ვან ბასტენი: 14 წლისას მითხრეს, რომ ინვალიდობა მემუქრებოდა

„კარიერის პიკზე ვიყავი, ყველაფერი კარგად მიდიოდა და ისე მოხდა, რომ 1993 წლის მაისში ბოლოჯერ ვითამაშე“ - ეს გენიალური მარკო ვან ბასტენის სიტყვებია. ნიდერლანდელი 31 ოქტომბერს 56 წლის გახდა და გაიხსენა ძველი ამბები.

 

როგორც იცით, ვან ბასტენი ბრწყინავდა აიაქსსა და მილანში, სამჯერ მოიგო ოქროს ბურთი, გახდა ევროპის ჩემპიონი და კარიერა 28 წლის ასაკში დაასრულა. ტრავმები...

 

„სულ ტკივილები და პრობლემები. ტრავმები რომ გამოაკლო, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კარიერა მხოლოდ 5-წლიანი იყო. ინვალიდი გავხდი, ტკივილის გარეშე ვერაფერს ვაკეთებდი. ექიმები უკვე ვეღარ მშველოდნენ.


 

...მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ ექიმებთან ვიარე. ყველაფერი ვცადე, მაგრამ კარგისკენ არაფერი იცვლებოდა. 1996 წელს ჩემს თავს ვუთხარი, კარიერა უნდა განვაახლო-მეთქი. ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. მხოლოდ 32 წლის ვიყავი, მაგრამ მაინც არასწორი გადაწყვეტილება იყო. უბრალოდ, ტკივილი უნდა მომეშორებინა.

 

...ისე კი, 14 წლის ასაკიდან მესმოდა ექიმებისგან, რომ შესაძლოა, ინვალიდად დავრჩენილიყავი“.

 

უდიდესი უსამართლობა და უიღბლობაა, რომ ასეთი ფეხბურთელი 28 წლის ასაკში თამაშს ამთავრებს.