კლასიკოს წინ - ვისი იქნება 97-ე?

რამდენიმე საათში, უფრო ზუსტად კი 18:00-ზე ელ კლასიკო დაიწყება. კამპ ნოუზე ერთმანეთის წინაშე ბარსელონა და რეალი წარსდგებიან და დაიწყება მატჩი, რომელიც ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივრის ყურადღებას იქცევს. მატჩი რომელის ამ გუნდების ქომაგთათვის ყველაზე დიდ მნიშვნელობას ატარებს პრინციპულ დაპირისპირებებში. ეს ელ კლასიკოა და ამით ყველაფერი ნათქვამია. 

 

ბარსელონა 7 ქულით მე-10 ადგილზეა. ბლაუგრანამ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად გააგრძელა. გუნდმა ვილიარეალს 4:0 და სელტას 3:0 მოუგო, შემდეგ სევილიასთან 1:1 ითამაშა ლა ლიგის წინა ტურში კი ხეტაფესთან 0:1 დამარცხდა. სათქმელია, რომ ბარსამ 8-დან 6 გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, რაც გვაფიქრებინებს, რომ კუმანის გუნდი სწორედ პირველ ნახევარში უფრო სახიფათოა. დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებით კარგ ფორმაში ხვდება ანსუ ფატი. მან ამ სეზონში სულ 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. კატალონიელებმა ბოლო თამაში ჩემპიონთა ლიგაში ფერენცვაროშთან ჩაატარეს და 5:1 მოიგეს.

 

კუმანის გუნდი კლასიკოს დანაკლისით ხვდება. მატჩს მარკ ანდრე ტერ-შტეგენი და სამუელ უმტიტი გამოტოვებენ, კითხვის ნიშნიშ ქვეშ დგას ხორდი ალბას საკითხი. 

 

სავარაუდო შემადგენლობა: ნეტო; რობერტო, პიკე, ლენლგე, დესტი; ბუსკეტსი, დე იონგი; გრიზმანი, კოუტინიო, ფატი; მესი.

 

რეალი ბარსელონასთან შედარებით უკეთეს სიტუაციაშია. სამეფო გუნდი 10 ქულით მე-3 ადგილზეა. ზიდანის შეგირდებმა პირველ ტურში სოსიედადთან ნულოვანი ფრე ითამაშეს, შემდეგ ბეტისს მოუგეს დაძაბულ ბრძოლაში 3:2, მესამე თამაშში ვალიადოლიდი დაამარცხეს 1:0, ლევანტეს 2:0 მოუგეს, კადისთან კი 0:1 წააგეს. ბოლო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაში ჩაატარეს, სადაც შახტართან 2:3 მარცხი იწვნიეს. ბლანკოსმა 8-დან 6 ბურთი მეორე ნახევარში შეაგდო. 

 

ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონები დანაკლისს ვერც ამ შეხვედრაში აცდნენ. გუნდს ედენ აზარი და დანი კარვახალი ვერ დაეხმარებიან. სამაგიეროდ კლასიკოში კაპიტანი სერხიო რამოსი ბრუნდება, რომელიც ტრავმირებული იყო.

 

სავარაუდო შემადგენლობა: კურტუა; ნაჩო, ვარანი, რამოსი, მარსელო; ვალვერდე, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ბენზემა, ვინისიუსი. 

 

ბარსელონა და რეალი 245-ედ ხვდებიან ერთმანეთს, მოგებების მხრივ სრული თანაფარდობაა 96-96, 53 შეხვედრა შესაბამისად ფრედ დასრულდა. 

 

ამ გუნდებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა ანგარიშში შორეულ 1943 წელს დაფიქსირდა, როცა დედაქალაქელებმა მეტოქეს 11:1 მოუგეს. ამ საუკუნეში დიდი ანგარიშით ბლაუგრანა უფრო იგებს, 5:0, 6:2. 5:1, 4:0.

 

ელ კლასიკოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 27 გოლით ლეო მესია. მესის წინა 2 სეზონია რეალისთვის არ შეუგდია და დღეს საკმაოდ მოტივირებული იქნება, რათა ბლანკოსის კარი აიღო. 

 

დღევანდელ მატჩს ხუან მარტინესი განსჯის. ესპანელი საკმაოდ მკაცრი რეფერი გახლავთ, ბოლო 10 მატჩში მან ფეხბურთელებს 61 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა. მარტინესი ესპანეთი 0:1 საქართველოს მატჩში მეოთხე მსაჯი გახლდათ.