ბარსამ პრეზიდენტი დაივიწყა, პენალტი - ვერა

ბარსელონამ პრეზიდენტს იმპიჩმენტი კი მოუწყო, მაგრამ წინა შაბათს, ელ კლასიკოში  დანიშნულ პენალტს ვერაფრით ეგუება.

კატალონიური პრესა საპენალტე ეპიზოდსა და მსაჯს დღემდე უტრიალებს. ახლა გაჩნდა ცნობა, თითქოს თანამსაჯმა მუნუერას პენალტის დანიშვნა არ ურჩია. მიზეზი: სერხიო რამოსისა და კლემენტ ლენგლეს ორთაბრძოლის დროს წესი პირველმა რამოსმა დაარღვიაო. ამ ვერსიით, ლენგლეს მხრიდან წესის დარღვევა კი არ არის საკამათო, უბრალოდ მანამდე რამოსმა დააშავა და პენალტის ნაცვლად, ბარსელონას სასარგებლოდ ჯარიმა უნდა დანიშნულიყო.

 

Barcelona - Real Madrid 2020 - El Clásico - Mundo Deportivo

 

„მე VAR-ის ვერაფერი გამიგია, ვიდეორეფერი ყველა გადაწყვეტილებას ბარსელონას წინააღმდეგ იღებს. ხუთ შეხვედრაში ჩვენს სასარგებლოდ ერთხელაც არ გადაუწყვეტიათ და ამის მაგალითების მოტანა შეიძლება: სევილიასთან მესის საპენალტე სიტუაცია, არ ამოღებული წითელი ბარათები ხეტაფესთან შეხვედრაში და პენალტი რეალთან მატჩში… საჯარიმო მოედანში ფეხბურთელები ყოველთვის ძიძგილაობენ”.

ბარსელონას მწვრთნელი რონალდ კუმანი განრისხებულია. ის ამტკიცებს, რომ ელ კლასიკოში დანიშნული პენალტი გამონაკლისი ეპიზოდი კი არ იყო, არამედ ბლაუგრანას წინააღმდეგ დაშვებულ მრავალ შეცდომათაგან ერთ-ერთია.

ცნობამ კი, თითქოს თანამსაჯმა მსაჯს უთხრა პენალტი არ დანიშნოო, ემოციათა ახალი ტალღა ააგორა. ამბობენ, რომ ბარსელონა აპირებს ოფიციალურად მოითხოვოს ელ კლასიკოში მსაჯებისა და VAR-ის ოთახის საუბრის ჩანაწერი. კლუბი დარწმუნებულია, რომ მათ წინააღმდეგ კამპანიას თამაშებზე მსაჯების გამანაწილებელი პირი ველასკო კარბალო ხელმძღვანელობს და ბარსას განზრახ უგზავნის იმ მსაჯებს, რომლებიც მის წინააღმდეგ იქნებიან. ისე, თუ გახსოვთ, ადრე ზუსტად ასე, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობაც ჩიოდა.

 

El Clasico LIVE: Real Madrid wins El Clasico, defeats Barcelona 3-1, Check  Highlights

 

შეგახსენებთ, რომ კამპ ნოუზე რეალმა ბარსას 3:1 მოუგო, ხოლო პენალტი, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, მსაჯმა ხუან მარტინეს მუნუერამ მაშინ დანიშნა, როდესაც ანგარიში იყო 1:1. მუნუერამ გადაწყვეტილება ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მიიღო.

ზაალ მუჯირი 28 ოქტომბერი 2020 -14:51