ეს, მგონი, არასწორია

რეალის პრეზიდენტმა VAR-ს შეუტია 

სეზონის დაწყებიდან დღემდე ესპანურ ლა ლიგაში ვიდეო რეფერის შემოღების მართებულობაზე ლაპარაკობენ. მატჩიდან მატჩამდე დიდ-პატარა კლუბები VAR-ის სისტემით უკმაყოფილებას გამოხატავენ და ამბობენ, რომ მისი გამოყენების პროცესი  დღემდე არ არის სრულყოფილი, რის გამოც ლამის ყოველი მატჩისას იქმნება სკანდალური სიტუაცია. ამას წინათ კი საქმე იქამდეც მივიდა, რომ მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კინაღამ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის დირექტორთა საბჭო დატოვა. 

 

 

პერესის გაღიზიანება რეალის მატჩებისას VAR-ის უაზროდ გამოყებენებამ და რიგ შემთხვევებში, ფაქტების მიუხედავად, რეალის საწინააღმდეგო გადაწყეტილების მიღებამ გამოიწვია. კერძოდ, ფლორენტინო პერესის რეალი-სოსიედადის წინისწინა ტურის მატჩისას მათ კარში დანიშნული პენალტის ეპიზოდის VAR-ით გადამოწმებაზე მსაჯის უარმა, ხოლო წინა უქმეებზე ბეტისი-რეალის შეხვედრისას მომხდარმა გააბრაზა. 

 

ბეტისთან, მადრიდელები VAR-თან დაკავშირებული ორი ეპიზოდისას აღშფოთდნენ. პირველად მაშინ, როცა რეალის გოლის სამართლიანობა ვიდეოზე არბიტრებმა  იმის მიუხედავად გადაამოწმეს, რომ საეჭვო შეტევის არც ერთი ფაზისას არაფერი ყოფილა; ხოლო მეორედ მაშინ, როცა არბიტრმა ბეტისელი სერხიო კანალესის საგოლე შეტევა ვიდეოზე რამდენჯერმე ნახა, ვიდეო-ასისტენტთან კონსულტაციების შემდეგ კი გოლი მაინც ჩათვალა. არადა, მოგვიანებით, რეალის მცველმა დანი კარვახალმა სოციალური ქსელით ის კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს რომ პასის მომენტში კანალესი მასზე წინ არის...

 

 

სწორედ ამ მომენტზე ესპანურმა გამოცემა AS ანალიტიკოსებზე დაყრდნეობით ამტკიცებს, რომ კანალესი 10-15 სანტიმეტრიან ოფსაიდში იყო.

 

ფლორენტინო პერესი მოითხოვს, რომ შეიცვალოს VAR-ის პროექტის დირექტორი კლოს გომესი, ვინც მატჩებზე ვიდეო-ასისტენეტების დამნიშნავი კომისიის ხელმძღვანელიც გახლავთ. 

 

ვინ არის კლოს გომესი? ის მსაჯი, ვისი შეცდომების (ცხადია, რეალის საწინააღმდეგო) დასტითაც ჟოზე მოურინიუმ რეალში მუშაობის პერიოდში ერთერთ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა... ის მსაჯია, ვისი დანიშვნაც ბარსელონა-რეალის მატჩის მსაჯად ჟურნალისტებმა ასე შეაფასეს: მიუხედავად იმისა, რომ კლოს გომესს ჯერ არც თამაშგარე გაუტარებია და მოგონილი გოლი ჩაუთვლია, შეგიძლიათ ჩავთვალოთ, ბარსელონა უკვე 1:0 იგებსო...

 

 

ლა ლიგა კი პერესის პრეტენზიებს ციფრებით პასუხობს. ამბობენ, რომ სეზონის დაწყებიდან სწორედ VAR-ის დახმარებით დაროულად იქნა აღკვეთილი მსაჯთა 58 შეცდომა.

 

გარდა ამისა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტაბასმა ფლორენტინო პერესს სოსიედადთან მატჩის შემდეგ ლიგის მსაჯთა კომიტეტის უფროსთან,  ველასკო კარბალიოსთან ზარი შეახსენა და თქვა:

„მსაჯობით უკმაყოფილების გამოხატვა ნებისმიერ კლუბს შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მადრიდის რეალის პრეზიდენტი აკეთებს ამას ლა ლიგის ხელმძღვანელობასთან. ეს მგონი არასწორია.“