გოლების მანქანა! სასუოლო აღარ არის საშუალო

იტალიურ და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთში ახალი ატალანტა ხომ არ გამოჩნდა? ასე მიდის საქმე. საუბარია სასუოლოზე. ამ გუნდს არანორმალურად ბევრი გოლი გააქვს და თრილერებს გვთავაზობს.

 

ჯერ მშრალი სტატისტიკა: ამ სეზონში 5 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. ზედიზედ სამ შეხვედრაში 4-4 გოლი დააბრახუნა, გუშინ კი ტორინოსთან შინ 1:3-ს აგებდა და ბოლო წუთებში მოასწრო გათანაბრება - 3:3. აი, მხიარულება...

 

ატალანტასი არ იყოს, ერთი-ორი გამოკვეთილი ბომბარდირი კი არ ჰყავს, ბევრს გააქვს. შედარებით შედეგიანია 33 წლის ფრანცესკო კაპუტო. მიმდინარე სერია ა-ში 5 ბურთი გაიტანა, წინა სეზონში კი - 21. არავინ თქვას, რომ ფეხბურთელი დაბერდა. აი, კაპუტოს მაგალითი: ადრე ახლოსაც არ იყო იტალიის ნაკრებთან, სერია ბ-ში გაჰქონდა, ახლა კი ამ „სიბერეში“ სკუადრას ფორმა მოირგო და გოლიც გაიტანა.

 

ისე, მართლა ვინ წარმოიდგენდა, რომ სასუოლოდან იტალიის ნაკრებში მიიწვევდნენ ფეხბურთელებს? პატარა ქალაქ სასუოლოში 40 000 მაცხოვრებელია, სტადიონი კი 22 000-ს იტევს.

 

სასუოლო სულ ქვედა ლიგებში იყო და შვიდი წლის წინ პირველად გადავიდა სერია ა-ში.  წარმატებები დიდწილად უკავშირდება მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს, რომელმაც გუნდი უმაღლესში მოაწყო. მოგვიანებით კარგად იმუშავა რომაშიც, როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიიყვანა. ცოტა დაუფასებელი სპეციალისტია - პირველივე ჩაგდებული სერიის მერე გაუშვეს...

 

ასეა, სასუოლო (რომელსაც ბევრი ხუმრობით საშუალოს ეძახის) წლიდან წლამდე უმატებდა, ევროპა ლიგაზეც გავიდა, ბევრი გოლი გაჰქონდა და ამ სეზონში ხომ საერთოდ გადაირია. საიდან? უბრალოდ, შეტევაზე ორიენტირებული, აგრესიული გუნდია, რომლის ოთხი შემტევიდან ოთხივეს დაყენებული დარტყმა აქვს: მეტწილად ჯურიჩიჩი, ბერარდი, კაპუტო და ლოკატელი ქმნიან შემტევ კვარტეტს.

 

ბერარდი კლუბისთვის განსაკუთრებული ფიგურაა. 26 წლისაა და სხვაგან არსად უთამაშია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წინადადება ჰქონდა. 249 მატჩი, 83 გოლი - დომენიკო სასუოლოს ყველაფერია. იტალიის ნაკრებშიც იწვევენ და დიდი ალბათობით, გაისად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ის უკანდაწეული ფორვარდია, ხან ფლანგიდან, ხან ცენტრიდან... მრავალმხრივი ფეხბურთელია.

 

ისე, ამ თვეში მიაყარა გოლები, მაგრამ წინა სეზონშიც ძალიან ბევრი გაჰქონდა: 69. სასუოლოზე მეტი მხოლოდ ხუთ გუნდს ჰქონდა გატანილი. გუნდი მერვე ადგილზე გავიდა, ამჯერად კი ახალგაზრდა რობერტო დე ძერბის გაწვრთნილ გუნდს სხვა მიზნები უნდა ჰქონდეს - ცოტა ზემოთ, ვინ იცის, საჩემპიონთალიგო ოთხეულშიც კი.

 

რატომაც არა?! იქ არაა მაგალითი ატალანტა?

 

ფოტოები

 

  1. ჯურიჩიჩი, მანიანელი, კაპუტო და ბერარდი
  2.  დი ფრანჩესკო და ბერარდი იღბლიან 2013 წელს