მანუ ჯინობილის დღე

2002 წლის 29 ოქტომბერი. ამერიკაში დაიწყო კიდევ ერთი რეგულარული. NBA გაიზმორა და ძუნძულით აუყვა აღმართს.

ლოს ანჯელესში, სტეიპლს სენტში ლეიკერსი სან ანტონიოს დახვდა.

მოქმედი ჩემპიონი და ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი. კობი ბრაიანტის, შაკის (ამ მატჩში მთა ტრავმირებული იყო) გუნდი და ტიმ დანკანის, მოხუცი დევიდ რობინსონის და ბევრი კარგი ვეტერანის სან ანტონიო.

სპერსის სასტარტო ხუთეულში იდგნენ მშვიდი ტიმი, ელეგანტური ადმირალი, სადისტი ბრიუს ბოუენი, სნაიპერი სტივ სმიტი და ფრანგი ტონი პარკერი. ევა ლონგორიას სათამაშოს ლიგაში მეორე სეზონი აქვს.

და, პირველი მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით და 15 წამით ადრე მოედანზე შევიდა ახალი, თეთრი ბიჭი. გრეგ პოპოვიჩმა დაუძახა ჯადოქარს, რომელსაც ამერიკაში ბევრი არ იცნობდა.

ემანუელ ჯინობილის.

უბრალოდ, მანუს.

და, პირველი მეოთხედის ბოლო წუთზე მანუმ გლიჯა სამიანი - 22:13, სან ანტონიო იგებს.

ეს იყო საოცარი მოთამაშის პირველი ზუსტი სროლა ამერიკულ ლიგაში. პირველივე სროლიდან!!!

ლეიკერსთან. კობის გუნდთან.

იმ მატჩში არგენტინელმა არასრულ 20 წუთში 7 ქულა, 4 ჩაჭრა, 3 პასი, 2 მოხსნა და 1 დაფარება გლიჯა. დებიუტი გემრიელი, არგენტინული გამოვიდა. პოპოვიჩი კმაყოფილი იყო. ერთადერთი უკმაყოფილო იყო ბოუენი, რომელსაც მანუს ფარული პასის შემდეგ ბურთი თავში მოხვდა. ბოუენი და მთელი სპერსი დააფასებენ არგენტინელს. მანუ პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდა.

იმ სეზონში ჯინობილი მორიდებული ვარსკვლავი იყო. იმ სეზონში მანუმ 48 მატჩში 9 ქულაზე მეტი ვერ აკრიფა. და, გრეგი ხედავდა. ნიჭს, ლტოლვას, აგრესიას და განსაკუთრებულობას.

ის, რაც ბევრს აკლდა.

ის, რაც იყო მანუ.

არგენტინელმა შექმნა მთელი სამყარო.