ლარი ბერდი შეასკდა ჯორდანს

1987/1988. სეზონი, როდესაც მაიკლ ჯორდანი პირველად დაასახელეს რეგულარულის საუკეთესო მოთამაშედ.

და, ჯორდანმა ეს დაიმსახურა - 35.0 ქულა, 5.9 პასი, 5.5 მოხსნა, 3.2 ჩაჭრა, 1.6 დაფარება. ჯორდანი იყო ყველაფერი და ჯორდანს ჰქონდა ყველაფერი. და, მაიკლის გარშემო უკვე იდგნენ მთქმელი, შემსრულებელი ბიჭები.

იმ სეზონში ლარი ბერდმა ვერ გაიყვანა ფინალში ბოსტონი. სელტიქსი 2:4 აგებს ცუდ, ბინძურ, სახიფათო დეტროიტთან.

და, იმ სეზონში ლარი ბევრ კომპონენტში ჯორდანზე დაუნდობელი, საოცარი, მაგიური იყო.

ლარის სტატისტიკა - 29.9 ქულა, 9.3 მოხსნა, 6.1 პასი, 1.6 ჩაჭრა. ლარიმ ბოსტონი ფავორიტებში დატოვა.

და, იმ სეზონში ჩიკაგომ და ბოსტონმა რეგულარულის რამდენიმე ეპიკური დრამა დატოვეს.

 

12 იანვარი. ჩიკაგოში. ბოსტონი იგებს 104:97. ჯორდანმა აკრიფა 42 ქულა, იყო მიმწოლი. და, ბერდმა ეს შედეგი 38 ქულით, 9 მოხსნით, 8 პასით, 2 ჩაჭრით და საოცრად აკურატული დაცვით დაფარა. პლიუს, ლარიმ მხოლოდ 1 შეცდომა დაუშვა. 44 (!) წუთში.

 

18 მარტი. ჩიკაგოში. ბულზი იგებს 113:103. და, მაიკლის პასუხი დაუნდობელი იყო. ლარის მშვიდ 19 ქულას, 10 მოხსნას და 6 პასი მაიკლმა 50 (!) ქულით უპასუხა. იქვე, 9 პასი, 5 მოხსნა, 5 ჩაჭრა. ჯორდანმა დალეწა ბოსტონი.

 

ბერდის პასუხი სტანდარტული, ორგანიზებული და ელეგანტური იყო.

20 მარტი. ბოსტონში. ბოსტონმა გაგლიჯა ბულზი 137:107. ორ დღეში ლარიმ ყური აუწია მაიკლს. ჯორდანმა დასვა 26 ქულა და 7 პასი, მაგრამ დაუშვა 5 შეცდომა და მიიღო 4 ფოლი. ბერდი? 33 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა, 3/3 სამიანი, 0 (!) შეცდომა. ლარი აფეთქდა. ლარი იყო ღმერთი.

 

21 აპრილი. რეგულარულის ბოლო დღე. ბოსტონმა მესამედ დააგდო ბულზი. 126:119. ჯორდანი - 39 ქულა, 8 პასი, 2 ჩაჭრა. ბერდი ოდნავ უკეთესია - 44 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 1 (!) შეცდომა 40 წუთში. და, რომელი უფრო წონადი, რომელი უფრო მთქმელი იყო?

 

ამ სეზონიდან, მე ათიდან ათში ლარი ბერდს ავიყვანდი. ჯორდანი დაფრინავდა, ჯორდანი კლავდა, მაგრამ ჯორდანს ჯერ არ ჰქონდა ის მაგია, რაც ბერდმა და მეჯიქ ჯონსონმა მოგვცეს.

ამ სეზონში თეთრმა მარტორქამ ვერ მოიგო ფინალი, მაგრამ ლარი ბერდი იყო ყველაფერი.

ჩვენ გვახსოვს.