ორი ლივერპული

 

 

 

 

 

 

 

ვინც ჩაუკვირდება უკვე გახურებული უმაყურებლოდ და შეძლებისდაგვარად სანახაობრივ პრემიერლიგის ცხრილს, შეამჩნევს, რომ ამ კვირას იქ უკვე ვიწრო სქაუსერ-პირველ-მეორეობაა: ლივერპული - ევერტონი.

კარგა ხანია, ცხრილის პირველი ორი ხაზი ასეთი არ ყოფილა. აბა, როდინდელი, ჰოვარდ კენდალის მიერ გაწვრთნილი ევერტონის დროება უნდა გავიხსენოთ, როცა გუდისონ პარკის გუნდმა თასების თასი მოიგო და მომდევნო წელიწადს, ჩემპიონთა თასისთვის უპირველესი მებრძოლიც იქნებოდა, მაგრამ, იმის გამო, რომ თანაქალაქელი ლივერპულის ფანობის მიზეზით ბრიუსელის ეიზელზე უბედურება მოხდა, ინგლიური ფეხბურთი ხუთი წლით მოკვეთეს ევროპული თამაშებიდან და ის უკიდურესად მაგარი ევერტონიც, რომელმაც თასების თასის ნახევარფინალში სირბილით დააგდო მაშინდელი მორბენალი ბაიერნი, ისტორიის ფურცლებში ჩაიკარგა და მსოფლიოსთვის თვალსასეირო იმდენი არ დატოვა,  რამდენიც შეეძლო.

 

მაშინ ევერტონმა ცხრა ქულით გადაუსწრო დიად ლივერპულს და ინგლისის ჩემპიონი გახდა.

საერთოდ, ლივერპულში ასეა, რომ ლივერპულელები ევერტონელებს დასცინიან. მედიაში, თორემ პირისპირ ძნელი გასაბედია. თანაც, ტერიტორიას გააჩნია. ამ ოხუნჯობათა მამათავარი ლივერპულის ლეგენდარული მწვრთნელი, ბილ შენკლია, სქოთი კაცი, რომელმაც ის ამბავი შექმნა, რასაც ჩვენს დღევანდელ წარმოსახვაში ლივერპული წარმოადგენს.

„ლივერპულში ორი ძლიერი გუნდია: ლივერპული და ლივერპულის დუბლები,“- ასე დასცინოდა შენკლი ევერტონს. ანდა: „ლივერპული Magic, ევერტონი Tragic,“-ანუ, ჩვენი შემხედვარე, თქვე უბედურებოო.

მოკლედ, ორთაშორისი ისტორია ძნელია და დახლართული.

ევერტონს ოცდაორი წელიწადია არაფერი მოუგია და  არასდროს მოუგია პრემიერლიგა, მაგრამ ინგლისის ცხრაგზის  ჩემპიონია და დასაცინიც არაფერი აქვს. 

ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, რასაც ახლა ნახსენები პრემიერლიგა ჰქვია, ევერტონს ას ოცდაერთიდან, ას ჩვიდმეტი წელიწადი გაუტარებია, რაც ხუმრობა არაა. ევერტონი მესამეა 1888 წლიდან მოკიდებული, მოპოვებული ქულების რაოდენობთ. ბოლო ათწლეულია,  ლივერპული წინაა, მაგრამ ეს მხოლოდ ბრძოლის საბაბს ამძაფრებს.

 

Merseyside derby to take place at Goodison Park - Liverpool could claim  Premier League title | Transfermarkt

 

რამდენად ხანგძლივია წლევნადელი ბრძოლის ამბავი,  უმაყურებლობით უცნაური  პრემიერლიგა გვიჩვენებს, მაგრამ ეს კი ნამდვილია, რომ რახან ევერტონში კარლო ანჩელოტია,  გუნდი უკვე სხვაა. ეძახე შენ, რა და როგორ და ამ კვირამდე ხომ ევერტონი პირველზე იდგა.

