ქართული ლეგიონი - ძირითადში მხოლოდ ერთი

ევროპა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ქართველთა გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა. დღის მთავარი სენსაცია როტერდამში ვიხილეთ, სადაც ვოლფსბერგერმა ფეიენოორდი 4:1 დაამარცხა. ლუკა ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაშა და კვლავ დამაჯერებელი იყო, გურამ გიორბელიძე კი განაცხადს მიღმა დარჩა. როგორც ჩანს მარცხენა მცველს ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშებია. ვოლფსბერგერი 4 ქულით პირველ ადგილზეა. 

 

პოზნანის ლეხი, რომლის ახალწვეულიც ნიკა კაჭარავაა, რეინჯერსს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ჩვენებური თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო. პოლონელებს 0 ქულა აქვთ და მე-3 ადგილს იკავებენ. 

 

პაოკი ესპანეთში გრანადას ეწვია და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. კვლავაც უთამაშებელია ნიკა ნინუა, რომელმაც მთელი დრო სათადარიგოზე გაატარა. ბერძნები 2 ქულით მე-3 ადგილზე არიან. 

 

ისევ განაცხადს მიღმა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის გენტიც ჰოფენჰაიმთან შინ 1:4 დამარცხდა. გიორგი განაცხადში არ ყოფილა, გენტი კი უქულოდ ბოლო ადგილზეა.