რუსთავი ფერადია

შარშან, რუსთავი ბევრი კარგი მოთამაშით შავ-თეთრ კალათბურთს თამაშობდა. იყო ნიჭი, იყო დიდი დოზით გამოცდილება და, არ იყო ერთიანობა.

იმ კალათბურთს აკლდა ფერები.

შეიძლება, ეს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მოიტანა. ანატოლი ბოისა ბევრს მუშაობს, ბევრს ითხოვს საკუთარი თავისგან და ალბათ, უფრო მეტს - ბიჭებისგან.

უბრალოდ, მგონია, რომ ეს რუსთავი არ იქნება ერთჯერადი გუნდი და პირველ რიგში, სიღრმით უნდა გაქაჩოს.

რუსთავმა სეზონის სტარტიდან მხოლოდ ერთი მატჩი ვერ მოიგო. დუდუ დადიანის მემორიალის ფინალი, ძალიან კარგ ქუთაისთან. და, დიდი შანსია, რომ სწორედ ეს ორი გუნდი დარჩეს საჩემპიონო რბოლის ლიდერებში. ჯერ, ასეა.

რუსთავმა დაიტოვა საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი და გაძლიერდა ლეგიონერებით. ზოგადად, საქართველოში არაქართველების შეფასება ოდნავ რთულია. სეზონის მსვლელობისას მათი რეალური ძალა და მოტივაცია უკეთ გამოჩნდება.

რუსთავს აქვს დაფინანსება, მაგრამ ეს დაფინანსება იყო შარშანაც და გუნდი მაინც ვერ აეწყო, ვერ დაიქოქა. გუნდი აგრესიულ, ფეერიულ თამაშებს რეალური ჩავარდნებით ანაცვლებდა და ეს ცუდი იყო.

ბოისა მშრომელი ახალგაზრდაა. და, აქ მისი უფროსი ძმა არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ, ანატოლი ყოველთვის მშრომელი იყო. და, როდესაც მოთამაშე ხედავს მწვრთნელის სწრაფვას, ლტოლვას და სურვილს, ის, მოთამაშეც ანალოგიურად მუშაობას იწყებს.

რუსთავს თითო პოზიციაზე თითო ძალიან კარგი მოთამაშე ჰყავს. ალბათ, კიდევ ერთი ჩამგდები მეოთხე ნომერი ზედმეტი არ იქნებოდა, მაგრამ ფინალამდე მისვლა და იქ ხმაური ამ ხალხითაც მოსულა. გააჩნია, როგორ შეუწყობს ხელს გუნდს ჯანმრთელობა.

რუსთავი ფერადი გახდა და გამიხარდება, თუ ამის შემოქმედი (პირველ რიგში) ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება.

სუპერლიგა დაიწყო. გაიშლება და უკეთ ვნახავთ ამ გუნდის პლიუს-მინუსსაც.

მანამდე - ველოდებით.

 

ფოტო: www.gbf.ge