პრემირლიგის ცხრილში კი ვხედავთ სხვასაც: იქ დაბლაა მანჩესტერები და ჩელსიც ახლაღა მიუცოცდა ოთხეულს.  ევერტონთან ერთად ვხედავთ საუთჰემპტონს, რომელმაც ასტრონომიული მარცხის მიუხედავად, უკეთესი და უკეთესი ითამაშა ბოლო კვირეებში. ვხედავთ ასტონ ვილას, რომელიც გრილიშის დიდი ფეხბურთელობის წყალობით, ამ კაცის პირველ დათრობამდე, თავის მაღლა დაჭერას ეცდება და ვხედავთ წლეულსაც მშვენივრად მოთამაშე ლესტერს, რომელმაც, საბოლოოდ დაისაძირკვლა ის, რომ ყოველთვის მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს.

ინგლისური ფეხბურთის ჰიპერკომერციულობის პირობებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, მეტი და მეტი კლუბის ბიუჯეტი ერთმანეთის სიალხოვეს იტირიალებს. მოკლედ, ენბიეი და ენეიჩელი იქნება, ხოლო სანამ იქნება, ის კლუბები, რომლებსაც ხვალიდნელი გადიადების პერსპექტივა აქვთ, აღარასდროს დაიხევენ უკან.

მოსაწყენი ლაპრაკია. მაგრამ, ცხრილი თავისას ამბობს და ეს სიმპათიური ცხრილია. ეგებ ორი კვირის წინათ უფრო სიმპათიური იყო, მაგრამ ახლაც არაუშავს.

ოლე გუნარ სულშერმა თქვა, ჩვენს გუნდს უმაყურებლობა ძალიან თრგუნავსო. რომელს არ თრგუნავს? ინგლისია. იხილეთ ნიკ ჰორნბის ნაწერები.  დიდი რომანისტია ინგლისში, დიდებულად წერს ბიჭობისასას არსენალის ქომაგობაზე. ლესტერსაც ახსენებს.

ლესტერი რომ ჩემპიონი ხდებოდა, იქ, საშინაო თამაშებში მაყურებელი მეთორმეტე კი არა, რატომ მეოცე მოთმაშე არ იყო.

 

Liverpool FC v Everton FC: The first Merseyside derby was not when you  think - Liverpool Echo

 

გვარდიოლაც გამოცდების წინაშე დგას.

ინგლისში სწორედ გუშინ განახლდა კოვიდის ლოქდაუნი. თუმცა, ფეხბურთისთვის ის არასდროს გახსნილა.

პრემიერლიგის შუაში კი დგას ლიდსი. ეს ერთი რამ გუნდია.

თუკი პრემიერლიგას მაინც ვადევნებთ თვალს ნაირგვარ კომპიუტერებში ამ საღამოს ლიდსი ლესტერს ეთამაშება და დღევანდელი მოსაწონი სურათიდან გამომდინარე, ეს თამაში რაღაცით დიდ თამაშად წარმოდგება. იმ ამბავში, რომ ლესტერის თავკაცი ბრენედან როჯერსია,  ხოლო ლიდსისა თვით მარსელო ბილესა.

ასეა, ხო, უმაყურებლო ფეხბურთმა მწვრთნელებზე დაგვაფიქრა.

ბილესა ის კაცია, რომლის გამო ლაპარაკიც ფეხბურთის მოყვარულს ძნელად რომ მოსწყინდეს: დღევნადელ ყველაზე ტვინგახსნილ და სახელოვან მწვრთნელთა უმრავლესობა სწორედ მას თვლის დიდ მოძღვრად და მასწავლებლად.

