ბუბა ბერიშვილი და მგზავრების ბევრი გზა

ბუბა ბერიშვილი ბოლო პერიოდში ფოკუსებზე გადავიდა. ილუზიონისტი მწვრთნელი, რომელიც სუსტი, ნორმალური, მაგარი სუსტი გუნდებით მაინც კარგ, ლამაზ კალათბურთს თამაშობს.

მგზავრები იგებენ. მაგრამ, უფრო ხშირად აგებენ. მგზავრებს აქვს მოგებული საინტერესო ტურნირებზე, მაგრამ გუნდმა მაინც ვერ გამოიყენა პოტენციალი.

ბუბას პოტენციალი.

როდესაც დელტა ჩემპიონი გახდა, იმ სეზონში მგზავრებს შორს გასვლა შეეძლო. ძაან მარტივად შეეძლო. და, როდესაც ფლეი ოფში დელტა მგზავრებზე გავიდა, ფავორიტი ბუბას გუნდი იყო. მარტივი მიზეზის გამო - ის დელტა რეგულარულში ვერ უგებდა მგზავრებს. გასაგებია, რომ ფლეი ოფი სხვა არის, მაგრამ ფაქტებით საუბრის დროს ესეც ფაქტია.

67:70, 13 თებერვალს მგზავრების სასარგებლოდ. ედრიან ბოუიმ 29 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი აკრიფა. ბოუი იმ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე იყო.

81:74 10 ნოემბერს, სეზონის პირველ მატჩში. ბოუი 21 ქულაზე, 9 მოხსნაზე, 2 პასზე ჩამოჯდა, ჩასაგდები ჩააგდო.

იმ დელტამ ერთიანობით, გამტანობით გაქაჩა და იმ გუნდს ჰქონდა საოცარი ხასიათი, რაც მთავარმა მწვრთნელმა, ლექსო ლაფანაშვილმა ააწყო, გამოთალა.

და, ერთადერთი გუნდი, რომელიც დელტას რეალურად პრობლემებს უმქნიდა, ყველგან უგებდა, მგზავრები იყო. რომელმაც ფლეი ოფამდე და უკვე, ფლეი ოფის დროს დაკარგა რამდენიმე ლიდერი. მძიმე იყო.

ბუბა არ წუწუნებს. ბუბა არ განიცდის იმას, რასაც ვერ შეცვლი. ბუბა უბრალოდ, აგრძელებს მუშაობას, მაგრამ რა უნდა მგზავრებს?

პერსპექტივაზე მუშაობა? საინტერესოა, მაგრამ უნდა გყავდეს სულ მცირე, რამდენიმე კარგი, სხვაზე ბევრად კარგი ახალგაზრდა, რომელიც შეგიცვლის მომავალს.

დღესვე მოგება? ამ გუნდით რთული იქნება. საქართველოში ყველაფერი იცვლება და შეიძლება, ლეგიონერები ან შენ გამოცვალო, ან - სხვამ დაკარგოს, მაგრამ მაინც, ამ გუნდით მგზავრები ბოლომდე ვერ გავა.

თუნდაც, ბუბას ნიჭის და გამოცდილების გათვალისწინებით.

მგზავრები იმუშავებს მატჩიდან მატჩამდე და ბუბას ძალიან კარგი, მცოდნე ასისტენტი ჰყავს, მაგრამ მოედანზე ნახაზები ნიჭთან ნაზავში მუშაობს, ისე - რთულია.

ბუბასთან ათამაშდა და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მაღალი გახდა სოსო გოგნაძე. ბიჭმა შარშან, მხოლოდ მესამე პროფესიულ სეზონში 9.8 ქულა და 9.3 მოხსნა დასვა და წელს უკვე 17.0+9.5 აიღო. ის აუცილებლად შეინარჩუნებს ამ დონეს.

გოგნაძე ბერიშვილმა გაქაჩა, შექმნა ისეთად, როგორიც არის ბიჭი დღეს.

და, ბუბასგან კიდევ ბევრი მაგარი სვლა გვახსოვს.

უბრალოდ, თუ ბერიშვილი მგზავრებში დიდი ხნით დარჩენას აპირებს, მხოლოდ გამოწვევებით და მისი გენიალური უნარებით ყველაფრის მოგება გაუჭირდება.

ან, იცვლება რადიკალურად გუნდის პრინციპები, არის გამოყოფილი არსებულზე გაცილებით მეტი თანხა, არ დაილეწებიან ლიდერები და ბერიშვილიც მეტ ნიჭთან ერთად ყველაფერს იგებს.

ეს ჯერ მხოლოდ პერსპექტივაა და, მანამდე, ბრავო, კიდევ ერთხელ, ბუბა. რასაც აკეთებ, სამაგალითოა.

 

ფოტო: www.gbf.ge