყო ურსულას ამბავი. ეს გახლდათ ტრაგედია — გემრანელი ქალიშვილი თბილისში ავტომობილმა მოკლა. მოხდა უბედური შემთხვევა, გაზეთებში კი, დიდი ასოებით იკითხეს, ურსულას დედას რა ვუთხრათო. გეგონება, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, მის მუშათა კლასს, გლეხობას და ინტელიგენციას ავტოსატრანსპორტო შემთხვევაზე კოლექტიური პასუხისმგებლობა უნდა აეღო. მახსოვს, ყველანი განვიცდიდით. ყველას გვრცხვენოდა.

და ბოლოს, ამ რაღაცნაირ კითხვათა რიგს სპორტის სფეროდანაც შეუერთდა: მარადონა პელეა?

ახლა, მოდი, ეს ორსიტყვიანი წინადადება გავარჩიოთ. ის უპირველეს ყოვლისა, გვამცნობს რომ გამოჩნდა ვიღაც ახალი ფეხბურთელი, გვარად მარადონა, რომელიც სავარაუდოდ იმდენად ნიჭიერია, რომ თვით პელესაც კი ადარებენ. მეორე — პელე მეფეა! ეს არის ფაქტი და განხილვას არ ექვემდებარება! ნებისმიერ ახალ ვარსკვლავს მასთან შედარების ბედნიერება თუ ხვდება წილად მადლობელი იყოს. და მესამე, სავარაუდოდ პასუხი კითხვაზე „მარადონა პელეა?“ არის: არა! (ძახილის ნიშნით). ეს, რასაკვირველია, თავად ამ კითხვაში არ ჩანს, მაგრამ მაშინ, 70-იანების და 80-იანების მიჯნაზე ძალიან იგრძნობოდა.

მერე კი გამოჩნდა, რომ მარადონა პელე კი არა, მარადონაა, მაგრამ მაშინ…

 

Pele vs Maradona: A statistical comparison of the world's two greatest  footballers

 

მაშინ იყო პელე და პელე იყო მეფე. ის იყო მეფე ბრაზილიელთა, არგენტინელთა, ურუგვაელთა, ინგლისელთა, იტალიელთა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა.

და კიდევ: პირველად იყო პელე!

არა, არ ვმკრეხელობ, უბრალოდ იმას მოგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ (მაშინდელი საბჭოთა გამოთქმით დო ნასიმენტო) იყო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველი ვარსკვლავი, რომელიც ყველამ, განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა, აღმსარებლობისა თუ მგზნებარე კომუნისტობისა, ოფიციალურად და რაც უფრო მნიშვნელოვანია არაოფიციალურად აღიარა საუკეთესოდ და შეიყვარა. ედინიო (როგორც დედა ეძახდა) ისე მიიღეს, რომ შორეულ თბილისში მეწაღეებს და დალაქებს ჯიხურებში, ხოლო ტაქსისტებს ჯერ ოცდაერთებში, მერე კი ოცდაოთხებში მისი სურათი ჰქონდათ მიკრული, ჩემმა მეზობელმა ბიჭუნამ კი გამონაკლისი პატივი მცა, შინ მიმიპატიჟა და… მისი ფერადი ფოტო მაჩვენა. მეფე ბურთზე იჯდა.

ახლა სხვა დროა. პელეს მერე ფეხბურთის ისტორიაში ბევრი მსოფლიოს ჩემპიონატი, საკლუბო და სანაკრებო შეჯიბრება ჩატარდა. იყვნენ ბუმბერაზი ფეხბურთელები, სხვადასხვა სტილის, სხვადასხვა ბედის. მე პირადად მგონია, რომ ერთი კაცი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვერ იქნება, იმიტომ, რომ „ყველა დრო“ უკვე საუკენეს გადაცდა და სხვადასხვა, ძალიან განსხვავებულ ეპოქებს მოიცავს, ხოლო პელეს დონის უდიდესი ვარსკვლავების ჩამოთვლას ერთი ხელის თითები აღარ ყოფნის. თან, ყველაფერი ტელევიზორში ჩაეტია, უკვე ყველაფერი კარგად ჩანს. მითები დოკუმენტალისტიკამ ჩაანაცვლა. გაჩნდა ახალი ეპითეტები, იყო „ღმერთის ხელი“, არის „უცხოპლანტელი“, მაგრამ მეფე… მეფე ერთია და ის არის ხელმწიფე ბრაზილიელთა, ურუგვაელთა, ინგლისელთა, იტალიელთა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა.

 

Pele's first bicycle goal for Brazil by Chung Wong • Findery

 

და 23 ოქტომბერს ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე 80 წლისა ხდება.

კიდევ მრავალ წელს გამყოფოთ უფალმა თქვენი ერთგული ქვეშევრდომების სასიხარულოდ, თქვენო უდიდებულესობავ!