მეჯიქი იყო მოცარტი

ლარი ბერდი იყო რიხარდ ვაგნერი. მასშტაბური, დაუნდობელი და ფეთქებადი. ლარის ვალკირიები სილამაზეში გიტაცებდნენ და იქ კლავდნენ.

მაიკლ ჯორდანი - იოჰან სებასტიან ბახი. ეს მუსიკა და ეს კალათბურთი სულს ასაკს არ აკარებდნენ და მაიკლი ატონალურად, არითმიულად, უხილავი ძალით გიღებდა ბოლოს.

მეჯიქი იყო ამადეუსი. მოცარტი. რომელიც პროფესიონალებში მოსვლამდე ყოველთვის ყველაზე მეტს მუშაობდა საკუთარ თავზე, რომ შემდეგ, ერთი პასით, ერთი ოვერტიურით დაესვა წერტილი მოლოდინისთვის.

და, მოცარტი პირველ წლებში ვაგნერის ჩრდილში იმყოფებოდა. მოცარტი ქმნიდა და ვაგნერს ტაშს უკრავდნენ.

ლარი ბერდი ზედიზედ სამჯერ გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე. მეჯიქი - ვერცერთხელ.

ლარი ბერდი იყო სიდიადე და ლამაზი მოლოდინი, რომელიც ყოველთვის ერთი აფეთქებით ამთავრებდა. ლარი ბისზე არ გამოდიოდა.

მეჯიქმა ყველაფერი ერთი სეზონით შეცვალა.

 

1986/1987.

ლეიკერსი გახდა ჩემპიონი და მეჯიქი იმ რეგულარულში 23.9 ქულას (კარიერის რეკორდი), 12.2 შედეგიან გადაცემას და 6.3 მოხსნას აგროვებდა. ბერდიც შეუდარებელი იყო (28.1 ქულა, 9.2 მოხსნა და კარიერაში საუკეთესო, 7.6 პასი), მაგრამ MVP მეჯიქი გახდა.

და, იმ რეგულარულში მოცარტმა ბევრი შედევრი შექმნა.

მეჯიქმა სეზონი მხოლოდ 11 სამმაგი დუბლით დაასრულა. მოკრძალებული შედეგი რასელ უესთბრუქის თეატრალური დომინაციის ფონზე.

ფლეი ოფში ჯონსონმა კიდევ სამი სამმაგი შექმნა. დიახ, მეჯიქი არ აგროვებდა ამ სტატისტიკას. ჯონსონი ქმნიდა და ეს სიმფონია იყო ჰაეროვანი. თუ ბერდის კალათბურთი გაწვებოდა და გამტვრევდა, მეჯიქი სმენას ეფერებოდა.

ფინალში, ჯონსონმა ლარის ბოსტონთან ერთხელ 20 (!) პასი შექმნა და სერია 19 ზუსტი გადაცემით დაასრულა. მოცარტი არ იღლებოდა და ლეიკერსი იგებდა.

 

ბერდი თუ მეჯიქი?

ჩემთვის უფრო ახლო ვაგნერი, ბერდია.

სხვისთვის - მეჯიქი და მოცარტის ოვერტიურები.

და, ისინი იყვნენ მეგობრები, რომლებმაც გადაარჩინეს ლიგა და მაიკლ ჯორდანს ტახტი მიუწიეს.

უდიდესები.