ქუთაისი კლავს

და, გუნდი ამას თავისუფლად აკეთებს.

პირველი თამაშები ნახეთ?

თუნდაც, დუდუ დადიანის მემორიალზე, სადაც ორი გუნდი ვნახეთ. ის, რომელმაც ქულა-ქულაში გაქაჩა ჯგუფში და ის, რომელმაც მიამტვრია ფინალში რუსთავი.

რეგულარულშიც ჯეკილი და ჰაიდი იყო. პირველი, სწრაფი და დაუნდობელი ტესტი ვერასთან (88:53). ქუთაისმა თავიდანვე აკრიფა და შეუჩერებელი გახდა. და მეორე, სწრაფი, დიდი ჩამორჩენის შემდეგ დაბრუნებული ჩეხვა ოლიმპთან (105:100, დამატებით დროში). აქ ქუთაისს ჩავარდნების და გაქცევების ეტაპები ჰქონდა.

ქუთაისი გეთამაშება პოზიციურად, სწორი კალათბურთით. და, გიგებს.

ქუთაისი გეთამაშება სწრაფი, უსისტემო და მაინც შედეგიანი კალათბურთით. და, მაინც გიგებს.

იმიტომ, რომ ქუთაისს ყველაზე კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავს. მოდით, შემომთავაზეთ რა კალათბურთიც გსურთ და ჩვენ მოგიგებთ, არის ამ ეტაპზე ქუთაისის კალათბურთი. და, ამ კალათბურთს ძალიან გამოცდილი მთავარი მწვრთნელი ალაგებს.

და, ყველაზე საშიში სხვა გუნდებისთვის - ქუთაისი მხოლოდ მოუმატებს. ალბათ, სხვებიც იგივეს იტყვიან, ანუ, ჩვენც მოვუმატებთ და მერეო? მერე? ქუთაისი უკეთესი მოთამაშეებით მოიგებს. ძალიან მარტივია.

ორი დომინანტი მაღალი.

ილია ლონდარიძე უფრო დახვეწილი და მიმწოლია. ლიდერი.

აკაკი დვალიშვილი უფრო შემსრულებელი. და, ისინი ერთმანეთს შეავსებენ.

ცალკე თემაა ამ გუნდის ლეგიონერები. ეს ბიჭები კარაგდ იცნობენ ჩვენს ჩემპიონატს და ეს ბიჭები ამ ჩემპიონატში უკვე ასრულებდნენ. ეს ბიჭები კარგები იყვნენ.

და, ეს ბიჭები აუცილებლად მეტს გააკეთებენ.

შეიძლება, ერთი შეხედვით, გუნდს რამდენიმე პოზიციაზე სიღრმე აკლია, მაგრამ ეს მოგვარებადია. 7 კარგი მოთამაშით სეზონის დაწყება და დასრულება საქართველოში მარტივია. გადახედეთ ძველ, წინა ჩემპიონებს. გამონაკლისებიც ყოფილა.

ველოდებით იმ გუნდს, რომელიც ქუთაისს რეალურად მოუგებს. არა - თითქმის და კინაღამ. უბრალოდ, გავა და მოუგებს.

ველოდებით.

 

ფოტო: www.gbf.ge