 

Report: Leeds United's Marcelo Bielsa's new deal set to make him the sixth  highest-paid boss in the Premier League - OneFootball

 

თუმცა კი ბიელსას ევროპელთათვის ფასეული ჯილდო არასდროს მოუგია და მგონი ეს აწიც გაუჭირდება, რადგან მას თითქმის არასდროს ჰყოლია გუნდში მსოფლიო ვარსკვლავები და ეროვნული ვარსკვლავებიც კი იშვიათად შეხვედრია ხელქვეით, მაგრამ ამ კაცის სამწვრთნელო გონება, ხედვა და გამოცდილება ახლა თვით იორკშირსა და ლანკაშირშიც  კი აღიარეს. ვიხუმროთ ბოლომდე და ასეთი საოცრებაა: მთელს ლათინურ მსოფლიოში ადიდებდნენ ამ ბიელსას, ბრიტანეთის კუნძულებზე კი, მაშინ დაიწყეს მასზე ლაპარაკი, როცა იორკშირის ყველაზე განთმქულ გუნდში მოუწია მენეჯერობა. კი წერდნენ, მაგრამ ბოლომდე მანამდე არ თქვეს, რომ მაგარია, სანამ ის ოდესღაც საყვარელი ლიდსი პრმეირლიგაში  არ ამოიყვანა და აქაც რამეებს აკეთებს.

ითვლება, რომ ლიდსმა კი წააგო ამ სეზონში ლივერპულთან მრავალგოლიან თამაშში, მაგრამ ტაქტიკურად, ბიელსამ კლოპი გააბაიბურა. ანუ, პირად დუელში აჯობა ამ მატჩშიო.  შემსრულებლები კი ბიელსას გუნდებს ყოველთვის აკლდა.

ბრენდან როჯერსი კი ლათინური სამყაროსთვის არცთუ სამახსოვრო ჩრდილორლანდიელი კაცია. ეს წარმომავლობა უყველაფროდ ნიშნავს ხასიათს, ხოლო როჯერსი, თუ დიდად არ ახსოვთ ლათინებს, ეს მათი მეხსიერების ბრალია: ამ კაცს წლები გაუტარებია ესპანეთში, იქაური ტაქტიკის და რამე-რუმეების დასაზეპირებლად და ასე შეხვედრია, ჟოზე მაურინიუს, რომელმაც ჩელსის აკადემიის უფროსად გადმოიყვანა რიდინგიდან. როჯერსის შესახებ ათასი რამის მოყოლა შეიძლება, რაც მხოლოდ იმას მიგვანიშნებს, რომ დღეს მწვრთნელები ფიქრის ხილული გმირები ხდებიან.

როჯერსი ცნობილია იმით, რომ ლივერპული მაგრად ათამაშა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახადა. ახლა ლესტერშია, სადაც სელტიკიდან გამოიქცა, რაც როგორც ირლანდიელს, სამრცხვინო რამედ შეუფასეს. ჰოდა, ტყუილად გამოქცა? უღირდა.

 

Nearly man Brendan Rodgers can be a Liverpool legend at last | Daily Mail  Online

 

რახან უმაყურებლო  ფეხბურთის გამო მსოფლიოში მეტად და მეტად ახსენებენ მწვრთნელებს. ამათი და ანჩელოტის ამბავიც იმიტომ მოგახსენეთ. ფეხბურთის ვნებით შეპყრობილი ეს კაცი, რომელიც ნამდვილად ყველას მოწაფე იყო, ვინც კი მამად ერგებოდა ფეხბურთში, ახლა ევერტონშია და ისეთი ვინმე არ არის, სეზონი რომ ჩაუვარდება.

ამიტომ, ახლა ზღვისპირა ქალაქ ლივერპულში ის ცნობილი პატარა უბნები ახალი ძალით შეებრძოლებიან ერთმანეთს, რაც ფეხბურთის მომაკვდავი სუბკულტურების სიცოცხლის ეგებ ერთ-ერთი შთამბეჭდავი გაგრძლებაც იყოს.

როგორც მანჩესტერშია სიტი შიდა ქალაქის გუნდი, ისევეა  ლივერპულში ევერტონიც. ასეა, რომ ლივეპრული მსოფლიოს ბრიტანულ ტერიტორიებზე ყველაზე მხარდაჭერილი კლუბია, მაგრამ ქალაქ ლივერპულის ქალაქელობაში მას ევერტონი აჯობებს. მოკლედ, ეს ძველი ამბები კვლავაც ცოცხალია.