ხოჭოლავამ და შახტარმა ინტერს ქულები დააკარგვინეს, ბაიერნმა მოსკოვში მოიგო

ჩემპიონთა ლიგაში მეორე ტურის პირველი სათამაშო დღის ადრეული მატჩები გაიმართა. დონეცკის შახტარმა, რომლის ღირსებასაც დავით ხოჭოლავა იცავს, ინტერს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ჩვენი თანამემამულე ძირითად შემადგენლობაში იყო. რეალთან მატჩისგან განსხვავებით, სადაც იგი შესანიშნავად გამოიყურებოდა, ხოჭოლავას რამდენიმე შეცდომა ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი. 27 წლის მცველმა მცირე ტრავმა მიიღო და მოედანი 62-ე წუთზე დატოვა. 

 

რაც შეეხება მატჩს, როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში სტუმრები ფლობდნენ და სახიფათო მომენტებსაც მეტად ისინი ქმნიდნენ. განსაკუთრებით აქტიური იყო რომელუ ლუკაკუ, რომელსაც ხოჭოლავა პერსონალურად მეურვეობდა. საბოლოოდ გოლი არ გასულა და მატჩი ფრედ დასრულდა.

 

შახტარი შემდეგ ტურში გლადბახის წინააღმდეგ ითამაშებს, ინტერი კი რეალს დაუპირისპირდება. 

 

მოქმედი ჩემპიონი ბაიერნი მოსკოვში ლოკომოტივს ესტუმრა და 2:1 მოიგო. ანგარიში ლეონ გორეცკამ გახსნა, მეორე ტაიმში მასპინძელთა სწრაფი შეტევა მირანჩუკის გოლით დასრულდა, გამარჯვების გოლი კი ჯოშუა კიმიხმა შესანიშნავი დარტყმით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ რუსებმა მშვენიერი მატჩი ჩაატარეს და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, თამაში ფრედ დასრულდებოდა. 

 

მესამე ტურში მოსკოველები ატლეტიკოს დაუხვდებიან, ფლიკის გუნდი კი ზალცბურგს შეხვდება.