ჰარდენი და ემბიდი წამოიღებს

მოკლედ, ასეთი თემაა.

ფილადელფიამ ახალ პრეზიდენტად დერილ მოური დანიშნა. ეს უკვე ძველი ამბავია.

დერილ მოური ჰიუსტონის ძველი პრეზიდენტია.

ჰიუსტონში მისი გავლენით (და, სურვილით) მიიყვანეს რასელ უესთბრუქი და გუნდი თითქმის გუნდი გახდა. ლეიკერსმა როკეტსი 4:1 მიანგრია.

და, ფილადელფიას ახალმა და ჰიუსტონის ძველმა პრეზიდენტმა ფილადელფიაში ჰიუსტონის ლიდერი უნდა წაიყვანოს.

ჯეიმს ჰარდენი, პატივცემულო მეგობრებო.

და, ფილადელფია ჩემპიონობის კანდიდატი გახდება.

და, ჰარდენის გაცვლა თითქმის არარეალურია.

ჯეიმსი 2023 წლის სეზონის ბოლომდე ჰიუსტონს ეკუთვნის. სეზონურად 47 მილიონი დოლარი. დიდი კუშია. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ყველა დროის TOP 5 შემტევზე, რომელიც დაცვაშიც ასატანად კარგია. ჩვენ ვსაუბრობთ ლებრონის შემდეგ ყველაზე დიდი გავლენის მქონე ვარსკვლავზე.

ვინ შეიძლება მისცეს ფილადელფიამ ჰიუსტონს ჰარდენში?

გაცვლაში უეჭველი უნდა ჩასვან ბენ სიმონსი (2024 წლამდე, 32.5 მილიონი) და, დიდი ალბათობით, ჯოშ რიჩარდსონიც.

და, არის მეორე ვარიანტიც.

ჰარდენთან ერთად ჰიუსტონი გაუშვებს ერიკ გორდონს და ფილადელფია ტექსასში დააექსპორტებს სიმონსს და გამოცდილ მაღალს, მისტერ ალ ჰორფორდს.

ორივე ვარიანტი საინტერესოა და ორივე ვარიანტი რთული მოსაგვარებელი იქნება. პირველ რიგში, ჰარდენის ფაქტორის გამო. ჯეიმსი ჰიუსტონში მეფეა. ჯეიმსი ჰიუსტონში ყველაფერია.

ფილადელფიაში მან ეს გზა ჯოელ ემბიდთან ერთად უნდა გაიაროს. დაახლოებით იგივე თემაა, რაც მაიამიში ლებრონის გადასვლის დროს შეიქმნა. იყო ლიდერი (დუეინ უეიდი), რომელმაც ეს ლიდერობა მეორე სეზონიდან მეფეს დაუთმო.

ვგულშემატკივრობთ კიდევ ერთ არანორმალურ გაცვლას.

მომავალი ხომ გიჟებს ეკუთვნის.

გიჟებს, და ჰარდენს.