კლასიკო შედგა - კუმანმა მარცხით დაიწყო

ამ შაბათ-კვირის მთავარი თამაში კამპ ნოუზე გაიმართა, სადაც ელ კლასიკო ვიხილეთ, რეალმა ბლაუგრანას 3:1 მოუგო. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ კარგი მატჩი ვიხილეთ და კუმანის პირველი ელ კლასიკო მისთვის არასასიამოვნო შედეგით დასრულდა. 

 

პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო. ანგარიში მე-5 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ბენზემას გადაცემის შემდეგ ფედერიკო ვალვერდემ ძლიერი დარტყმით აიღო ნეტოს კარი. ბლაუგრანამ მალევე გაათანაბრა. მე-8 წუთზე კატალონიელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, ალბამ ფატის უპასა და 17 წლის შემტევმაც ახლო მანძილიდან შეაგდო. 

 

მეორე ნახევარში რეალი კვლავ წინ გავიდა. რამოსის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა და კაპიტანმა თავადვე შეაგდო. აღსანიშნავია, რომ 11 მეტრიანი საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დაინიშნა. 

 

ამის მერე ბარსამ უფრო შეუტია, თუმცა რეალის მცველები შესანიშნავად მოქმედებდნენ. გამოსარჩევია რაფაელ ვარანი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 

 

მატჩს წერტილი შეცვლაზე შესულმა ლუკა მოდრიჩმა დაუსვა. ხორვატმა ნეტო მოატყუა, ბარსას საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა და ელეგანტური დარტყმით გაიტანა. 

 

რეალმა 13 ქულა დააგროვა და ლა ლიგაში გალიდერდა, ბარსა კი 7 ქულით მე-10 ადგილზე დარჩა.